"ეს ძალიან დიდი სიურპრიზია რამაზისთვისაც და ჩემთვისაც"
"მე და რამაზი მეოთხე შვილს ველოდებით. ეს ძალიან დიდი სიურპრიზია რამაზისთვისაც და ჩემთვისაც. ეს ჩემი ბოლო ორსულობაა. შესაბამისად, ვტკბები მომატებული კილოგრამებით, შეცვლილი ხასიათით..."
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა მთელი ოჯახით ყოველთვის საგანგებოდ ემზადება ახალი წლისთვის. წელს მათთვის განსაკუთრებული ახალი წელი დგება, ხატია და რამაზი მეოთხე შვილის მოლოდინში არიან.
- ორი დღესასწაულია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, ერთი ახალი წელია, მეორე - აღდგომა. ვცდილობ, ჩემს შვილებსაც უყვარდეთ ეს დღესასწაული, ამიტომ ჩვენს სახლში ახალი წლის სული ტრიალებს დეკემბრის დადგომიდანვე. სახლი უნდა ბრჭყვიალებდეს, ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს, ამიტომ დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე მზად ვიყავით, რომ საახალწლო განწყობა გვქონოდა. ნაძვის ხე უკვე მოვრთეთ და ახალ წლამდე ყოველდღე ვამატებთ თითო-თითო რაღაცას. საახალწლო სუფრა მთლიანად დეკორაციებში გვაქვს, სკამებსაც კი თოვლის ბაბუის ჩასაცმელი აცვია. დანა-ჩანგალიც საახალწლოდ არის მორთული.
- ყოველთვის შინ ხვდებით ახალ წელს? - ყოველთვის, თუმცა რამდენჯერმე სახლში შევხვდით და ბავშვების დაძინების შემდეგ გავედით გარეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინ ბავშვებთან ერთად, თუნდაც ძილი, უფრო სასიამოვნოა. ახალ წელს არა, მაგრამ მოგზაურობა მიყვარს, არა აქვს მნიშვნელობა, ზაფხულია თუ ზამთარი, გვიყვარს მარტო ჩვენ ორს ბევრი ბოდიალი. დილით რომ გავდივართ, საღამოს შემოვდივართ სახლში. ერთხელ პრაღაში ბევრი სიარულისგან ფეხი გამიშეშდა და ოთხ დღეს კოჭლობით დავდიოდი.
- ბავშვებს სჯერათ თოვლის ბაბუის? - რა თქმა უნდა, ყოველ წელს მოდის ჩვენთან თოვლის ბაბუა. სანამ შეგიძლია, ბავშვები ზღაპარში უნდა აცხოვრო. ჩვენს ნაძვის ხეზე უკვე არის ჩემი შვილების დაკიდებული საახალწლო სურვილები. მე და რამაზი ერთმანეთსაც ვჩუქნით საჩუქრებს. ყველა მისი საჩუქარი განსაკუთრებულია.
- ამ წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი უკვე გზაშია, მოგვიყევი... - მე და რამაზი მეოთხე შვილს ველოდებით. ეს ძალიან დიდი სიურპრიზია რამაზისთვისაც და ჩემთვისაც. სქესს არ გავამხელ მაისამდე.
- შეიძლება მეხუთე, მეექვსე შვილიც გააჩინო? - არა, ეს ჩემი ბოლო ორსულობაა. შესაბამისად, ვტკბები მომატებული კილოგრამებით, შეცვლილი ხასიათით...
- რაში გამოიხატება ხასიათის ცვლილებები? - რამაზი რომ მიდის, მეკითხება ხოლმე, რა მოგიტანოო, მაგრამ მის სახლში მოსვლამდე ცხრაჯერ მეცვლება სურვილები. სხვა მხრივ, იმდენი ჭირვეული ბავშვი მყავს სახლში, ჩემი ჭირვეულობა რა მოსატანია, სამი შვილის ხელში ეს ძალიან ძნელია.
ხათუნა კორთხონჯია