"მაჟორიტარებს ჯოჯოხეთად ვუქცევთ სიცოცხლეს"
"სამოქალაქო მოძრაობა" ფეოდალ მაჟორიტარების წინააღმდეგ რეგიონებში სიარულს აგრძელებს. საქართველოს ყველა კუთხეში ვამხელთ ფეოდალ მაჟორიტარებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან დასკუპებული და სიღატაკეში ამყოფებენ ხალხს. ჯოჯოხეთად ვუქცევთ სიცოცხლეს, სანამ ქვეყნის პოლიტიკური პერსპექტივა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არ დაბრუნდება"
"ივანიშვილს ხალხის კიდევ ერთხელ გადაგდების საშუალებას არავინ მისცემს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რაც უნდა ძალით მოიყვანონ ხალხი და კონტრაქციები მოგვიწყონ. ბრძოლა გრძელდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
- აშშ-ის საელჩოს განცხადება არა მარტო "ქართული ოცნების", არამედ ყველას შეურაცხყოფაა, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ოპოზიციისაც.
"ოცნება" 8 წლის წინ გვეუბნებოდა, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო და თურმე სასამართლოში ჩინჩალაძის და მათი ყურმოჭრილი მონების დანიშვნა ყოფილა სამართლიანობა. ეს საზოგადოების აბუჩად აგდებაა, მაგრამ ძალიან კარგი, რაც მეტ სამარცხვინო ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო დააჩქარებენ ხელისუფლებიდან წასვლას.
- როგორ აპირებთ "ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვებას? - ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის გრძელდება. მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ პარალელურად "სამოქალაქო მოძრაობა" ფეოდალ მაჟორიტარების წინააღმდეგ რეგიონებში სიარულს აგრძელებს. საქართველოს ყველა კუთხეში ვამხელთ ფეოდალ მაჟორიტარებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან დასკუპებული და სიღატაკეში ამყოფებენ ხალხს. ჯოჯოხეთად ვუქცევთ სიცოცხლეს, სანამ ქვეყნის პოლიტიკური პერსპექტივა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არ დაბრუნდება.
- რას ფიქრობთ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე, მიუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას? - მრავალმანდატიანი იქნება თუ გერმანული მოდელი, ხელისუფლებას რომ დათმობაზე წასვლა მოუწევს, დარწმუნებული ვარ. ამ პროცესში მთელი მსოფლიოა ჩართული. ივანიშვილს ხალხის კიდევ ერთხელ გადაგდების საშუალებას არავინ მისცემს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რაც უნდა კონტრაქციები მოგვიწყონ. ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გამოვგლეჯთ ისეთ სისტემას, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში არც ერთი პარტიის მოყვანას არ დაუშვებს. ამიტომ გვინდა პროპორციული თუ გერმანული მოდელი, რომ ამოისუნთქოს ქვეყანამ და დაიწყოს განვითარება.
- მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა რით იქნება განსხვავებული არსებული მოდელისგან? - გაცილებით უფრო დემოკრატიულია, ვიდრე დღეს არსებული შერეული სისტემა. თუმცა ვნახოთ, რა ვერსიას დათანხმდება "ოცნება".
- მრავალმანდატიან სისტემაში არის გარანტია, რომ ყოველ მეორე ან მესამე ოლქს ოპოზიცია წაიღებს? - ეს მოდელი გაცილებით სამართლიანია და ოპოზიციას მეტ შესაძლებლობას მისცემს. ის მრავალპარტიული პარლამენტის ერთ-ერთი გარანტიაა. რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციული გაცილებით კარგია, მაგრამ ყვავს კაკალი გააგდებინეო, ახლა ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს.
პირადად მე არანაირი სისტემით არჩევნებში მონაწილეობა არ მაშინებს. "ოცნებას" ნებისმიერ სისტემაში დავამარცხებ. "ქართული ოცნების" საქმე რომ წასულია, ნათელია, აგერ ყოველდღე თითო-თითო დეპუტატი აკლდება. ჩამონგრეული და ჩამოშლილია - ის სუნი ასდის, რაც საკომიტეტო მოსმენაზე მოსამართლეების დამტკიცების დროს იდგა და ეს "ქიმიურ შეტევას" დააბრალეს. ვისაც გონება კიდევ შემორჩენილი აქვს, ჯობია "ოცნებას" დროზე გაემიჯნოს, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება სურს. "ოცნების" მატარებელმა ჩაიარა, ხალხის დიდი იმედი და მოლოდინი გაატანა წყალს.
- მრავალმანდატიან სისტემაზე თუ შეთანხმდით, ალბათ, "ოცნება" ამის სათავისოდ გამოყენებასაც შეეცდება.
- რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ოცნება" ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში წააგებს. ახლა ლაპარაკია, რომელი მოდელი იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. "სამოქალაქო მოძრაობას" ერთადერთი მიზანი ექნება - პარლამენტი დაიხუროს და ახალი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ჩვენ ის გვინდა, რაც ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს. სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს და არა ის, რომელი პარტიისთვის რა არის კარგი.
"ოცნება" ყველაფრის გამოყენებას შეეცდება ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად, მაგრამ შეუძლებელია ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება, შეცდომები არავის ეპატიება, ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევთ.