"შორენა ბეგაშვილი ერთი კვირით "ჩემი ცოლი" იყო"
"მე უკვე ანგელოზების მოხმობის ასაკში ვარ"
მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ყოველთვის საინტერესო რესპონდენტია, სადღესასწაულო ინტერვიუც ასეთივე საინტერესო გამოგვივიდა.
- ბათუმიდან ვარ, თუმცა გურიაში, ბებიასთან ვიზრდებოდი გაგანია კომუნიზმის ხანაში, როცა რელიგიურობას მალავდნენ, თუმცა საახალწლოდ ტრადიციებს მაშინაც იცავდნენ - საკალანდოდ ატყდებოდა ღორის ჭყვიტინი. ბიძაჩემი მოხარშულ ღორის თავს რომ შემოიტანდა კეცის მჭადთან ერთად, ის დღე იყო კალანდა და ვიცოდი, მალე ახალი წელი მოვიდოდა. ბებიაჩემს ხშირად ვიხსენებ. სიცხეს რომ მომცემდა, ღვთისმშობელს ევედრებოდა, გადამირჩინე და"ქრისტეშობას სანთელს დაგინთებ მის სიგრძესო. მაშინ არ ვიცოდი, ვის ავედრებდა ჩემს თავს... ბებია ღვთისმშობლობას ძაფით ამიღებდა ზომას და წავიდოდა ჯიხეთის მონასტერში, იქ ჩამოქნიდა ჩემს სიგრძე სანთელს და ანთებდა. წასვლამდე ღომში ჩალაგებულ სულგუნს თბილად გახვეულს დამიტოვებდა - აი, ჭამე ბებიაო, დამიბარებდა და მიდიოდა ფეხშიშველი, როგორც იყო შეპირებული.
წლებთან ერთად ჩემი გატაცება ტრადიციებით, ისტორიითა და ტოპონიმიკით სწორედ იმ პერიოდიდან მოდის. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემისო, ილია რომ ბრძანებს, ამას ახლა ჩემს თავსა და სულზე ვგრძნობ. რაღაც კარგი რომ გამახსენდება, გადავვარდები უცბად ბავშვობაში. ბავშვი ხომ ანგელოზებითაა გარშემორტყმული, მერე ვიზრდებით და ანგელოზებს ვკარგავთ, თანდათან ვაფრთხობთ. ასაკში რომ შევდივართ, ნელ-ნელა ამ ანგელოზებს ვუხმობთ... მე უკვე ანგელოზების მოხმობის ასაკში ვარ. დღესაც ხშირად მახსენდება ბებია, ბავშვობა... მკერავი იყო. მისი წყალობით ვიცი კერვა, რადგან ბავშვობაში ვეხმარებოდი გამოჭრაში, დალამბვაში.
- მეკვლეობა თუ იცოდით? - როგორ არა. მეტყოდა, წამო, მარო ბებიასთან გადავიდეთ, მეკვლე იყავიო... თურმე უწინ მეკვლე ახლა წელს ეზოში რომ შემოდიოდა, მიწაზე ერთ კვალს ავლებდა გუთნით, მიწას ამოატრიალებდა. ხომ კარგი ტრადიცია გვქონია ქართველებს? მოსავალსა და ბარაქას ვუკავშირებდით მეკვლის ფეხს. ვიღაცებზე იტყოდა ხოლმე ბებია, ნეტავ ის არ გადმოვიდეს, გლახა ფეხი ჰქონიაო. თუ მეკვლის დანახვა სახეზე ნათელს მოჰფენდა ბებიას, მეც ვხარობდი. მას შემდეგ რა დრო გავიდა...
- თქვენი და თქვენი ბებიის ამბები რომ გახსენდებათ, რა პარალელებს ავლებთ საკუთარ შვილიშვილებთან ურთიერთობისას? - როცა შვილიშვილებთან ერთად ვარ, დავხუჭავ ხოლმე თვალებს და ვიხსენებ. ბებიაჩემმა საოცარი მოფერება იცოდა, როცა გვერდით მივუჯდებოდი, მაისურის ქვეშ ხელს შემიცურებდა და ზურგზე მითათუნებდა, მე კი ამაზე სულ ვუწყრებოდი... ახლა საკუთარ თავს ვიჭერ, რომ ჩემს შვილიშვილებს ზუსტად ასე ვეფერები. 4 შვილიშვილი მყავს. უფროსი 24 წლისაა, უმცროსი, მარიამი და მერაბი, ტყუპია.
