არაფერი აგვ-რევია: ქართველი ჩემპიონები იტალიურ ყინულზე!
ცეცხლოვანმა "აჭარულმა" ტურინის დარბაზიც "გაადნო"
ქართულ სპორტში და ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით 2019 წელსაც ბევრი მოულოდნელობა ვნახეთ. თუმცა "ტურინული სასწაული" განსაკუთრებულიც არის და ისტორიულიც: საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით გრან-პრის ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში!
იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფინალურ ტურში, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასი საერთაშორისო ტურნირია, ქართველმა წყვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა როგორც რიტმულ, ისე თავისუფალ პროგრამაში და ჯამური 174,90 ქულით= ჩემპიონი გახდა!
საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებული გრან-პრის სერიის საერთაშორისო ტურნირები 2019 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით 7 ეტაპად გაიმართა საფრანგეთში, აშშ-ში, ლატვიაში, რუსეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში და ეტაპების შედეგების გათვალისწინებით 28 ქვეყნის 74 წყვილიდან შეარჩიეს საუკეთესო შედეგების მქონე 4 ქვეყნის მხოლოდ ექვსი ყველაზე მაღალრეიტინგული წყვილი. მათ შორის მოხვდა კაზაკოვა-რევიას დუეტიც, რომელმაც ტურინის საციგურაო დარბაზი ჯერ ტომ პროფიტის მუსიკალური კომპოზიციით (In The End) "შეათბო", გალა-საღამოზე კი ყინულის მოედანი სულაც "აადუღა" "აჭარულის" მელოდიითა და ილეთებით.
"ამდენი იმისთვის არ გვიმუშავია, რომ რამის გვეშინოდეს. მაყურებელი ჩვენს სანახავად მოვიდა, ამიტომ უნდა გვეჩვენებინა, რაც შეგვიძლია. ახლა ემოციით ვართ სავსე და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რომ გავიმარჯვეთ", - თქვა გიორგიმ გამარჯვების შემდეგ.
გიორგი რევია 1999 წლის 3 აპრილს მოსკოვში დაიბადა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი საქართველოდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. გიორგიმ ციგურები პირველად მოსკოვში მოირგო, თუმცა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის აქტიური მუშაობის შედეგად 2016 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. ქალბატონი მაკა ამბობს, რომ გიორგი პატარაობიდანვე ქართული ჩოხით ასრულებდა ცეკვებს, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ არ ასპარეზობდა საქართველოს სახელით. მარია კაზაკოვასთან ერთად 2017 წლიდან სრიალებს.
ჯერ მხოლოდ მესამე სპორტული სეზონია, რაც კაზაკოვა-რევიას წყვილი ერთად გამოდის საქართველოს სახელით და ასე მოკლე დროში გრან-პრის მოგება ფიგურული ციგურაობის ისეთ სახეობაში, როგორიცაა სპორტული ცეკვები, მართლაც დიდებული შედეგია. იუნიორები არიან, მაგრამ ამ სეზონში სინიორების კატეგორიაშიც იასპარეზეს და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორი პროგრამის მომზადება დასჭირდათ. თავისუფალში უძლიერესი პროგრამა ჰქონდათ და უშეცდომოდაც შეასრულეს. რაც შეეხება "აჭარულს", მის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმესაათიანი მასტერკლასი იკმარეს. ისე კი, სადაური გვარისა თუ წარმომავლობისაც უნდა ყოფილიყვნენ, საყვედურსა და კრიტიკას არაფრით იმსახურებენ. მით უმეტეს, როცა საქართველოს სახელით ასპარეზობენ და ქართული ცეკვა შეასრულეს ჩვენი სახელითა და დროშით! დროშით, რომელიც დღეს ციგურაობის ტურნირების მუდმივი ფავორიტების - აშშ-ისა და რუსეთის დროშებზე მაღლაა.
სიმბოლურია, რომ ქართულმა წყვილმა იცეკვა ტომ პროფიტის მუსიკალურ კომპოზიციაზე In The End ("ბოლოში").
In The End? არა, ეს ბოლო ნამდვილად არ არის. მხოლოდ დასაწყისია, დიდი (იმედია) კარიერის დასაწყისი 20 წლის გიორგი რევიას და მისი კიდევ უფრო პატარა მეწყვილე მარია კაზაკოვასთვის.