ცოლის მკვლელი და მტევანმოჭრილი ქურდები
"ცოლს ვუთხარი, იარაღი მთაში ამატანინე, იქ უნდა დავმალო-მეთქი. საწყალი გრძნობდა, რომ მოვკლავდი, მაგრამ უსიტყვოდ გამომყვა.
მე წინ მივდიოდი, ის უკან მომყვებოდა. ხრამთან რომ მივედით, მოვტრიალდი. მუხლებზე დაეცა და პატიება მთხოვა, - ბავშვებს ნუ დამიობლებო."
რას იხსენებს ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის ყოფილი უფროსი ზაურ ებრალიძე
"ვერ ვაპატიე..."
ერთი პატიმარი მყავდა, რომელიც სასჯელს ორი კაცის მკვლელობისთვის იხდიდა - ცოლის და თანასოფლელისა. სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა და თითქმის 2 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა. ყოველდღე ელოდა სიკვდილს. ამბობდა, აქ გავიგე სიცოცხლის ფასიო. ახალმა კანონმა მოუსწრო და დახვრეტა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს...
სამი შვილი ჰყავდა და ტკბილად ცხოვრობდა, ერთმა ფაქტმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მეუღლე პედაგოგი იყო, თვითონ მძღოლად მუშაობდა. ერთხელ მანქანით მორიგი კლიენტი მიჰყავდა. მოულოდნელად იმ კაცმა ხელი ქუჩაში მდგარი ქალისკენ გაიშვირა და უთხრა, - ეს ქალი ჩვენი თანასოფლელის საყვარელიაო. რა იცოდა, თუ ეს ქალი მძღოლის მეუღლე აღმოჩნდებოდა...
გაკვირვებულმა კაცმა მანქანა მოაბრუნა, ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა, - ვინმეში ხომ არ მეშლებაო და აღელვებულმა კლიენტს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. მანაც მოაღო პირი და წლების წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა, უსახელებდა მათი შეხვედრის ადგილს და მამაკაცის ვინაობაც უთხრა.
"იმ დღეს ცოლისთვის არაფერი მითქვამს, - ჰყვებოდა კაცი, - შინ ნასვამი მივედი. ღამე თეთრად გავათენე. მეორე დღეს ცოლი სამსახურიდან წამოვიყვანე და მანქანით სწორედ იმ ადგილას მივიყვანე, სადაც მიღალატა. მანქანა რომ გავაჩერე, შეცბა. ვუთხარი, - ყველაფერი ვიცი და დამალვას აზრი არა აქვს-მეთქი.
ოღონდ აქედან წამიყვანე და აღარაფერს დაგიმალავო. თურმე მეზობელმა მანქანა გაუჩერა - შინ მიგიყვანო. "უცებ გზიდან გადაუხვია... ვტიროდი, ვყვიროდი, გავუძალიანდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვიცოდი, ამას არ მაპატიებდი. სამი ბავშვით სად წავსულიყავი და ამიტომ არ გითხარიო, - ტირილით მიყვებოდა. ვუთხარი, - სამ დღეს გაძლევ, სადაც გინდა, წადი, ან თავი მოიკალი-მეთქი.
სამი დღე ველოდი, რას იზამდა. მერე ხვეწნა-მუდარა დამიწყო, პატიებას მთხოვდა. ვერ ვაპატიე."
წლების წინ მომხდარი ეს ამბავი თურმე სოფელშიც გავრცელდა. კაცს სოფელი ზურგს უკან დასცინოდა. დამცირებული და შეურაცხყოფილი ადგილს ვერ პოულობდა, საზარელი აზრები მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს, ცოლის მოკვლა გადაწყვიტა: "ცოლს ვუთხარი, იარაღი მთაში ამატანინე, იქ უნდა დავმალო-მეთქი. საწყალი გრძნობდა, რომ მოვკლავდი, მაგრამ უსიტყვოდ გამომყვა.
მე წინ მივდიოდი, ის უკან მომყვებოდა. ხრამთან რომ მივედით, მოვტრიალდი. მუხლებზე დაეცა და პატიება მთხოვა, - ბავშვებს ნუ დამიობლებო. რატომ გამხადე სოფლის დასაცინი, ახლა შენ მოგკლავ და გპირდები, იმასაც არ ვაცოცხლებ-მეთქი. მემუდარებოდა, მაპატიეო... არაფერი მესმოდა... ორი ტყვია ვესროლე და ხრამში გადავაგდე, - ჰყვებოდა სასოწარკვეთილი და ძალიან წუხდა მომხდარის გამო. ამის შემდეგ თურმე გიჟივით დარბოდა ტყეში - ისეთი გამწარებული ვიყავი, ნადირს რომ გადავყროდი, კბილებით დავგლეჯდიო"...
მერე შინ დაბრუნებულა. ბავშვებმა დედას ძებნა დაუწყეს. მთელ სოფელთან ერთად ისიც ეძებდა ცოლს. ბოლოს, იპოვეს და ყველამ თვითმკვლელობად მიიჩნია. იმდენად კარგი ცოლქმრობა ჰქონდათ, ვინ იფიქრებდა, რომ ქმარი მოკლავდა. "ისე დავიტირე ჩემი ცოლი, ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია... გაბოროტებულს კიდევ ერთი მიზანი მქონდა, - ჩემი ცოლის გამაუპატიურებელი უნდა მომეკლა. ერთ საღამოს შინ მივუვარდი, გარეთ გამოვათრიე და ხუთი ტყვია დავახალე, - ღორი ყოფილხარ და ღორივით უნდა მოკვდე-მეთქი. იქიდან კი ცოლის საფლავზე ავედი", - ჰყვებოდა გულდათუთქული.
"საკნის რკინის კარის ყოველი გაღებისას სიკვდილის პირისპირ ვიდექი. მაშინ მივხვდი, რა საშინელებაც ჩავიდინე და ახლა ძალიან ვნანობ. ჯობდა ცოლს გავცილებოდი და ეს არ გამეკეთებინაო". გულწრფელად ნანობდა და არც სასჯელზე წუხდა, - რაც ჩავიდინე, იმის საზღაურიაო. ლოცულობდა ცოლის სულისთვის, ჩადენილის გამო ღმერთს პატიებას სთხოვდა. ამბობდა, - ვერასდროს დავივიწყებ ცოლის მუდარით სავსე თვალებს, შენდობას მთხოვდა და ვერ ვაპატიეო...
ტილების შეჯიბრება
ციხეში მსჯავრდადებულები სხვადასხვა აზარტული თამაშით ერთობოდნენ. ეს ყოველთვის პრობლემა იყო. შეიძლება ყველაფერი აკრძალო, - კარტი, ნარდი, ზარის თამაში, მაგრამ დამერწმუნეთ, აუცილებლად ახალს მოიგონებენ. ერთმა ციმბირგამოვლილმა პატიმარმა მიამბო, - ადმინისტრაციამ ყველანაირი თამაში მკაცრად აკრძალა, მაგრამ აზარტისთვის პატიმრები ერთმანეთს ტილებით ეჯიბრებოდნენო. თურმე ორმა პატიმარმა ზეწარზე ორი ტილი დასვა, რომლის ტილი პირველი მივიდოდა ფინიშთან, ის ხდებოდა გამარჯვებული. ასე რომ, აზარტული თამაში პატიმრების ჰობია, გართობის და დროის გაყვანის საშუალება.
მშვენიერ კამათელს და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშს ამზადებდნენ პურისგან. პატიმარმა პურის ცომისგან საოცარი ტივი გააკეთა, ზედ შემოსვა მედუდუკეები, ცხვარი, სუფრაზე მწვადები დაალაგა, მოქეიფეებს ხელში ფიალები ეჭირათ. ხისგანაც საოცარ ნივთებს აკეთებდნენ.
