ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში შესვლას კიბით ცდილობდა - კვირის პალიტრა

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში შესვლას კიბით ცდილობდა

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს შენობაში კიბით შესვლას ცდილობდა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში შეუშვეს.

როგორც ხაბეიშვილმა შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულო არის ქაჯეთის ციხე და ის შენობაში კიბის დახმარებით შესვლას ეცდებოდა.

"ეს არ არის საკრებულო, ეს არის ქაჯეთის ციხე. ციხეებში როგორც ვიცით, კიბით გადაადგილდებოდნენ. მით უმეტეს, აქ ცივილურად გადაადგილების საშუალებას დეპუტატებს გვიზღუდავენ. არ მიშვებენ, ნახეთ, რომ გამომაძევეს ძალის გამოყენებით. ჩვენი თანამოქალაქე ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი რომ არის ტყვედ ჩავარდნილი, იმის დაკავებას ლეგიტიმაციას რომ უკეთებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ამბობს, რომ თითქოს პროვოკატორია, ამას ვაპროტესტებდი მშვიდად და წყნარად. ჩემი ფრაქციის ოთახი არის ტაბიძის მხრიდან და ვაპირებ იქედან შესვლას", - განაცხადა საკრებულოს შენობაში შესვლამდე ლევან ხაბეიშვილმა.

ტაბიძის ქუჩაზე მისული ლევან ხაბეიშვილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლება შეაჩერეს და საკრებულოს შენობაზე კიბის განთავსების საშუალება არ მისცეს. რამდენიმე წუთში კი, ის შენობაში შეუშვეს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს შენობაში შესვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ის შენობიდან ძალის გამოყენებით მას შემდეგ გაიყვანეს, რაც საკრებულოში სიტუაცია დაიძაბა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ, რასაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, ყველა მათგანს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის მისაღები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

"ინტერპრესნიუსი"