მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.30 წლის დაშავებული ტურისტის დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, 8 მაშველის შემადგენლობით. მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან. მოქალაქე მაშველების მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება",-ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"