ძალის დემონსტრირება თუ 2012 წლის ნოსტალგია?!
"ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების მიმართ ვალდებულებები გაუჩნდა. მათ უკვე აქვთ კომპრომატები ხელისუფლებაზე და თუ გუდას პირი მოხსნეს, ვინ იცის, რას ილაპარაკებენ..."
"როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე აპირებენ ისეთ რამეს, რის მერეც, ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები გახდება საჭირო და ახლა ცდილობენ, ამ რიგგარეშე არჩევნებზეც ისევ მაჟორიტარების ხარჯზე როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება"
ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ჯერი მმართველ პარტიაზე მიდგა - 14 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა "ქართული ოცნების" აქცია, რომელიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს მორიგე თავმჯდომარის სტატუსის მიღებას მიეძღვნა. ღონისძიება ხალხმრავალი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველმა ძალამ გვარიანი თანხა და ძალისხმევა დახარჯა მასზე საკუთარი პარტიული აქტივისა თუ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისთვის. მანამდე კი ხელისუფლება ერთი უცნაური ინიციატივით გამოვიდა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აქვთ გეგმა, რომლის მიხედვით ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები უარს იტყვიან საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლის მოთხოვნაზე, თუკი საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად ისინი მიიღებენ გარკვეულ გარანტიებს. ეს გარანტიები კი არის ის, რომ უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის არჩევნებამდე და ქვეყნის ძირითად კანონში ჩაიწეროს, რომ 2020-დან 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება და არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. "თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა მდინარაძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:
- აქამდე ამ ყველაფერს პროვინციულ სპექტაკლს ვეძახდი, მაგრამ როგორც ვატყობ, მან უკვე ბრაზილიური სერიალის ნიუანსები შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშვენივრად ხვდება - ეს "მაჟორიტარების ამბოხი ხელოვნურად შექმნილი ე.წ. შიდაპარტიული კრიზისი იყო, ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ ამ სცენარით მოქმედებას. ახლა მხოლოდ თავს იტყუებენ, თორემ სხვა აღარავინ ტყუვდება არც ქვეყნის შიგნით და არც - გარეთ. ეს გამოჩნდა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალიან მწვავე განცხადებებში. "ქართული ოცნება" აფექტის მდგომარეობაშია. თავის სამყაროში შეიკეტნენ, შექმნეს საკუთარი რეალობა, გარე სამყაროსთან კონტაქტი კი, ფაქტობრივად, სრულად დაკარგეს.
ჩვენც იძულებული ვართ, მათ პრიზმაში შევხედოთ მოვლენებს. ისმის კითხვა - რა ლოგიკას ეფუძნება მათი ეს ინიციატივა? ჩემი აზრით, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, დაემტკიცებინათ, რომ ეს "მაჟორიტარების ბუნტი" იყო რეალური; გარდა ამისა, მათი მოტივია ისიც, რომ სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ ე.წ. ადაპტირებული გერმანული მოდელის იდეით; ხვდებიან, რომ მის არაკონსტიტუციურობაზე ლაპარაკი არადამაჯერებელია, ამიტომ ცდილობენ, შექმნან ალტერნატიული, საპირისპირო დღის წესრიგი და ამით გადაფარონ საერთო კონსენსუსის ძიების საკითხები. აი, ასე ინფანტილურად იქცევიან. ამ ტაქტიკურ მანევრს რომ თავი დავანებოთ, არსებობს მთავარი კითხვა: რა შიშის საფუძველზე გამოვიდნენ ამ ცვლილებების ინიციატივით და რატომ ელიან, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი კრიზისი, რომ აუცილებელი გახდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება?!
საქმე ის არის, რომ ამგვარი კრიზისი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას... როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე აპირებენ ისეთ რამეს, რის მერეც, ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები გახდება საჭირო და ახლა ცდილობენ, ამ რიგგარეშე არჩევნებზეც ისევ მაჟორიტარების ხარჯზე როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი. დღეს ისინი ცდილობენ, საკუთარი აფექტის, შიშის სამყაროში აცხოვრონ მთელი ქვეყანა; ჩაიკეტნენ მყიფე წრეში და ვინც ამ წრის გარეთ არის, "ნაციონალად" აცხადებენ. მთელი სამყარო - ქვეყნის შიგნით და გარეთ - რომელსაც არ ჰქვია "ქართული ოცნება", მათთვის იქცა "ნაციონალურ მოძრაობად". მათი გადმოსახედიდან მთელი სამყარო არის მტერი, ბოროტი ძალა და ეს პატარა "ქართული ოცნება" ამ ბოროტებას ებრძვის. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ეს ხდება აფექტის მდგომარეობაში, რაც კარგად გამოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტში.
ნამდვილად მიუღებელია პროტესტის ისე გამოხატვა, როგორც ვიღაცამ გადაწყვიტა და იმედია, გაირკვევა, ეს ვინ ჩაიდინა.
ძალიან მძაფრი და უსიამოვნო სუნის სითხის მიზანმიმართულად დაღვრა იყო მდაბიო საქციელი. როგორც გაირკვა, ეს ჯანმრთელობისთვის უვნებელი ნივთიერებაა, თუმცა ვნახეთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები ცუდად გახდნენ.
როცა რაღაცის ძალიან გეშინია, ნებისმიერ გაფაჩუნებაზე ცუდად ხდები. ამის მერე ან რა განცხადებები გაკეთდა, ან რა მუხლით აღძრეს საქმე!..
მოკლედ, შეიძლება ეს ყველაფერი შევაფასოთ ასე - ჩვენ ვიხილეთ აფექტის ეფექტი. ეს ტრაგიკული არ იქნებოდა, ეს პარტია ხელისუფლებაში რომ არ იყოს...
"ქართული ოცნების" რთულ მდგომარეობას კარგად ხედავენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. უკვე ვახსენე მათი მკაცრი შეფასებები; მათ შორის ვნახეთ ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მწვავე განცხადებაც. პარადოქსია, რომ ამ განცხადების ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარდამჭერთა მაქსიმალური მობილიზებით ეზეიმა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა.
- საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ ღონისძიებამ, რომელიც საკმაოდ მასშტაბური გამოდგა...
- ეს იყო კარგად ორგანიზებული აქცია. რეგიონებიდან ბევრი ხალხის ჩამოყვანა შეძლეს. ეს "ქართულ ოცნებას" არც გაუჭირდებოდა - მათ ხომ, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აქვთ!
ამგვარ აქციაზე ადამიანის წასაყვანად არ არის საჭირო მუქარა, რადგან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა იცის, რომ თუ არ წავა, შეიძლება პრობლემები შეექმნას. ეს არ ყოფილა სახალხო შეკრება. თვითონ კი ცდილობენ, ეს აქცია ძალის დემონსტრაციად წარმოაჩინონ, მაგრამ ასეც ნუ დაიიმედებენ თავს! თვითონ ყველაზე კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ეს ხალხი თავისუფლების მოედანზე. ეს იმ მუხტის აქცია არ ყოფილა, დიდხანს რომ გაჰყვეს "ქართულ ოცნებას". მოგეხსენებათ, არსებობს ახალი კვების წყარო, მაგრამ გვინახავს ენერგიისგან დაცლილი კვების წყაროც, რომელსაც ჭეჭყავენ. ეს აქცია სწორედ დაჭეჭყილ გენერატორს ჰგავდა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, კარგად გამოჩნდა, რომ მას 2012 წლის ნოსტალგია აქვს, იმ დროში უნდა დაბრუნება, როცა ის ხალხს უყვარდა და კომფორტულად გრძნობდა თავს. ივანიშვილს ბევრი ხალხის დანახვა ესიამოვნა, თუმცა, ალბათ, ხვდება, რომ ეს არ არის ის, რაც 2012 წელს იყო. მისი განცხადება - ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ 2012 წლის იდეალებისო, ცინიკურია. რა იდეალებზეა ლაპარაკი, როცა არც ერთი მაშინდელი დაპირება""ქართულ ოცნებას" არ შეუსრულებია?! ეს განსაკუთრებით დამცინავად ისმის მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სამართალმემკვიდრე გახდა. საინტერესოა, რომელ იდეალს უერთგულა? მაშინ "ქართული ოცნების" საბრძოლი დროშაზე გირგვლიანი ეწერა, დღეს კი გირგვლიანის საქმის მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უვადო მოსამართლედ არის გამწესებული... არ ვიცი, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ძველი იდეალების ერთგულია. გულში შეიძლება კარგ რამეებს ფიქრობს, მაგრამ საქმით მან ნამდვილად უღალატა 2012 წლის იდეალებს.
ბიძინა ივანიშვილს ძალიან აშინებს ძალაუფლების დაკარგვა. პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობით მან ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მისთვის სიტყვის კაცის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძალაუფლების დაკარგვის შიში იმხელა აღმოჩნდა, ამაზეც კი უარი ათქმევინა.
