"ბებოსია"-ს თოჯინები - კვირის პალიტრა

"ბებოსია"-ს თოჯინები

ნავთობის მოპოვების ტექნიკოსი, 82 წლის ნელი ოშაყმაშვილი 9 წლიდან ქსოვს, კერავს, ქარგავს და ათასნაირ აქსესუარს ამზადებს. ბოლო წლებია, ახალი ჰობი გაუჩნდა - ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებს.

- 1965 წელს ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, სამრეწველო საქმეთმცოდნეობის განხრით და 42 წელი ვიმუშავე. 2015 წელს ჩემმა შვილიშვილმა, თაკომ, სათამაშოების კეთება დაიწყო. ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. მეც ისე გამიტაცა სათამაშოების დამზადებამ, დილის 3-4 საათამდე თავს ვერ ვანებებდი. სიტყვით ვერ გადმოვცემ, ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა ხატვა, არადა, ადრე არასდროს არაფერი დამიხატავს, მაგრამ აქსესუარებს ვამზადებდი.

- გამოფენა-გაყიდვები თუ გაქვთ?

- დეკემბერში, საახალწლო ბაზრობაზე მეპატიჟებიან და მეც სიამოვნებით გამოვფენ ხოლმე ჩემს ნამუშევრებს. "ლიბერთი ბანკმა" 60 წელზე უფროსი ადამიანების დასაქმება გადაწყვიტა. კერამიკის ორთვიანი კურსი დამიფინანსეს. იქ დიდი სითბო და სიყვარული დამხვდა, ახალი მეგობრებიც შევიძინე. მერე ჩემმა შვილიშვილმა გადაწყვიტა, მარტყოფში გადავსულიყავით საცხოვრებლად. იქ არც სამხატვრო სკოლაა, არც კერამიკის სტუდია, ამ საქმის შესწავლის მსურველი კი ძალიან ბევრია, თანაც ანაზღაურების გარეშე ვასწავლით.

- სათამაშოების დამზადება მაინცდამაინც ხისგან რატომ დაიწყეთ? - იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, არ ტყდება, ბავშვებს არაფერს ავნებს. ნიმუშების გამოჭრის შემდეგ სათამაშოებს ვასუფთავებ და აკრილით ვამუშავებ. ჯერ გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე, მერე ვხატავ. ადრე ვეკითხებოდი თაკოს, როგორ გავაკეთო-მეთქი და მპასუხობდა, ბებო, შენ უკეთესად იციო. რადგან ასე მეუბნებოდა, ესე იგი, მოსწონდა. რაც შეეხება სახელწოდებას, მისმა მეგობარმა გვირჩია, "ბებოსია" დავარქვათო, მეც დავთანხმდი.

50 სახეობის სათამაშოს ვამზადებ. თვეების განმავლობაში ვემზადები დეკემბრის გამოფენა-გაყიდვისთვის. ხელის ერთი მოსმით, ერთ დღეში არ მზადდება. აი, მაგალითად, ბალერინა - ჯერ კანის ფერი უნდა დავადო, სახე, ხელები და ფეხები გამოვკვეთო. გაშრობის მერე უნდა შევარჩიო კაბის ფერი, შევღებო, მოვხატო და აქსესუარებით გავაფორმო, ბოლოს უკვე მჭირდება მძივები, ძაფები და იარლიყები.

- რა ღირს სათამაშოები? - 5-დან 15 ლარამდე. ინტერნეტით გვიკვეთენ და უფასო მიტანის სერვისიც გვაქვს. თითქმის ყველა სათამაშოს ითხოვენ.

- ტურისტებს ყველაზე მეტად რა მოსწონთ? - განსაკუთრებით აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნები მოსწონთ. ჯერ თაგუნიები არ გამიკეთებია. გამოფენა-გაყიდვისთვის ნამუშევრები თითქმის დასრულებული მაქვს. მხოლოდ ასაწყობია, ჩამოსაკიდი ძაფებია შესარჩევი და იარლიყები დასამაგრებელი. ბოლოს დავიწყე ფერადი ქაღალდებისგან შესაფუთი ყუთების გაკეთება, რომლებშიც მომხმარებელს სათამაშოს ვუდებ.

- ძალიან ორიგინალური ხის ნაძვის ხე გაქვთ... - დიახ, ამით მივანიშნებ, რომ გაუფრთხილდნენ ნაძვებს. ეს ნაძვის ხე არც ფუჭდება და არც ძველდება. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მსგავსი ან სხვა დიზაინის დაამზადებინოს.

ნათია სიბაშვილი