გონიერი შაშვი
ზონაში შაშვის ბარტყი ჩამოვარდა. მსჯავრდადებულმა მოიშინაურა და ისე გაზარდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ისიც გაფრინდებოდა, მაგრამ ისევ პატრონთან ბრუნდებოდა. როგორც მოენემ მაცნობა, ერთ დღეს შაშვის პატრონი მეორე პატიმარს ზონის ეზოში ზარს ეთამაშებოდა. ისე დავარდა კამათელი, რომ თამაში სადავო გახდა, ორივეს თავის სასარგებლოდ სურდა გადაწყვეტა. თავად რომ ვერ შეძლეს, სხვას დაუძახეს საქმის გასარჩევად. სანამ საქმის გამრჩევი მოვიდოდა, საოცრება მოხდა: მოულოდნელად შაშვი ნისკარტით დააცხრა კამათელს და გაფრინდა. ასე გადაარჩინა ორი მსჯავრდადებული დაპირისპირებას.
"პატიმარი" კატები
პატიმრების უმრავლესობას ციხეში კატა ჰყავდა. კნუტს ზრდიდა და სულიერადაც მშვიდდებოდა. ზონაში თითქმის 400 კატა იყო. ღამით ხშირად პატრონის ფეხებთან ეძინათ და მათ წნევას არეგულირებდნენ. ერთდროულად 800 მსჯავრდადებული სამუშაოზე მწყობრი ნაბიჯით, მარშით გამოდიოდა. ყველა რაზმს თავისი საამქრო ჰქონდა, ზოგის კატას იქვე ჰქონდა ბუნაგი.
სიმონიანი ხულიგნობისთვის იხდიდა სასჯელს. ყრუ-მუნჯი იყო, კატა შეახტებოდა მხარზე და სულ ასე წყვილად დადიოდნენ. მას ახლობელი არავინ ჰყავდა. გათავისუფლების დრო რომ მოვიდა, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებას დავუკავშირდით. მარნეულში ბინა მისცეს და დაასაქმეს კიდეც. კატაც მასთან ერთად გათავისუფლდა და პატრონის ახალ სახლში დაიდო ბინა.
ჩაშლილი გაქცევა
როცა ადამიანს რამდენიმეწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, გაქცევაზეც იწყებს ფიქრს. უამრავ ხერხს მიმართავდნენ და ბევრჯერ სიცოცხლეც ჩაუგდიათ საფრთხეში. ძალიან ბევრი გაქცევა აღგვიკვეთია, არაერთი პატიმარიც გაგვქცევია.
სამჯერ ნასამართლევი პატიმარი მყავდა, კიტრიაშვილი. მის ოჯახს ძალიან უჭირდა. სულ გვერდით ვედექით და რას წარმოვიდგენდი, გაქცევას თუ დააპირებდა. ჩემს სახელზე წერილი ჰქონდა დაწერილი. სწორედ ეს წერილი ჩაგვივარდა შემთხვევით ხელში და მისი გაზრახვა გავიგეთ. წერდა: "მადლიერი ვარ შენი, კოლონიის უფროსო, შენ ოჯახი შემინარჩუნე, არ ყოფილა შემთხვევა, ოჯახის წევრებს ჩემთან შესახვედრად დაბრკოლება შეხვედროდათ.
აქ მომეცა ლოცვისა და ზიარების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში ხელი შემიწყვეთ, ახლა უნდა მაპატიოთ. მიყვარხარ, კაი კაცი ხარ, დიდ პატივს გცემ, მაგრამ რა ვქნა, მაინც უნდა გავიქცე." ამ წერილის პოვნის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებაც ამოვიღეთ. გეგმაც გაიშიფრა: პატიმარი ქარიან ამინდს ელოდებოდა.
