"თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე"
თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე - მე ბოდიში მოვუხადე მათ იმის გამო, რომ შეაწუხეს ჩემ გამო, და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მას არ შეეძლო, საბოლოო სიტყვაში ადგილობრივი მოსახლეობისადმი მადლიერება არ გამოეხატა.
"საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება. მე თვენახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. შეიძლება, თავიდანვე არასწორი გზა ავირჩიე, რომ მხოლოდ პურს ვიღებდი და კვერცხს, სხვა იქაური, ციხის საჭმელი მე არ მიჭამია. იყო ადგილობრივი მოსახლეობის ამ გზავნილებით, რომელიც ჩემს სახელზე იყო, და მათ მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. ზუსტად იმავე სიტყვებით ვთქვი მე იქ და შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს. მე ბოდიში მოვუხადე მათ იმის გამო, რომ შეაწუხეს ჩემ გამო, და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას იტყვის იმ რისკთან დაკავშირებით, რაც არსებობდა, როდესაც ის თავის პაციენტთან მიდიოდა, გაფრინდაშვილმა უპასუხა, რომ რისკი ყოველთვის არის.
"იცით, რა არის, რისკი ყოველთვის არის, ქუჩაშიც რისკი გვაქვს, ხომ, მაგრამ იქ, მე ასე თუ ისე, ალბათ ვეცადე, ჩემი საექიმო მოვალეობა ნაწილობრივ შემესრულებინა. მიუხედავად საოკუპაციო ხაზისა", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ექიმმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიტყო მისი გათავისუფლების შესახებ.
"დაახლოებით, დილის, 09:25 წუთი იყო, დაცვა შემოვიდა, იკითხეს ეს ყველაფერი შენიაო? კი, აბა, სხვისი რა უნდა უნდა იყოს-მეთქი. ციხის უფროსი გეძახის, გაგიშვესო. წარმოდგინეთ, ის ბარგიც მე არ ჩამილაგებია. მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, ახალი წლისთვის შენახული. ცხადია, იქ, რაღაც პატარა ზეიმი იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ საერთო სუფრაზე შევიტანდი, ან თუ გამომიშვებდნენ, ვინმეს დავუტოვებდი", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ექიმის თმით, მისი გათავისუფლების საკითხი 12 საათის განმავლობაში გადაწყდა.
იხილეთ ვიდეო