"ვნანობ, რომ მის რჩევებს არ ვითვალისწინებდი, არ ვუჯერებდი..." - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ მის რჩევებს არ ვითვალისწინებდი, არ ვუჯერებდი..."

თბილისის გარეუბანში, ავჭალაში, მტკვრის პირას რამდენიმე ათას კვ. მეტრზე შენობებია განლაგებული, ტერიტორია ბეტონის გალავნით და ეკლიანი მავთულხლართითაა შემოღობილი. ეზოს მთელ პერიმეტრზე დაცვის კოშკურებია მოწყობილი.

აღწერილ ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილატიო დაწესებულებაა განთავსებული, სადაც ის არასრულწლოვნები ხვდებიან ( 14-18 წ), რომლებსაც კანონთან პრობლემები აქვთ.

ამ წდროისთვის დაწესებულებაში, რომელიც 100 პერსონაზეა გათვლილი, 27 მსჯავრდებული იხდის სასჯელს, მათგან ორი სტუდენტია, 20 სკოლის მოსწავლე, ხუთმა მათგანმა კი სწავლაზე უარი თქვა.

"კვირის პალიტრა" რეპორტაჟის მოსამზადებლად არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ესაუბრა.

გთავაზობთ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ისტორიას:

"დაუჯერეთ მშობლებს!"

საოცარი ბიჭი, ჭკვიანი მზერით და სპორტული აღნაგობით. აქ სამი თვის წინ მოვიდა. ამბობს, რომ მომდევნო "სულ რაღაც ოთხი წლის" ათვლა უკვე დაიწყო. 16 წლის ირაკლიც ქურდობის გამო მოხვდა. ამბობს, რომ ჩადენილზე ბევრს და ხშირად ფიქრობს...

ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით აგატა კრისტის დეტექტივები მოსწონს, სკოლის საგნებიდან მათემატიკა ეხალისება. ბევრს ვარჯიშობს და თამაშობს ფეხბურთს.

"მშობლები და ჩემი ქალაქი მენატრება... ჩემი იდეალი მამაა, რომელიც მენდობოდა, მესაუბრებოდა, შეცდომების გამო მას თითქმის არასდროს მსჯიდა. ვნანობ, რომ მის რჩევებს არ ვითვალისწინებდი, არ ვუჯერებდი...", - ამბობს და თვალები უწყლიანდება.

რატომ დაუშვა შეცდომა? პასუხი არ აქვს. რაში სჭირდებოდა ფული? გვითხრა, რომ ოჯახს მისი "ნაშოვნის" ფულის საჭიროება არ ჰქონდა, თუმცა თავად მოინდომა სხვისი გახარება და...

ირაკლის გარეთ შეყვარებული ელოდება.

დასასრულ ერთ გზავნილს მატანს თანატოლებთან: "დაუჯერეთ მშობლებს!" იხილეთ სრულად

ლამუნა ირემაშვილი