ვერცხლისფერი ნაძვების "ზღვა"
ბავშვობაში, როდესაც მამისეულ სოფელს ვსტუმრობდი, ნათესავების სახლებსა და ეზოებს შიდა, კუტიკარის საშუალებით "ვიპყრობდით" და ამ გადარბენებისას ყოველთვის იქცევდა ჩემს ყურადღებას ვერცხლისფერი, დეკორატიული ნაძვების ზღვა. სულ ვოცნებობდი, ოდესმე საახალწლოდ ეზოში მქონოდა ასეთი ნაძვი, რომელსაც ჩემი გემოვნებით მოვრთავდი... ჯერჯერობით ეს ოცნება ვერ ავიხდინე, თუმცა იმედი არ გადამწურვია. ჩემი საოცნებო ეზოს მეპატრონე მერაბ პაპასკირი იმ ვერცხლისფერი ნაძვის მოყვანისა და მოვლის შესახებ გვიამბობს, რომელიც "მზიან საქართველოში" შორეული ამერიკიდან შემოვიდა.
- ვერცხლისფერი ნაძვის მეურნეობა ჩვენი საოჯახო ტრადიციაა. საბჭოთა წლებში მამაჩემს ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში უნახავს. მთელ მინდორში ჰქონდა ვიღაცას დარგული, მზის შუქზე ლურჯ-მწვანე ფერები დაჰკრავდა და ისე მომეწონა, თვალი ვერ მოვწყვიტეო. მასვე აუხსნია გამოყვანისა და მოვლის სპეციფიკა. იქიდან ჩამოიტანა თესლი და დიდი წვალების შემდეგ თავადაც გამოიყვანა ნერგები. ახლა ინტერნეტში ყველაფრის პოვნა შეიძლება, მაშინ კი მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ჩვენთან კარგი ნიადაგია წიწვოვანისთვის.
ზამთარში ძალიან ცივა და დიდი თოვლი მოდის... ალბათ, კარგი ნიადაგის გამო ირჩევდნენ აქაურობას დადიანები, ჩვენს სოფელში მამულები ჰქონდათ. მამაჩემს ძალიან უყვარდა სოფლის მეურნეობა, მხოლოდ ვერცხლისფერ ნაძვს კი არა, გადაშენების პირას მისულ სხვა მცენარეებსაც ეძებდა, მოჰქონდა და რგავდა. კარგად იცოდა მყნობაც. დროთა განმავლობაში მეც მასწავლა. ახლა მამაჩემი აღარ არის და მის გზას ვაგრძელებ. ოჯახში ფუტკარიც გვყავს, ვერცხლისფერი ნაძვის გირჩი თაფლისთვისაც არაჩვეულებრივია!
- რა ფართობზე გაქვთ გაშენებული? - ორ ადგილას, დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე, სათბურიც მაქვს. თესლს კანადიდან და რუსეთიდან ვიწერ, თუმცა დიდ ხეებს უკვე შეუძლიათ თესლის მოცემა. ნაძვის გირჩს ადრიან შემოდგომაზე, სექტემბრის დასაწყისში ვკრეფთ და ვაწყობთ. მარტის დამდეგს თავად ხსნის პირს, იხლიჩება და თესლს გადმოყრის. მას დაცულ ადგილას ვინახავ და აპრილში ვთესავთ.
- რთული მოსავლელია? - კი, რთული მოსავლელია. ამიტომაც მაქვს სათბური. ერთი და იგივე ტემპერატურა სჭირდება, სანამ თესლი გაღივდება და ამოიწვერება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ზამთარში ძალიან ცივა - აქაურობას პატარა სვანეთს ეძახიან - ყინვას კარგად იტანს. თუმცა ზრდისას, ანუ ჩვილობის პერიოდში, სოკოვანი დაავადებები უჩნდება, რადგან ნიადაგი მაინც სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განაყოფიერებული და დამუშავებული მაქვს. როცა ნერგი ამოვა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 3-4-ჯერ მაინც ანტიბიოტიკებით გაჯერებული ხსნარით ვამუშავებ. 4-წლამდე ძალიან ნელა, 10-15 სანტიმეტრამდე იზრდება, შემდეგ წლებში 20-25 სმ ხდება.
- ვიცი, რომ შეკვეთები გაქვთ. - დიახ, მუდმივი კლიენტები მყავს მთელ საქართველოში. 1000-მდე ძირი მიაქვთ, სასტუმროებისთვის, ეკლესიების ეზოებისთვის, აგარაკებისთვის. ადრე თურქეთშიც მიჰქონდათ, ახლა რატომღაც შეწყდა. გვაქვს
სხვა ეგზოტიკური მცენარეებიც - კვიპაროსები, ტუია და სხვა წიწვოვანები.
ამერიკელი აბორიგენი
ვერცხლისფერი ნაძვი ფიჭვისებრთა ოჯახიდან არის. ბუნებრივად ვრცელდება აშშ-ში, კერძოდ, აიდაჰოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთით, იუტისა და კოლორადოს შტატების გავლით, არიზონასა და ნიუ-მექსიკომდე, ასევე, კანადაში; უმეტესად მთის მდინარეებისა და ნაკადულების ხეობებში, სადაც ნიადაგი უფრო ტენიანია. საქართველოში, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყეებში გვხვდება.