ხიბლი, რომელიც სილამაზეზე მეტია...
ჯინ პაჩეტი - მოდელი, რომელმაც მსოფლიო მოდაში გამორჩეული სტილი დაამკვიდრა
გოგონა წარმატების ძიებაში ნიუ-იორკის გარეუბნიდან დიდი ამბიციით ჩავიდა ნიუ-იორკში და სამოდელო ინდუსტრიის ფუძემდებელ ელეინ ფორდს შეხვდა. სწორედ აქედან იწყება მისი თავგადასავალი. ის გახლდათ უამრავი ჟურნალისა და კომპანიის, მათ შორის, ქართველი არჩილ გურიელის მეუღლის, ელენა რუბინშტაინის ბრენდის სახე. ამერიკული სამოდელო ბიზნესი არ ივიწყებს გასული საუკუნეების მოდელებს, როგორც სამაგალითო ქალებს და ამით მოდელების ახალ თაობას სილამაზის მაღალი სტანდარტისკენ მოუწოდებს. ლეგენდარული ჯინ პაჩეტის ცხოვრების შესახებ NBC News, CNN, Reuters-ის ჟურნალისტი, ამერიკის პროდიუსერთა გილდიის წევრი და ჯინ პაჩეტის ბიოგრაფიული წიგნის ავტორი რობერტ ლილი გვიამბობს.
- ჯინ პაჩეტის ფოტოები 1948-დან 1960 წლამდე 111 საუკეთესო ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა. ჯინი ძალიან შრომისმოყვარე იყო. ფოტოგრაფი უილიამ ჰელბერნი ამბობდა, რომ პაჩეტს შეეძლო შესანიშნავად წარმოეჩინა მაღალი მოდა და იმავდროულად, რეკლამა გაეწია ამა თუ იმ ბრენდისთვის.
- ლეგენდარულმა მოდელმა დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელი ფოტოხელოვანის ირვინგ პენის შემოქმედებაში.
- ირვინგ პენი ჯინს განსხვავებულ ფოტოებს უღებდა და ასწავლიდა, სამოსთან ერთად როგორ მოერგო ამა თუ იმ პერსონაჟის როლი. ჯინი დიდხანს ითვლებოდა პენის მუზად - მანამ, სანამ მომავალ მეუღლეს, ლიზა ფონსაგრივს შეხვდებოდა.
- როგორ ფიქრობთ, ჯინს რომ ამ ეპოქაში ეცხოვრა, ისეთივე პოპულარული იქნებოდა? - ვფიქრობ, სილამაზის სტანდარტები არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, და როლი, რომელიც მოდელმა უნდა მოირგოს კამერის წინ. რაც შეეხება პოპულარობას, ნიჭიერი მოდელები, მაგალითად, ჯინ პაჩეტი, სუზი პარკერი და დოვიმა, დღეს მეტად პოპულარულები იქნებოდნენ, რადგან "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდი, "იუთუბის" არხი და "ტვიტერი" ექნებოდათ.
- რა იმალებოდა ჯინ პაჩეტის მომხიბვლელობის მიღმა? - ჯინის გარეგნობის ერთ-ერთი განსაკუთრებული შტრიხი იყო თვალთან ხალი. ამასთან, ის "გრძნობდა" სამოსს და უბრალო კაბასაც კი საუკეთესოდ წარმოაჩენდა. რამდენიმე ამონარიდს წაგიკითხავთ ჯინის 1955 წლის ინტერვიუებიდან და მკითხველი თავად გამოიტანს დასკვნას: "მოდელი გარკვეულწილად მსახიობიცაა. როცა ფოტოგრაფი ეტყვის, მიიღე გაოცებული ან გაბრაზებული სახე, თითქოს ვიღაცამ ფეხი დაგადგაო, ეს უნდა განასახიეროს. გარდა ამისა, ნამდვილი მოდელი უნდა "გრძნობდეს" სამოსს და მის დემონსტრირებას ისე ახდენდეს, რომ კაბის ხასიათს შეესაბამებოდეს".
ერთმა ფოტოგრაფმა თქვა: "ჯინს აქვს უნარი, უბრალო თეთრი კაბა ისე მოირგოს, რომ საოცრად ელეგანტურ, მოდურ ქალბატონს ჰგავდეს. სხვა ქალი იმავე კაბას ისე ჩაიცვამდა, ვერც შენიშნავდით".
ირვინგ პენი ასე ახასიათებდა თავის მუზას: "ჯინი არ არის სილამაზის კლასიკური სტანდარტების ქალი, მაგრამ მას აქვს ინტელექტუალური ხიბლი, რომელიც მის გარეგნობაზე აირეკლება".
ლეგენდარული მოდელი 2002 წელს გარდაიცვალა. თავბრუდამხვევი კარიერის მიუხედავად, ქალისთვის უპირველესი ოჯახი იყო, მაშინაც კი, როცა პოპულარობის მწვერვალზე გახლდათ.