როცა მას წინ დაუდეს ე.წ. ამბოხის სცენარი და არწმუნებდნენ, ხუნდაძე ამბოხდება და პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე გადავა, შენკენ კი ხელს არავინ გამოიშვერსო, მან დაიჯერა, დაიჯერა, რომ საზოგადოება ამას "ჭამდა" და ის საქმიდან სუფთად გამოვიდოდა... მას რეალობის ოდნავი შეგრძნება რომ ჰქონოდა, ამას არ დაიჯერებდა... ადამიანებმა, რომლებიც მას უქმნიან ალტერნატიულ რეალობას, დაინახეს, როგორ ეშინია ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის და მას შესთავაზეს ე.წ. გამოსავალი. ამ პროვინციული სპექტაკლის სცენარის ეფექტურობაში დაარწმუნეს და გადაადგმევინეს მისთვის, როგორც ხელისუფალისა და პოლიტიკოსისთვის კი არა, როგორც პიროვნებისთვისაც ფატალური ნაბიჯი.
- ვინ დაარწმუნა ივანიშვილი?
- მე პერსონალიზაციას ვერ დავიწყებ, არც არის შესაძლებელი, რადგან ეს არის მუდმივად ცვლადი მოცემულობა. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გარშემო ორი ტიპის ადამიანები იყვნენ თავმოყრილი - ერთნი ცდილობდნენ, რაღაც კარგი გაეკეთებინათ და ამით მოეწონებინათ მისთვის თავი, მეორენი კი ცდილობდნენ, გამოეცნოთ ბიძინა ივანიშვილის სურვილები და ყველაფერი ამის მიხედვით დაედგათ... პირველი ტიპის ხალხი ივანიშვილს ლამის სულ ჩამოშორდა. დღეს
ივანიშვილის ირგვლივ დარჩნენ მხოლოდ მაამებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მას შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი, წინასწარ მიხვდნენ მის აზრებს და ამის მიხედვით გაფილტრონ გარემო, რომელში ცხოვრება მისთვის ისევ მშვენიერი იქნება. ეს ხალხი ამით იღებს სარგებელს...
- 15 დეკემბერს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, მანამდე კი "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს საზოგადოების მძAაფრი რეაქცია მოჰყვა. დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა... გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც ცდილობენ ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას. რით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი?
- როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გამო პრობლემა ექმნება. ალბათ, გუნდის შიგნითაც იკითხეს, სად მიდიოდა ეს კაცი, რა უნდოდაო?.. სწორედ ეს განწყობა გამჟღავნდა ახლა. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს 14 დეკემბრისთვის, ანუ მათი აქციისთვის გაათავისუფლებდნენ, რის შემდეგაც მიტინგზე გამოიყვანდნენ და გმირად გამოაცხადებდნენ. რადგან ეს არ მოხდა, არენაზე გამოვიდა კუხიანიძე და ექიმი პროვოკატორად გამოაცხადა. მათი მორალი ნახეთ! თუ გაფრინდაშვილი მათ რიგებში აღმოჩნდებოდა, ის გმირი იქნებოდა, თუ არა და... ხომ ხედავთ, მათი პარტიული გაგებით რა მანძილია გმირობიდან პროვოკატორობამდე...
- საინტერესოა, რომ 14 დეკემბრის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს ვაჟა გაფრინდაშვილზე... - კალაძემ და გახარიამ გააკეთეს განცხადებები და, როგორც ჩანს, ეს საკმარისად მიიჩნიეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევა გვარიანად აეჭვებდეს. მას, სავარაუდოდ, აქვს კითხვები, რომლებზეც უსაფრთხოების სამსახური დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ სცემს. ალბათ, რაღაც თეორია ექნება... არ გამოვრიცხავ, ისიც "ნაციონალად" მიიჩნიოს.
- უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ახსენეთ, რომლის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ისმის. გავიხსენოთ აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად ზოგი ნომინირებული პირი არ იყო კვალიფიციური კანდიდატი".