გახსოვთ, ალბათ, შორენა ბეგაშვილს ჰქონდა სატელევიზიო პროექტი - თითო კვირით სხვადასხვა მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. ერთი კვირით "ჩემი"ცოლიც" იყო. ტყუპი ამაზე გადაირია, ისე იეჭვიანეს. გადამღებ ჯგუფს სახლში აღარ უშვებდნენ. შეეშინდათ, ამ ლამაზმა გოგომ მართლა არ წაგვართვას ბაბუაო. როგორც ჩანს, ეგოისტურად ვუყვარვარ.
- ბებიაც არანაკლებ ეყვარებათ...
- თამრიკო ხუმრობს ხოლმე, ვისაც ჩემი მეუღლე არ უყვარს, იმას მეც ვერ ვიტანო და პირიქით, ჩემს მყვარებელს ავს არ ეტყვის. თამრიკო იდეალური მეუღლეა.
- სად და როგორ დაიწყო თქვენი და ლამაზთვალება თამრიკოს სიყვარული? - ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში გადავეყარეთ, თემურ ჩხეიძის სადიპლომო სპექტაკლზე. მაშინ მე პირველკურსელი ვიყავი, თამრიკო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე და ჩემს პედაგოგს ახლდა (დედამისის მეგობარი იყო). თამრიკო რომ დავინახე, სპექტაკლს ვიღა უყურებდა. ჩემ წინ იჯდა და მისი კეფა, ყური და ყველაფერი აითვისა ჩემმა თვალმა, გულმა, გონებამ და სულმა. ბედად, სპექტაკლის შემდეგ ჩემმა პედაგოგმა მთხოვა, გამეცილებინა... ჩვენი კურსელები დღემდე ხუმრობენ, რომეო და ჯულიეტასავით ხართო. ახალგაზრდას მერიდებოდა მეთქვა, დღეს უხერხული აღარ იქნება, რომ ვთქვა - ლამაზი ცოლი მყავს-მეთქი. ვხუმრობ, თამრიკოს გულის მოსაგებად ყველა მეტოქე დავხოცე-მეთქი და მთლად რომ არ მოვდუნდე, თამრიკოც ხუმრობით მპასუხობს, ერთი მათგანი ცოცხალიაო. მოკლედ, პირველი შეხვედრიდან 1 წელიც არ იყო გასული, რომ ვიქორწინეთ. ხელი მოვაწერეთ და მერე ყველანი ერთად მატარებლით წავედით ბათუმში, იქ გავაგრძელეთ ზეიმი. გურამ საღარაძე იყო თამადა. ჯვარი 40 წლის შემდეგ დავიწერეთ.
- მკითხველი კარგად იცნობს ქალბატონი თამრიკოს როლებს, მან "ჩემი ცოლის დაქალებში" ნუგზარ ერგემლიძის პერსონაჟის მიერ ნაგვის გადაყრისას გაცნობილი სატრფოც ითამაშა. - პირველი როლი 13 წლისამ შეასრულა ფილმში "კედელი", სადაც გია ფერაძესთან ერთად თამაშობდა. თამრიკოა დულსინეა რეზო ჩხეიძის "დონ კიხოტში". კიდევ ბევრი როლი აქვს განსახიერებული. ახალდაქორწინებულებმა ვითამაშეთ გია მატარაძის სადებიუტო ფილმში "კადრს მიღმა". ამ ფილმში ჩვენი კოცნა საბჭოთა ფილმებში საუკეთესო კოცნად იქნა აღიარებული.
- თქვენ ერთ თეატრშიც მუშაობდით... - სხვათა შორის, თუ ოჯახში შეხმატკბილებულები ვართ, სცენაზე ერთმანეთს ვერ ვეგუებით, ძაღლი და კატასავით ვართ. რამდენიმე რეპეტიცია გვქონდა, რის შემდეგაც ან ის გარბის სპექტაკლიდან, ან მე.
- საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ? - შვილიშვილებთან ერთად ვრთავთ ნაძვის ხეს. ხანდახან გოზინაყიც მომიმზადებია, წელსაც ვაპირებ. მეკვლედ ერთ-ერთი შვილიშვილი გვეწვევა ხოლმე. მათზე უკეთესმა, ვინ უნდა შემოაბიჯოს ჩემს ოჯახში.
ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ წელს. მშვიდობის, ბედნიერების, ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს.