NBA-ს ახალი ქართველი
20 წლის გოგა ბითაძისთვის 2020 წელი გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი ნამდვილად იქნება. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა პირველი სრულფასოვანი სეზონი უნდა გამართოს კალათბურთის მექაში – NBA-ში. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელ დრაფტზე ქართველი კალათბურთელი მეთვრამეტე ნომრად აირჩია აღმოსავლეთ კონფერენციის ბინადარმა "ინდიანა პეისერსმა" და როგორც პირველ რაუნდში არჩეულს, ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე ბოლოს ქართველი კალათბურთელი 2012 წელს ვნახეთ, სულ კი, ბითაძემდე, დრაფტზე ხუთი ჩვენებურია არჩეული: ვლადიმერ სტეფანია (1998 წელს), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2002), ზაზა ფაჩულია (2003), ვიქტორ სანიკიძე (2004) და თორნიკე შენგელია (2012). რაც მთავარია, ბითაძე არა მარტო ჩაირიცხა "ინდიანაში", თამაშობს კიდეც! მართალია, ჯერ იმდენს არა, რამდენიც მას და მის გულშემატკივრებს გვინდა, მაგრამ როცა ენდობიან, გოგა შედეგიანად და უშიშრად თამაშობს და ცხადია, მომავალ სეზონში გაცილებით ნაყოფიერი და თავდაჯერებული იქნება.
ბოლო სეზონებში ბითაძის პროგრესი ისეთი თვალსაჩინო იყო, ეჭვი არავის გასჩენია, რომ ახალგაზრდა ქართველის კარიერა აუცილებლად ოკეანის გაღმა გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა და 2019 წლის დრაფტზე "ინდიანამ" მე-18 ნომრად აირჩია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ აღიარებული ქართველი. ამგვარად, გოგა გახდა მეექვსე ქართველი, ვინც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩიეს.
ახალგაზრდა მოთამაშეების არჩევის ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება ნიუ-იორკში – NBA-ს სეზონის დასრულების შემდგომ. NBA-ს კლუბებს რიგის მიხედვით აჰყავთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც ან გუნდში იტოვებენ, ან ასხვისებენ, ან მეტი გამოცდილების მისაღებად განვითარების ლიგაში გზავნიან. დრაფტის მთავარი არსი ის არის, რომ ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაში იყოს და პერსპექტიული მოთამაშეების გადაბირებისას მდიდარმა კლუბებმა პრივილეგიით არ ისარგებლონ. სწორედ ამის გამოა, რომ დრაფტზე კლუბები ადგილებს წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით ინაწილებენ, ოღონდ უკუღმა: რაც უფრო ქვევით ხარ ცხრილში, მით მაღალი ადგილი გაქვს დრაფტის დროს. პლეი-ოფში მონაწილეობას არანაირი პრივილეგია არ გააჩნია, დრაფტის პირველი ოთხი ადგილი კი ლატარიით თამაშდება.
წლევანდელ დრაფტზე არჩეული ოცი მოთამაშიდან 18 ფერადკანიანია! ყველამ ვიცით, რომ კალათბურთი "შავკანიანების თამაშია" და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველაზე უკეთაც სწორედ ისინი თამაშობენ, მაგრამ... ეჭვი არ გვეპარება, რომ გოგა ბითაძე სათქმელს "შავებშიც" იტყვის.
"ინდიანა პეისერსი" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის წევრია და გასული რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში კი "ბოსტონთან" დამარცხდა. გოგას პოზიციაზე "პეისერსს" ჰყავს მაილს ტერნერი და დომასტას საბონისი, რომლებიც ისედაც ერთმანეთში იყოფდნენ სათამაშო დროს, ახლა კი კონკურენციაში ბითაძეც ჩაერთო.
გოგა ბითაძე დრაფტზე საქართველოს დროშისგამოსახულებიანი ბაფთით გამოცხადდა, "ინდიანას" არჩევის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში კი აღნიშნა, რომ ახდენილ ოცნებას თავის ქვეყანასა და ოჯახს უძღვნის...
გოგა ბითაძისთვის ამერიკული კარიერა ახლა იწყება. შესაძლოა პირველივე სეზონში არ მიეცეს თავის სრულფასოვნად წარმოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ მისი მონაცემებისა და შრომისმოყვარეობის გათვალისწინებით აუცილებლად ითამაშებს დიდ კალათბურთს!
იმასაც ამბობენ, რომ "ინდიანა" ქართველ ცენტრს სხვა კლუბში გაცვლის/გაანათხოვრებს. ასეც რომ მოხდეს, ბითაძისთვის მთავარია, რომ უკვე შედგა ფეხი კალათბურთის მექაში. მთავარია, სათამაშო დრო ჰქონდეს და დააგროვოს პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში თამაშის გამოცდილება და მისი მონაცემებისა და ხასიათის პატრონი აუცილებლად იპოვის თავის ადგილს NBA-ს გამორჩეულ მოთამაშეთა შორის...