რა ელის ჩვენს საფულეს 2020 წელს
"მხოლოდ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტიდან 3,5 მილიარდი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული და ვფიქრობ, დასაქმების ზრდას ესეც შეუწყობს ხელს"
ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს განვლილ წელს ვაჯამებთ, ვაანალიზებთ შეცდომებსა და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, ვგეგმავთ მომავალი წლისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს. გასული წელი საინტერესო და გამორჩეული იყო ეკონომიკური მოვლენებითაც. უპირველესად იმით, რომ ლარმა არსებობის ისტორიაში პირველად მიაღწია გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს და დოლარის მიმართ 3-ლარიან ზღვართან გაჩერდა. ლარით "გაგულისებულმა" ინფლაციამ ფასების არნახული ზრდა განაპირობა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ყველა ღონეს ხმარობს მის მოსათოკად. თუმცა შარშანდელი მოვლენების შეფასება ჩვენ მაინც პოზიტიური მოვლენებითა და უკეთესი მომავლის იმედით დავიწყეთ.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - როცა ვფიქრობდი გასული წლის შეჯამებასა და იმაზე, რა მოხდა ეკონომიკაში პოზიტიურიც და ნეგატიურიც, ერთი ასეთი ანეკდოტი გამახსენდა: ცოლი ურეკავს ქმარს და ეუბნება, შენთვის ორი ამბავი მაქვს, ცუდი და კარგი, რომლით დავიწყოო? ქმარმა, კარგით დაიწყეო და, ცოლმაც მიუგო: ჩვენი ავტომობილის აირბაგი კარგად მუშაობსო. ეს ამბავი ჩვენს ეკონომიკას რომ მოვარგოთ, ცალკეული სეგმენტური წარმატება გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში სტრატეგიული გარღვევა მიღწეული არ არის. ყველა ის მწვავე პრობლემა, რაც ქვეყნის წინაშე იდგა წლის დამდეგს, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობით და დამთავრებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებით, არც წლის ბოლოს შეცვლილა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვქონდა ცალკეული ოპერატიულ-ტაქტიკური წარმატება ეკონომიკაში, თუმცა სტრატეგიული გარდატეხა, მიუხედავად აქტიური მცდელობისა, არ მომხდარა.
თუ დავაკონკრეტებთ და ცალკეული მიმართულებების მიხედვით განვიხილავთ განვლილ წელს, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში არ აღრიცხულა.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზეც კი მცირედით მეტია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანამ მიმდინარე წელს აჩვენა. თუ პროგნოზირებული იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, სამი კვარტალის მონაცემებით გვაქვს 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ვფიქრობ, ზრდის ეს ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
ამასთან, მინდა ხაზგასმით ვთქვა - ყველა ჩვენს სახმელეთო მეზობელს - იქნება ეს რუსეთი (1,5%), სომხეთი (4%), აზერბაიჯანი (2,9%) თუ თურქეთი (3,3%) - ჩვენზე დაბალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
პოზიტივად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ უმუშევრობის დონე მინიმალურია ბოლო 16 წლის განმავლობაში. 2012 წლიდან დღემდე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1,5-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ასეთი შედარება განგებ გავაკეთე იმის აღსანიშნავად, რომ თუ გადასახადებიც იმავე ტემპით გაიზრდებოდა, როგორც მშპ, მაშინ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, ბიზნესს თუ მოსახლეობას დაახლოებით 1,8 მილიარდი ლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამას შეგვიძლია ლიბერალიზაციის მონეტიზაცია ვუწოდოთ, რადგან ეს ფული წლიური დანაზოგია ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის და ეკონომიკური თავისუფლების თავისებური გამოხატულებაა.
უკვე შევეჩვიეთ, რომ ექსპორტს იმპორტი უსწრებს, თუმცა თანდათანობით უმჯობესდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვა და მხოლოდ ამ წელიწადში დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. ველოდებით, რომ საგადამხდელო ბალანსის წლიური უარყოფითი სალდო წლის ბოლომდე 600 მილიონი დოლარით შემცირდება. მიუხედავად სკეპტიციზმისა და მნიშვნელოვანი შეკითხვებისა, მაინც დაიძრა ყინული - დავიწყეთ საპენსიო რეფორმა და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. საქართველო ჩაერთო კიდევ ერთ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტში, რომელიც "ტანაპის" სახელით არის ცნობილი, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზრდასა და უზრუნველყოფასაც ნიშნავს. "დუინგ ბიზნესის" მიხედვით, ჩვენ პირველ ათეულში მყარად გვიკავია ადგილი და ამით პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობო ლიდერი ვართ.
20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდგომ, ექსპერტებიცა და პოლიტოლოგებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს ვარაუდობდნენ, თუმცა პირვანდელ სავარაუდო მაჩვენებელთან შედარებით ზარალი 40%-ით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ასევე ჩვენი ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. ცოტა სატრაბახოც შეიძლება იყოს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოსთან საავიაციო მიმოსვლის შეზღუდვისა, მოსახლეობის ყოველ ათას კაცზე საქართველო საჰაერო მგზავრების რაოდენობით უკვე უსწრებს ევროკავშირის ოთხ სახელმწიფოს. მართალია, ესენი არ არიან ესპანეთისა და საფრანგეთის მსგავსი გრანდები, მაგრამ პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია და სლოვაკეთი უკან ჩამოვიტოვეთ.
- რაც შეეხება წლის ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენებს, ალბათ, ამ ჩამონათვალში ლარი, ინფლაცია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ლიდერობენ. კიდევ რას დაამატებდით ჩამონათვალს? - დავამატებდი, რომ სახმელეთო მეზობლებთან შედარებით ჩვენ ყველაზე ცუდი უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი გვაქვს. ე.ი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ჩვენთან დაახლოებით 10,4%-ია, სომხეთში მხოლოდ 3,6%, თურქეთში - 5,3%, აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანსა და რუსეთზე, რომლებიც ენერგოექსპორტიორი ქვეყნები არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყნებთან შედარებით მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს და, ფაქტობრივად, ქვეყანას მეტი ვალუტის გატანა სჭირდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ მიმდინარე მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.
ლარის კურსი და ინფლაცია, რომ იტყვიან, სიამის ტყუპია და მათი ერთმანეთისგან დაშორება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ბოლო 1 წლის განმავლობაში ლარი დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა და დღეს 1 დოლარის შესაძენად ჩვენ 24 თეთრით მეტის გადახდა გვჭირდება, ვიდრე 1 წლის წინ. რადგან ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, შესაბამისად, გაძვირდა იმპორტირებული პროდუქციაც, რამაც გავლენა მოახდინა ფასების ზრდაზე. სტატისტიკის მიხედვით, ფასები თითქოს დიდად არ გაზრდილა - სულ 7%-ით, მაგრამ ეს არის საშუალო მაჩვენებელი და იგივეა, საავადმყოფოში პაციენტების საშუალო ტემპერატურაზე რომ ვისაუბროთ. შესაბამისად, საჭიროა ფასების ზრდა ცალკეული ჯგუფების მიხედვით შეფასდეს. მაგალითად, მხოლოდ სურსათი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 13,4%-ით გაძვირდა; ბოლო 1 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასის მატება პურზე ფასების მატებას 1,5-ჯერ ჩამორჩა, რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების მატებას - 2-ჯერ, ხოლო ხორცზე ფასების მატებას - დაახლოებით 4-ჯერ.
- ანუ კიდევ უფრო გაუჭირდება ჩვენს მოსახლეობას ამ შემოსავლებით საახალწლო სუფრის მომზადება? - 1 წელიწადი შესაძლოა არ იძლეოდეს ტენდენციის სრულად აღქმის შესაძლებლობას, მაგრამ თუ 3-წლიან მაჩვენებელს ავიღებთ და 2019 წელს 2016-ს შევადარებთ, წლეულს საშუალო ხელფასით დაახლოებით 16 კილოგრამით ნაკლები ხორცის შეძენაა შესაძლებელი. ეს მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური ხელფასი მთელი ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა. 1 წლის წინანდელთან შედარებით, საშუალო ხელფასით, მაგალითად, 12 კილოგრამით ნაკლები ხორცისა და 33 ლიტრით ნაკლები რძის შეძენაა შესაძლებელი, ხოლო მედიკამენტები - 7%-ით ნაკლების.
