"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს "ინტერპრესნიუსის" 20 წლის იუბილეზე ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს
"ინტერპრესნიუსს“ 20 წელი შეუსრულდა... სააგენტოში მისი დაარსების დღიდან მუშაობს ჟურნალისტი კობა ბენდელიანი, რომლის თვალწინაც შეიქმნა, ჩამოყალიბდა, განვითარდა და დღემდე წარმატებულ საქმიანობას განაგრძობს სააგენტო, რომელსაც მკითხველის დიდი ნდობა თავიდანვე აქვს მოპოვებული.
კობა ბენდელიანის ჟურნალისტობა კი გაცილებით ადრე, 1992 წელს შემთხვევით, სოხუმში საომარი მოქმედებებისას დაიწყო... ამ სფეროში მაშინ მოვიდა და დარჩა... დღეს მისთვის, როგორც ამბობს, ჟურნალისტური საქმიანობა ცხოვრების წესია...
ბატონი კობას ინტერვიუზე დაყოლიება არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. თუმცა, კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, მაინც გამოგვივიდა. დღეს ის AMBEBI.GE-ს სტუმარია და იხსენებს სააგენტოში განვლილ წლებს და, გარკვეულწილად, აფასებს კიდეც მას.
კობა იხსენებს - მაშინ, როცა შორეულ 1999 წელს "ინტერპრესი“ დაარსდა და ასპარეზზე გამოვიდა, მედიაბაზარზე უკვე იყვნენ აღიარებული, ავტორიტეტული და სანდოობით გამორჩეული საინფორმაციო სააგენტოები - "პრაიმნიუსი“, "კავკასპრესი“, "ბიესპრესი“, "მედიანიუსი“, "ბი-ჯი-აი”, "იფრინდა“ და ასე შემდეგ.
ანუ, ქართული მედიასივრცის ამ სეგმენტში თავის დამკვიდრება არც ადვილი გახლდათ და არც იოლად მისაღწევი საქმე, ვინაიდან, ბევრ საინფორმაციო სააგენტოს უკვე ჰქონდა დამკვიდრებული თავისი ადგილი და ბაზარი გაჯერებული იყო სხვადასხვა ტიპისა თუ ხარისხის ინფორმაციით.
კარგად მახსოვს, თუ როგორ ჯიუტად არ იმჩნევდნენ ქართული მედიასივრცის ლიდერი გაზეთები და ტელევიზიები "ინტერპრესის“ გამოჩენას. ყველა იღებდა ჩვენს ინფორმაციას, მაგრამ არ ბეჭდავდა, თუ ბეჭდავდა, ისიც იშვიათად.
რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს როგორ აიძულა ისინი "ინტერპრესმა“ მისთვის ყურადღება მიექციათ და ეღიარებინათ ყოველგვარი პროტექციისა თუ ლობირების გარეშე.
ახლა, თუნდაც 1999 წელთან შედარებით, აშკარად სხვა დრო და ეპოქაა ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა თუ გავრცელების თვალსაზრისით. ამჯერად გაზეთებზე მეტად, ინტერნეტსივრცეზეა დამოკიდებული ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალების მოთხოვნადობის განსაზღვრა. ამ თვალსაზრისით რომ "ინტერპრესნიუსი“ ერთ-ერთი ლიდერია, კარგა ხანია, აღიარებული ფაქტია. ამიტომ, ყველას, ვისთვისაც "ინტერპრესი“ და "ინტერპრესნიუსი“ ძვირფასია, კიდევ ერთხელ ვულოცავ სააგენტოს 20 წლის იუბილეს. განსაკუთრებით, მათ, ვისთანაც მომიწია ამ წლებში მუშაობამ. არ მინდამ ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ.
სხვათა შორის, სააგენტოსთვის სახელი "ინტერპრესი“ ბატონ რამაზ ქართველიშვილის შერჩეულია, რომელიც მთავარი კონსულტანტი გახლდათ.
- რა არის თქვენთვის ეს 20 წელი?
- ეს 20 წელიწადი ჩემთვის ჟურნალისტური ცხოვრების წესია... ჟურნალისტიკა არის სფერო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაჯისცემას კარგად გაგრძნობინებს.
ჩვენ სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, უპირატესობა გვაქვს, ახლოდან ვადევნოთ თვალი მიმდინარე პროცესებს, ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ვთქვი, უკეთ გაგრძნობინებს მიმიდინარე ამბების მაჯისცემას.
ეს კი, ის დინამიკაა, რომელშიც სააგენტო ცხოვრობს. სხვაგვარად მისი არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენს სააგენტოში კი არ კეთდება ახალი ამბები, არამედ ქვეყნის ახალი ამბების აღნუსხვა ხდება.
ეს 20 წელი და საერთოდ, ბოლო 30 წელი საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე წლებია და ჟურნალისტიკამ ეს პერიოდი საზოგადოებასთან ერთად გაიარა. შესაბამისად, ჟურნალისტებს ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი, რაც ამ ეპოქას ახასიათებდა. (გაგრძელება)