მისტიკური უთხოვრები სვანეთიდან...
ბუნების ძეგლი ბევრჯერ ბევრად მეტს მოგვითხრობს, ვიდრე ადამიანები, მით უფრო, თუ უძველესია. ჩვენ, ქართველებს, ჩვენივე ქვეყანასავით უძველესი ბუნებრივი ძეგლები გვაქვს. სწორედ ასეთია საუკუნოვანი უნიკალური ქართული უთხოვრის ხეები, მათ შორის, ბაწარას ხეობის ე.წ. ანგელოზის ტყეც, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. სულ ახლახან ამ სიმდიდრეს კიდევ ერთი "ლეგენდა" - სვანეთის 14-16-საუკუნოვანი უთხოვრის ხეები დაემატა, რომლებიც სრულიად შემთხვევით მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სენის" თვალთახედვაში.
"სენის" კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი: - ჩვენი ორგანიზაცია სვანეთში მდინარეების კალაპოტების მდგრადობას იკვლევდა. ალბათ, ბევრს ახსოვს ჭუბერის ხეობის წყალდიდობა, რამაც დიდი ზარალი მოიტანა და ამ ხეობის მდინარეების მდგრადობის შესწავლა აუცილებელი გახდა. ჰოდა, ერთ-ერთ სამუშაო დღეს მივადექით სოფელ მარღს, სადაც ეს გოლიათები იდგნენ.
- ამ ხეებზე სიტყვა "შევნიშნე" ნამდვილად არ ითქმის. წარმომიდგენია, მარღის უთხოვრები საუკუნეების განმავლობაში აქაურების რამდენ თაობას გადმოჰყურებდა თავზე.
- იმ ეპოქის წარმოდგენა, როდესაც ეს ხეები გაჩნდა, ნამდვილად სხვა განცდასთან არის დაკავშირებული. იმიტომაც გადავწყვიტეთ მათი ასაკის შესწავლა, რისთვისაც სოფელში სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი გავგზავნეთ. აქ უძველესი უთხოვრები 3 ჰექტარზე გვხვდება. მათგან 9 ხე შეირჩა, საბოლოოდ კი კვლევა 3 ხეზე ჩატარდა. აქ უფრო ძველი უთხოვარიც არის, მაგრამ დაფუღუროებულია და კვლევის სიზუსტეს ვერ დავიცავდით, ამიტომაც შედარებით "ახალგაზრდა" ხეები გამოვიკვლიეთ. ასე რომ, გამოკვლეულთაგან ყველაზე "ხნიერი" 1335 წლისაა, საშუალო - 1005 წლის, "უმცროსი" კი 887-ის. ამათზე უფრო ძველი ის 22-მეტრიანი უთხოვარია, რომელიც ფუღუროს გამო ვერ გამოვიკვლიეთ, მისი ასაკი 1650 წლამდე უნდა იყოს. ესე იგი, სავარაუდოდ, 17 საუკუნისაა. - სასწაული! თანაც, როგორც ჩანს, ტყე საუკუნიდან საუკუნემდე ახლდებოდა და არავინ ჭრიდა, ჩვენი ეპოქისგან განსხვავებით. ამიტომაც ითვლება უთხოვარი მისტიკურ ხედ. ლეგენდა ამბობს, უთხოვრის ჭრა თავად თამარმა აკრძალაო. თუმცა მერე გავანადგურეთ, რუსეთის იმპერატორმაც კი ქართული უთხოვარი წაიღო სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟის იატაკის დასაგებად. ბოლო ათეულ წლებში ქართული უთხოვარი წითელ წიგნშიც შევიდა. - სწორედ ამიტომაც შევისწავლეთ ჭუბერის ხეების ასაკი. ეს არის ერთ-ერთი გარანტია, რომ მათ აღარავინ მოჭრის და კიდევ ტურიზმი - როდესაც ბუნებრივი ძეგლი ტურისტული ძეგლია, მისი დაცვა გარანტირებულია.