თუ ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ფასების ზრდას ვერ ეწევა, რა უნდა ვთქვათ პენსიებზე, რომლის ზრდა მხოლოდ განსაზღვრული პერიოდულობით არის შესაძლებელი. პენსიონერის მყიდველუნარიანობა მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული და ის 20-ლარიანი მატება, რომლითაც წლეულს გაიზარდა პენსია, მთლიანად შეჭამა ინფლაციამ. იმისთვის, რომ ფასების მატების კომპენსირება მომხდარიყო და შენარჩუნებულიყო პენსიის ძველი მყიდველუნარიანობა, საჭირო იყო დაახლოებით 33-35-ლარიანი მატება.
ქვეყანაში გაზრდილია ფულადი ტრანზაქციები, მაგრამ ამას მედალივით მეორე მხარეც აქვს. ის ცხადყოფს, რომ ქვეყნიდან მიგრაციის მასშტაბი არ შემცირებულა და მეტიც, უფრო იზრდება. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოდან გადიან ჩვენი მოქალაქეები და მათ ადგილს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირები იკავებენ. ჩვენი მოქალაქეების ჩანაცვლების კოეფიციენტი დაახლოებით 60-80%-ია, ანუ ყოველ გასულ საქართველოს მოქალაქეზე ბოლო დროს დაახლოებით 60-80%-ით იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან გასულთა 85%-ის ასაკი 20-დან 50 წლამდეა, მაშინ როცა ამ ასაკის კონტინგენტი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 41%-ია. როგორ უნდა ვისურვოთ შობადობის გაზრდა, როცა ყველაზე რეპროდუქციული, შრომისუნარიანი და ამბიციური ასაკის მოსახლეობა მასობრივად გადის ქვეყნიდან.
ეს არის ფიზიკური მიგრაცია, მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მიგრაციის კიდევ ერთ სახეობას, რასაც შეგვიძლია "ვირტუალური მიგრაცია" ვუწოდოთ. ვგულისხმობ ონლაინაზარტული თამაშებით მოსახლეობის გატაცებას, მათ მიერ გაღებულ ირაციონალურ ხარჯებს და ამისგან გამოწვეულ სოციალურ პრობლემებს. ესეც ხელს უწყობს ადამიანთა გაუცხოებას, აგრესიას, დესოციალიზაციას, რომლის შედეგებსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით.
რადგან ეკონომიკასა და ნეგატიურ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, არ მინდა გამომრჩეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ ბოლო 1 წლის განმავლობაში 2-ჯერ გადაუსწრო დენის წარმოების მატებას. ჩვენი მოხმარება 2-ჯერ უფრო იზრდება იმპორტის მოხმარების ხარჯზე და იმპორტში დიდი წილი სწორედ რუსეთის მიერ შემოტანილი ელექტროენერგიაა,
რაც ჩვენს დაუცველობასა და მოწყვლადობას ზრდის, რასაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორება.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მართალია, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ცოტა უკეთესობისკენ წავიწიეთ, მაგრამ წლის პირველ ნახევარში ისეთი ჩამორჩენა გვქონდა, რომ წინა წელთან შედარებით მაინც 17%-იანი კლება გვაქვს. თუმცა ინვესტიციებს მაინც ცოტა უფრო ფართოდ განვიხილავდი, რადგან მათი კომპენსირება ხდება ორი წყაროს საშუალებით - ფულადი ტრანზაქციებით, რომელთა მოცულობა იზრდება და ნოემბერში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი და მეორე - სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯებით საინვესტიციო პროექტებში. ეს მრავალმილიონიანი პროექტებია, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან სახელმწიფოს მიერ აღებული სესხებით. ამით ხდება სახელმწიფო სახსრების ინვესტირება გრძელვადიან პროექტებში და ეკონომიკურ ზრდას ესეც უზრუნველყოფს.
