"ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს"
ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საღმთო ლიტურგია აღევლინა.
ივანიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს რთულია ქართველების ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება, "ამას სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა".
"ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ, თუ გნებავთ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს",- განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, 25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა.
"ინტერპრესნიუსი"