გაქცევა მატარებლის გავლას უნდა დამთხვეოდა, რომ ბორბლების ხმაურს დაეფარა ნაბიჯების ხმა. კოლონიაში შუქიც ჩაქრებოდა და ღამის წყვდიადში იოლად მოახერხებდა კოლონიიდან თავის დაღწევას. 100 მეტრი სიგრძის ე.წ. საბაგირო გვარლი და კანჯო ვიპოვეთ.
თუ კიტრიაშვილი კანჯოს ზონის გალავანს იქით გადაისროდა, რაც სრულიად შესაძლებელი იყო, მას იქ თანამზრახველი დახვდებოდა, რომელიც სადმე მყარად დაამაგრებდა კანჯოს და გვარლი ორსართულიანი შენობის თავზე გაიჭიმებოდა. გვარლზე დასაცურებელი ბურთულაც იყო. პატიმარმა აღიარა, - იმიტომ მინდოდა გავქცეულიყავი, რომ მეზობლისთვის ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინაო.
ხშირად პატიმარს ოჯახის წევრები უბიძგებდნენ რისკისკენ. თავისუფლად შეიძლებოდა, გუშაგს ესროლა და მოეკლა. თურმე ეს მცდელობა ცოლის წერილმა განაპირობა. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა. მეუღლე წერდა, სიძეს შენ გამო მეზობელმა შეურაცხყოფა მიაყენა, მეც საშინელ დღეში მაგდებენ და ლამისაა, თავი ჩამოვიხრჩოო. მეზობლები გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, ის კი ამბობდა, ვერ მოვისვენებ, სანამ ჩემს სიმართლეს არ დავამტკიცებო.
ერთ დღეს შემთხვევით შევესწარი, - ცოლი ეკამათებოდა, - აქ მხართეძოზე ხარ წამოწოლილი, ჩვენ კი ისე გვიჭირს, ზამთრისთვის შეშაც არ გვაქვსო. კოლონიაში ხის გადამმუშავებელი საამქრო გვქონდა - რკინიგზისთვის განძელებს ვამზადებდით და მაზუთით ვჟღენთდით. ხის ბევრი ნარჩენი გვქონდა და მეორე დღეს ჩვენი ტრანსპორტით ერთი მანქანა შეშა მის ოჯახს შინ მივუტანეთ. ამის შემდეგ კიტრიაშვილმაც გამოიღო ხელი, ეკლესიურიც გახდა. ჩემთვის, მამაკაცურად, მისი გადაწყვეტილებაც გასაგები იყო.
"სტატუსს" შეწირული მარჯვენა
90-იან წლებში 1400 მსჯავრდადებულიდან 300 სკოლაში სწავლობდა. ისეთი სპეციალობის დაუფლება სურდათ, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებოდათ. ვინც კარგად აითვისებდა საქმეს, კოლონიაშივე მუშაობდა. ისინი ციხიდან ოჯახებს არჩენდნენ. არაერთ ციხიდან გასულს მსუბუქი მანქანის საყიდელი ფულიც თან წაუღია.
ისეთებიც იყვნენ, რომლებიც შავ სამყაროს ეკუთვნოდნენ და მათთვის შრომა მიუღებელი იყო. ბევრი მათგანი მინახავს მტევანმოჭრილი - შეგნებულად იჭრიდნენ დანადგარით მარჯვენა ხელს, რომ ვინმეს მათთვის შრომა არ დაეძალებინა. მტევანმოჭრილ პატიმრებს მხრებზე ქურდობის ნიშანი ეხატათ. ასეთი სვირინგის გაკეთება არაქურდს არ შეეძლო. თუ თვითნებურად გაიკეთებდა, საგანგებოდ დაისჯებოდა - აუცილებლად აღმოჩნდებოდა ე.წ. პარაშასთან. საკნებში, სადაც სველი წერტილები არ იყო, ერთ კუთხეში ღამის ქოთანი იდგა და სწორედ მისი დაცლა მოუწევდა...
თეა ხურცილავა
(გაგრძელება იქნება)