აფხაზეთში ხანძარს ებრძვიან - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ხანძარს ებრძვიან

აფხაზეთში, ამ დროის მონაცემებით, ხანძრის სამი კერა ფიქსირდება - სოხუმის რაიონში, გაგრის მთებში და ოჩამჩირეს რაიონში. „სპუტნიკ-აფხაზიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრის მოადგილე სატბეი გინდიამ განაცხადა.

"გაგრაში ხანძარი 22 დეკემბერს დაფიქსირდა. პრობლემა იმაშია, რომ ადგილი მიუვალია, სადაც ვერ მიდიან ტექნიკა და მეხანძრეები. ჩვენი თანამშრომლები პოსტზე დგანან და თვალს ადევნებენ, რომ ხანძარი საცხოვრებელ სექტორში არ გავრცელდეს. ჯერ არ შეგვიძლია ხანძრის ქრობა. თუმცა, არც დიდი ფართობი იწვის, რომ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მივმართოთ ავიაციის ჩასართავად" - განაცხადა გინდიამ.

მისი ინფორმაციით, რაც შეეხება ხანძარს სოფელ გუდაუთაში, აფხაზმა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს.

სოხუმის რაიონის სოფელ აკაპაში ტყე იწვის, სადაც მეხანძრეები ცეცხლს ხელით აქრობენ. აქ ხანძარი 21 დეკემბერს გაჩნდა, რომელმაც ტყის ათამდე ჰექტარი მოიცვა.

"ინტერპრესნიუსი"