- სასამართლო სისტემის სრული კონტროლის სურვილიც ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით არის განპირობებული. დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის ის პარტია, რომელიც თავის დროზე დაარსდა. შეიძლება ითქვას, რომ მოხდა მისი სრული რებრენდინგი. ამის ბოლო ელემენტი სასამართლო სისტემა იყო. მართლმსაჯულების იმავე სახით დატოვება და მასთან ინტეგრირება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მემკვიდრედ გამოაცხადა თავი, ანუ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ცხრა წელზე. მას სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი ატრიბუტი არ დაუთმია. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ უღირს ხელისუფლებას ასეთი ზიანის მიღებად ამ ადამიანების შენარჩუნება? ხომ შეიძლებოდა სხვები მოეყვანოთ?! ალბათ, არც ისინი იტყოდნენ უარს პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაზე. საქმე ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების მიმართ ვალდებულებები გაუჩნდა. მათ უკვე აქვთ კომპრომატები ხელისუფლებაზე და თუ გუდას პირი მოხსნეს, ვინ იცის, რას ილაპარაკებენ... ისინი ხელისუფლებას უყენებენ ულტიმატუმს - თუ გინდათ, პირში წყალი ჩავიგუბოთ, კეთილი ინებეთ და უვადოდ გაგვამწესეთ, ჩვენ კი თქვენს პოლიტიკურ დავალებებს შევასრულებთო...
- ორიოდე სიტყვით შევეხოთ ოპოზიციასაც, რომელმაც საზოგადოებას ისიც კი ვერ აუხსნა, რატომ არის ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის შეცვლა...
- დაგეთანხმებით, რომ დღეს მხოლოდ ხელისუფლების კრიზისი კი არ არის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტის, მათ შორის - ოპოზიციის კრიზისია, რომელიც ნაწილობრივ არის კომპრომეტირებული, ნაწილობრივ - მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, სუსტი და ა.შ. საზოგადოებისთვის მთავარი იმის ახსნა კი არ არის, რატომ არის კარგი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება, არამედ იმის დასაბუთებაა საჭირო, რომ თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება. ხელისუფლება ამბობს, მე თუ არა, ის მოვა და ის ჩემზე უარესიაო. აი, სწორედ ეს მთავარი არგუმენტი უნდა გამოაცალონ "ქართულ ოცნებას"! პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იმიტომ არის საჭირო, რომ ეს პოლიტიკურ სივრცეს გახსნის და ჩვენ მივიღებთ მულტიპარტიულ გარემოს, სადაც დიდი მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს "ქართულმა ოცნებამაც", მაგრამ მას მოუწევს კოალიციის შექმნა. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ხომ სიმბიოზად იქცა, რომლებიც ერთმანეთს კვებავენ.
- ამ სიმბიოზს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კარგი შესატყვისი მოუძებნა - "ნაცქოციზაცია"...
- მართლაც სწორი ტერმინია. "ქართული ოცნების" დასუსტება "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებას კი არ გამოიწვევს, არამედ ისიც დასუსტდება. ისინი ან ერთად მიდიან ხელისუფლებიდან, ან ერთმანეთს აძლიერებენ და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩებიან...
- საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატების ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა დიალოგი გაგრძელდება. როგორ ფიქრობთ, აქვს კი ხელისუფლებას რესურსი იმისთვის, რომ რაღაც დათმოს და ეს დიალოგი რეალური შედეგით დასრულდეს? - გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულ ოცნებას""პოლიტიკურ დღის წესრიგში აქვს მხოლოდ ერთი საკითხი - ძალაუფლების შენარჩუნება, ამის ერთადერთ გზად კი შერეულ საარჩევნო სისტემას მიიჩნევენ, მეეჭვება, რამე დათმონ. ნებისმიერი ცვლილების შესაძლებლობა მათ შიშს ამძაფრებს და, შესაბამისად, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ არსებული სისტემა შეინარჩუნონ. ამ ვითომ ხუნდაძის ხმაურისა და ხალხში გასვლის მუქარის მიზეზი სწორედ ეს არის, ანუ ამით ოპოზიციასა და საზოგადოებას ეუბნებიან, გაჩერდით, ნურაფერს ითხოვთ, თორემ უარესს მიიღებთ - საერთოდ მაჟორიტარულ სისტემას შემოვიღებთო... ტრაგიკომიკურია ეს შანტაჟი, არადა, სივრცე კონსენსუსისთვის საკმაოდ ვრცელია. მათ მხოლოდ იძულებით შეიძლება დათმონ რამე. ასეთი იძულებისთვის მზად არის თუ არა ქართველი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვიცი. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ფაქტია - "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ დღეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. ამ დიალოგის პროცესში გარკვეულ მანევრებს, ალბათ, გააკეთებენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისინი კვლავაც ეცდებიან, აჭრან, აურიონ ყველაფერი და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ.