"მენატრები, დედა" - თავისუფლება სხვა წესებით
რეპორტაჟი არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან
თბილისის გარეუბანში, ავჭალაში, მტკვრის პირას რამდენიმე ათას კვ. მეტრზე შენობებია განლაგებული, ტერიტორია ბეტონის გალავნით და ეკლიანი მავთულხლართითაა შემოღობილი. ეზოს მთელ პერიმეტრზე დაცვის კოშკურებია მოწყობილი.
აღწერილ ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილატიო დაწესებულებაა განთავსებული, სადაც ის არასრულწლოვნები ხვდებიან (14-18 წ) რომლებსაც კანონთან პრობლემები აქვთ.
ამ დროისთვის დაწესებულებაში, რომელიც 100 პერსონაზეა გათვლილი, 27 მსჯავრდებული იხდის სასჯელს, მათგან ორი სტუდენტია, 20 სკოლის მოსწავლე, ხუთმა მათგანმა კი სწავლაზე უარი თქვა.
kvirispalitra.ge რეპორტაჟის მოსამზადებლად არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ესაუბრა.
რატომ ექმნებათ კანონთან პრობლემები არასრულწლოვნებს?
დაწესებულებაში გვითხრეს, რომ არასრულწლოვნების აქ მოხვედრაში დამნაშავე უმრავლეს შემთხვევაში სოციალური ფონი, ოჯახში პრობლემები და მზრუნველობის დეფიციტია.
აქაური ინფრასტრუქტურა მრავალგვარია, ბიბლიოთეკა, სპორტული კუთხე, კომპიუტერული თამაშებისთვის განკუთვნილი ოთახი, საკლასო ოთახი და საკანი რკინის 2-სართულიანი საწოლით, მაგიდით, ტელევიზორით, საშხაპით. პაემნების ოთახი, ვიდეოპაემნის ოთახი, სტადიონი. ეზოში ეკლესიაც არის, სადაც შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვა-ლოცვა ტარდება.
მსჯავრდებულებს დღის პირველ ნახევარში გაკვეთილები აქვთ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთია. დერეფანში, გაკვეთილების ცხრილი და სხვადასხვა თვალსაჩინოებაა გამოფენილი.
მსჯავრდებულები აქ საჯარო სკოლების საერთო სასკოლო პროგრამით სწავლობენ. დღის მეორე ნახევარში სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამას გადიან. ბიჭების საყვარელი საგანი მათემატიკაა. უყვართ ფეხბურთის თამაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ბიჭებს სურვილი აქვთ მათთან ამხანაგური მატჩის გასამართად, რომელიმე საფეხბურთო გუნდი ან მათი თანატოლები შევიდნენ.
რამდენიმე თვეა, რაც მსჯავრდებულებმა მუსიკალური ბენდი შექმნეს. ხუთკაციანი შემადგენლობა კონცერტისთვის ემზადება, პროგრამა მზადაა, ახლა რეპეტიციები მიმდინარეობს, იმისთვის რომ საახალწლოდ ბიჭები მსმენელისა და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, ბენდის შემადგენლობაზე პროფესიონალი პედაგოგი ზრუნავს.
დაწესებულებაში ხატვის განყოფილებაცაა, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ხატვაც ისწავლოს. თუმცა, ყველაზე მოთხოვნადი მაინც სპორტია.
ბიბლიოთეკა და აკრძალული "მგლები"
ბიჭები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, წიგნები გააქვთ, კითხულობენ და უკან აბრუნებენ. როგორც გვითხრეს, ხშირად ითხოვენ დეტექტიური ჟანრის წიგნებს, თუმცა შეზღუდულია მძაფრი და კრიმინალური ისტორიების შემცველი ლიტერატურა. ბიბლიოთეკაში გვითხრეს, რომ მოზარდები გოჩა მანველიძის "მგლებს" საკმაოდ ხშირად ითხოვენ, თუმცა ის აკრძალული ლიტერატურის ჩამონათვალშია.
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე თვის წინ ცენტრში ტატუს მოშორების პროგრამა დაიწყო, რომელშიც შვიდი არასრულწლოვანი ჩაერთო.
მეთვალყურე, მუდმივი კონტროლი, უამრავი კამერა, პენიტენციური დაწესებულების აუცილებელი პირობაა. თავისუფლად შეგიძლია სკოლიდან ეზოში გახვიდე, დაწესებულებაში დამონტაჟებული ტელეფონით ისარგებლო რამდენჯერაც გინდა, დაკავდე სპორტით, ეზოში გაისეირნო, მაგრამ აქ, ამ სივრცეში, სადაც მსჯავრდებული არასრულწლოვნები ცხოვრობენ, ყველაფერი რეჟიმთან შესაბამისობაშია.
აქ თავისუფლების სხვა წესებია - თავისუფლება თავისუფლების შეზღუდვით.
ისტორიები არასრულწლოვანთა ცენტრიდან
"მენატრები, დედა" საუბრის დაწყებამდე შევიტყვე, რომ თემოს დაბადების დღე ჰქონდა, 16 წლის გახდა, საუბარი ბიბლიოთეკის ოთახში შედგა. ცხადია ყველაფერი საუკეთესო ვუსურვე. თუმცა ძნელია ამ დროს ყველა სიტყვა სწორად წარმოთქვა, ისე რომ ფრაზამ, სიტყვამ მიმიკამაც კი არ ატკინოს გული მოზარდს. ბევრი რამის კითხვა მსურდა, თუმცა აქ ამ სივრცეში ამის ადგილი არ იყო. თემო, ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად რამდენიმე თვეა რაც აქ ცხოვრობს. სწავლობს, მათემატიკა ხიბლავს, ხატავს და ძერწავს. მისი გამოძერწილი სასანთლე ბიბლიოთეკის თანამშრომლის თაროს ამშვენებს. მოსწონს ძერწვისა და ხატვის პროცესი. თემოს ნახატი ვნახე - ზამთარი, დათოვლილი ნაძვები, მთები და გაყინული სივრცე.
რა ენატრება? - მშობლიური ქალაქი და დედა. #11 სარეაბილიტაციო ცენტრში ქურდობის გამო მოხვდა, ამბობს, რომ ნაქურდალი ტელეფონის მოდელი აინტერესებდა, ახლა ფიქრობს, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. გადაწყვეტილი აქვს, აქაურობას როგორც კი თავს დააღწევს, ბავშვების საყვარელი გასართობი სასეირნო მანქანების პარკი მოაწყოს და იმუშაოს.
"დაუჯერეთ მშობლებს!" საოცარი ბიჭი, ჭკვიანი მზერით და სპორტული აღნაგობით. აქ სამი თვის წინ მოვიდა. ამბობს, რომ მომდევნო "სულ რაღაც ოთხი წლის" ათვლა უკვე დაიწყო. 16 წლის ირაკლიც ქურდობის გამო მოხვდა. ამბობს, რომ ჩადენილზე ბევრს და ხშირად ფიქრობს... ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით აგატა კრისტის დეტექტივები მოსწონს, სკოლის საგნებიდან მათემატიკა ეხალისება. ბევრს ვარჯიშობს და თამაშობს ფეხბურთს.
მშობლები და ჩემი ქალაქი მენატრება... ჩემი იდეალი მამაა, რომელიც მენდობოდა, მესაუბრებოდა, შეცდომების გამო თითქმის არასდროს მსჯიდა. ვნანობ, რომ მის რჩევებს არ ვითვალისწინებდი, არ ვუჯერებდი...", - ამბობს და თვალები უწყლიანდება.
რატომ დაუშვა შეცდომა? პასუხი არ აქვს. რაში სჭირდებოდა ფული? გვითხრა, რომ ოჯახს მისი "ნაშოვნი" ფულის საჭიროება არ ჰქონდა, თუმცა თავად უხაროდა სხვისი გახარება.
ირაკლის გარეთ შეყვარებული ელოდება.
დასასრულ ერთ გზავნილს მატანს თანატოლებთან: "დაუჯერეთ მშობლებს!"
მუსიკის ფონზე წაკითხული "მესაფლავე"
ბექას კეთილი ღიმილი და ციმციმა თვალები აქვს, ბენდში უკრავს. საყვარელი კომპოზიტორი არა, მაგრამ საყვარელი პოეტი ჰყავს. ემზადება, მუსიკის ფონზე გალაკტიონის "მესაფლავე" უნდა წაიკითხოს. ერთ-ერთი კომპოზიცია, რაზეც ბენდი მუშაობს, ჩვენი მკითხველისთვის გამანდეს, - "ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე".
ბექას დიდი ოჯახი აქვს, დედმამიშვილები, ბებია, მშობლები. ბებია პროფესიით მზარეულია, დედა დიასახლისი. ამბობს, რომ ძალიან ენატრება ოჯახი. "მამას დიდი გეგმები აქვს, სოფლის მეურნეობის გაფართოვების კუთხით, "ახლა მე მელოდება, როცა გავალ აუცილებლად დავუდგები გვერდში", - ამბობს ბექა.
დაჭერამდე თურმე მშენებლობაზე მუშაობდა, ხელფასიც ჰქონდა.
"შენ თუ არ გინდა, შეცდომას სხვა ძალით ვერ ჩაგადენინებს, ეს გამორიცხულია, თუ გინდა არ მოიპარო ეს ძალიან ადვილია, საკუთარ თავს არ მისცემ ამის უფლებას. დიდხანს არც ვიპარავდი, მაგრამ იმ დღეს, როცა ეს მოხდა ნასვამი ვიყავი, შეცდომა ყოველთვის ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მომდიოდა. ახლა ამ წუთებს ძალიან ვნანობ".
ბექას ძალიან უნდა ჯარში იმსახუროს და საზღვაო აკადემიაში ისწავლოს. ეს მომავლის გეგმებია. ირაკლის მსგავსად ისიც შეყვარებულია, გარეთ მასაც ელიან...
როცა ეს ბიჭები, თავისუფლები იქნებიან, საინტერესოა, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო. ისევ, ისე ვიზრუნებთ მათზე, როგორც ეს სასჯელის მოხდის დროს იყო თუ, სამსახურის შოვნას წლები და ახლობლების ჩართვა დასჭირდება, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ისინი ისევ არ აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა.
ვთავაზობთ მათ სამუშაოს, რომ საკუთარი თავის რჩენა შეძლონ, რომ შეცდომა, რის გამოც ისინი მრავალი წლის განმავლობაში მსჯავრდებულის სტატუს ატარებდნენ, აღარ გაიმეორონ? შეუძლია საზოგადოებას არ გარიყოს და დახმარების ხელი გაუწოდოს? არის კი სახელმწიფო თავის მოქალაქეებიანად ამისთვის მზად? მზად ვართ, რომ ამ ბავშვებს რაც გინდათ ის დავარქვათ ციხის კედლები თუ სარეაბილიტაციო ცენტრი - ცხელი საჭმლით და თბილი ლოგინით სანატრელი არ გაუხდებათ?
სტატიაში მსჯავრდებულების სახელები შეცვლილია.
პროექტზე მუშაობდნენ: ლამუნა ირემაშვილი და ეკა გადახაბაძე