- მიმდინარე წლის ნეგატიური მოვლენების ჩამონათვალში დიდი ალბათობით მოხვდება ანაკლიის პორტიც, რომლის ოპერატორ კომპანიასაც მთავრობა პირობების შეუსრულებლობას ედავება და შესაძლოა წლის ბოლოს ხელშეკრულებაც შეუწყვიტონ... - ეს არის პროექტი, რომლის ლოგიკური დასასრული დაასაბუთებდა საქართველოში კერძო ინვესტიციების, ბიზნესის სოლიდურ ხასიათს. ეს, ფაქტობრივად, ხელიდან გაშვებული შანსია!
1-ლ იანვრამდე რამდენიმე დღე დარჩა და ყველაფერია მოსალოდნელი. იქნებ კონსორციუმმა მოახერხოს ინვესტორის მოძიება პროექტის გასაგრძელებლად. ეს პროექტი მიზეზთა გამო გაჯანჯლდა, თუმცა ის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ კარგი იქნებოდა, მასში მონაწილეობა კერძო სექტორს მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დასრულება სახელმწიფოს მოუწევს.
- არაერთი დაპირების მიუხედავად, 2020 წელსაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებლით ვხვდებით. რატომ ვერ მოვახერხეთ ამ პრობლემის წელში გადატეხა? - საქართველოში საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენცირება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლების თანაფარდობა ყველაზე დაბალშემოსავლიანთან 17/1-თან ნიშნულზეა და ეს მაშინ, როცა ზღვრულ მაჩვენებლად 10/1-თან ითვლება. შესაბამისად, ჩვენ, ფაქტობრივად, გვყავს ზომაზე მეტი ღარიბი და ამავე დროს ისეთი ფენა, რომელიც თავისი სოციალური სტანდარტით ნავთობმომპოვებელი ან სხვა მდიდარი ქვეყნის სოციალურ კატეგორიას უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მთავრობები იცვლებოდნენ და ყოველი ახალი მთავრობის ხელმძღვანელი ხაზს უსვამდა ეკონომიკის ინკლუზიურ ხასიათს, ჩვენ მაინც ვერ შევძელით, რომ მოქალაქეთა კეთილდღეობა მაღალ კორელაციაში აგვეყვანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან. ეს უნდა იყოს სერიოზული გამოწვევა და ამოცანა, რომ გაისად ეს კორელაცია გავზარდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება სოციალური პროტესტის პირდაპირი ან ლატენტური გამოხატვა. ის, რაც ახლა ხდება პოლიტიკაში, გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა 1,5-2-ჯერ მაღალი რომ იყოს.
- მომავალი წელი საარჩევნოა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორები კიდევ უფრო ფრთხილ და მოზომილ ნაბიჯებს გადადგამენ. უნდა ველოდოთ რამე გარდამტეხ ცვლილებებს ეკონომიკაში? - სხვათა შორის, წლეულს საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო ხელშეკრულებები დაიდო, რომელთაც მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი ექნება ეკონომიკური ზრდაში. მათ შორის არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობაც. მხოლოდ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტიდან 3,5 მილიარდი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული და ვფიქრობ, დასაქმების ზრდას ესეც შეუწყობს ხელს, ხოლო მაღალი ეკონომიკური ტემპის პირობებში შესაძლებელი იქნება განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა მოსახლეობის კეთილდღეობის გასაზრდელად. ჩვენი თვითმიზანი უნდა იყოს არა ლარის სტაბილურობა, არამედ მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ზრდა. იაპონიაში დაახლოებით 120 იენა ღირს 1 დოლარი, მაგრამ ამით იაპონელები დისკომფორტს არ განიცდიან. მთავარი ის კი არ არის, როგორი კურსი აქვს ლარს დოლარის მიმართ, მთავარია, დროის ყოველ მომდევნო პერიოდში ლარის მასით მოსახლეობის მყიდველუნარიანობა იმაზე მეტი იყოს, ვიდრე გასულ პერიოდში.