"ლუკას ტრაგედია ააშკარავებს სისტემასთან მარცხს" - კვირის პალიტრა

"ლუკას ტრაგედია ააშკარავებს სისტემასთან მარცხს"

ეს არის მთავარი კითხვა, საერთოდ რატომ აღმოჩნდა ეს ბავშვი საგამოძიებო ორგანოში, როცა საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს? - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დარღვევებით განხორციელდა არასრულწლოვნის გამოკითხვაც. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, როცა არასრულწლოვანი მოხვდება საგამოძიებო ორგანოში, დაკითხვის პროცესში, საუბარია მოწმის სახით დაკითხვაზე, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ფსიქოლოგი და ადვოკატი არის აუცილებელი, რომ ესწრებოდნენ ამ პროცესს. ეს არის გარანტირებული უფლება, რომლითაც უნდა ისარგებლოს არასრულწლოვანმა.

ეს ყველაფერი იმიტომ ჩაიწერა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომ გამორიცხული იყოს, რაიმე ტიპის ისეთი დაშვება, რომ არ მოხდეს რაიმე ჩარევა და ზედმეტი სტრესი არ იყოს ბავშვისთვის. სამწუხაროდ, ეს პროცედურები იყო დარღვეული, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ საერთოდ რატომ იყო ბავშვი საგამოძიებო ორგანოში, სისხლის სამართლის საქმე იყო დაწყებული? ხომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმის საქმის საგამოძიებო მოქმედებისთვის საჭირო მოქმედება, რატომ იკითხებოდა გამომძიებელთან? ეს არის მთავარი კითხვა, საერთოდ რატომ აღმოჩნდა ეს ბავშვი საგამოძიებო ორგანოში, როცა საქმე ეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს, იმიტომ, რომ წარწერის გაკეთება კედელზე ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც იყო გამოძიება დაწყებული. ამიტომ თავისთავად ფაქტი მისი პოლიციაში და გამომძიებლების ქვეშ დაკითხვის წარმოება, მითუმეტეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, იყო აბსოლუტურად უკანონო.

ლუკას ტრაგედია ააშკარავებს სისტემასთან მარცხს, მანკიერ სისტემას, სადაც პროკურორები, გამომძიებლები და მოსართლეები ერთ დიდ უსამართლობის ჯაჭვს ქმნიდნენ ადამიანის წინააღმდეგ და არა მის დასაცავად, ეს დღესაც ასე დარჩა.

ამ ტრაგედიაში არის ორი ტიპის პასუხისმგებლობა, პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უწყების ხელმძღვანელი პირების მხრიდან სახეზეა და არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც იმ ადამიანებს პირდაპირ უნდა დაეკისროთ, ვისაც ირიბად ან უშუალოდ მიუძღვით ბრალი ამ უკანონობაში რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"