ბერიას ციტადელი მოსკოვში დაცხრილეს...
მსოფლიოსთვისთვის შიშის ზარდამცემი რუსეთის ეფ-ეს-ბეს შტაბ-ბინას თავს დასხნენ
19 დეკემბერს, მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უშიშრობის ფედერალური სამსახურისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლებს მათ პროფესიონალურ დღეს, საკონცერტო დარბაზში ულოცავდა, იმავე ეფ-ეს-ბეს შტაბ-ბინაზე თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ცენტრში, ლუბინკაზე.
ლუბიანკა, როგორც ჯოჯოხეთი, ათი ათასობით საბჭოთა მოქალაქემ გაიარა გასული საუკუნის 30-იან წლებიდან დაწყებული, სადაც ჯერ ენ-კა-ვე-დეს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი), შემდეგ კი კე-გე-ბს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ხელმძღვანელობა იჯდა.
იაგოდას, ეჟოვისა თუ ბერიას ბრძანებებით ამ შენობების საშინელ სარდაფებში მეტწილად აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ და კლავდნენ...
სავარაუდოდ, სწორედ ეს მოტივი - ამ სამსახურების მიმართ ზიზღი იქცა იმ ძირითად იმპულსად, რამაც 39 წლის რუსეთის მოქალაქეს ევგენი მანიუროვს ხელში სანადირო შაშხანა ააღებინა და შეიარაღებული თავდასხმა განახორციელებინა იმ შენობაზე, რომელშიც თავის დროზე კაბინეტი რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტ პუტინსაც ჰქონდა.
19 დეკებერს, საღამოს, სამუშაო საათების დამთავრებისთანავე, კაპიუშონიანი უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა ეფ-ეს-ბეს შენობის მისაღებს და მოულოდნელად ცეცხლი გახსნა, შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესროდა, როგორც ამ შენობის ფანჯრებს, ისე პოლიციელებსა და სპეცსამსახურის თანამშრომლებს, სანამ განგაშით გამოძახებულმა სპეცრაზმა მისი ლიკვიდაცია არ მოახდინა.
თუმცა,სიკვდილამდე, ნახევრადავტომატური "საიგით" ევგენი მანიუროვმა ეფ-ეს-ბეს ერთი თანამშრომელი მოკლა, ხუთი კი მძიმედ დაჭრა. მან ვერ მოხერხა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება, რომელიც ზურგჩანთაში ჰქონდა, თორემ ეფ-ეს-ბეს შენობას მეტ ზინს მიაყენებდა.
რუსეთის სპეცსამსახურებმა მალევე დაადგინეს, რომ მოსკოვის გარეუბანში მაცხოვრებელ 39 წლის ევგენი მანიუროვს ცოლ-შვილი არ ჰყავდა და დედ-მამასთან ცხოვრობდა. ის კერძო დაცვის სამსახურებში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი პრაქტიკული სროლის კურსებს უთმობდა. ცოტა ხნის წინ მესამე ადგილი აიღო პისტოლეტისვაზნიანი კარაბინებით სროლის შეჯიბრში. აღსანიშნავია, რომ კერძო დაცვის სამსახურებში მუშაობისას მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებთან. მამამისმა ვარაუდის სახით განაცხადა, რომ მისი შვილი ბოლო დროს, თითქოს საუდის არაბეთის საელჩოს დაცვაში მუშაობდა და შეიძლება რადიკალმა მუსლიმებმა მისი ზომბირება მოახდინეს.
შეიძლება ეს თავდასხმა რუსეთის ცნობილი სპეცსამსახურის (რომელსაც მთელ მსოფლიოში უფრთხიან, როგორც საბჭოთა კე-გე-ბეს პირმშოს) შტაბ-ბინაზე მართლაც ერთი ადამიანის სასოწარკვეთილი ნაბიჯი გახლდათ, თუმცა იმ ურიცხვი კომენტარებით, რაც ინტერნეტსივრცეში დაიწერეს ევგენი მანიუროვის მოქმედების იდეურმა მხარდამჭერებმა, ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინის სადამსჯელო სპეცსამსახურები თავად რუსეთის მოქალაქეების უზარმაზარ მასაშიც დიდ ზიზღს იწვევენ...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს