"ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ასეთი ტრადიცია..."
ცნობილების საახალწლო ტრადიციები
ცნობილი ადამიანები საკუთარ საახალწლო ტრადიციებს იხსენებენ, წარსულისა თუ დღევანდელი ახალი წლის ემოციებს გვიზიარებენ. ამჯერად, სამივე რესპონდენტი რეალისტი აღმოჩნდა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მათგანს თოვლის ბაბუის არსებობა არ სჯეროდა და იცოდა, რომ საახალწლო საჩუქარი მისთვის დედას, მამას თუ ახლობელს მოჰქონდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
რუსუდან ბოლქვაძე:
"ძველი ყაიდის ბებიას რიტუალსაც აუცილებლად ვასრულებდით. ოჯახის წევრებს ხელი უნდა ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის, 1-2 წრე დაგვერტყა ნაძვის ხის გარშემო და გვემღერა - "ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო, რა ლამაზი ხარ". ძველ სათამაშოებს კარგა ხანს ვინახავდი, მერე რაღაცები დაიმტვრა. საერთოდ, მიყვარს ძველი ნივთების შენახვა. დღემდე გვაქვს შემორჩენილი დედაჩემის ბავშვობის დროინდელი პაწაწინა ნაძვის ხე (ორი მტკაველი იქნება) თავისი პაწაწკუნტელა სათამაშოებით. ეს ფაქტობრივად ჩვენი რელიკვიაა. ზოგჯერ დიდ ნაძვის ხეს აღარც ვდგამთ, ამ პატარას გადმოვასკუპებთ ხოლმე ახალი წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე (იცინის)..."
"ოჯახში მამაჩემს ჰქონდა ასეთი ტრადიცია - როცა გვეძინა, საჩუქრებს ბალიშის ქვეშ გვიდებდა. დილით გავიღვიძებდით და დაგვხვდებოდა. ნაძვის ხის მორთვაც რიტუალი იყო მამასთვის. მე, ჩემი ძმა და მამა ერთად ვაწყობდით ხოლმე, მოსართავებსაც ხშირად თავად ვამზადებდით".
მანანა კაზაკოვა:
"თოვლი მიყვარს ძალიან და მახსოვს, თბილისში ახალ წელს ვგუნდაობდით ხოლმე, ციგაც მქონდა... ზოგჯერ ვამბობ, გრინჩმა საქართველოში თოვლიც ხომ არ მოიპარა-მეთქი? ჩემს ასაკში, უფრო რეალური და მიწიერი ხდები ადამიანი, მაგრამ ზეიმის შეგრძნება რომ გაქვს, ეს ბავშვობის დამსახურებაა. როგორც საახალწლო სუფრის გაწყობა, დიასახლისისთვის ნაძვის ხის აწყობაც ერთგვარი შეჯიბრებაა, ვისი ნაძვის ხე უფრო ლამაზი იქნება?.."
ლაშა ღლონტი:
"სახლის გარდა, აივანიც მოვრთეთ ფერადი ნათურებით და ღამე განათებული გვაქვს. უცხოეთში ხშირად ვარ გასტროლებზე, სადაც ძალიან მომწონს წინასაახალწლოდ გალამაზებული სახლები და იქიდან რაღაცები აქეთ გადმოვიტანე..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ნანული ზოტიკიშვილი