დარქნეტი - სიკვდილის ქსელი!
"ნარკომოვაჭრეთა ჯგუფი თბილისში, აფრიკის დასახლებასა და ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში ნარკოტიკებს ამზადებდა..."
სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ ნარკორეალიზატორების გამოსავლენად, მაგრამ ფაქტია, პრობლემა მწვავეა. გასულ კვირას შსს-ში უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემის დეტალებზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ ამოღებული ნარკოტიკის საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. ისიც გაირკვა, რომ თბილისსა და ბათუმში ლაბორატორიებიც ჰქონიათ, სადაც ნარკოტიკებს ამზადებდნენ. უკვე დაპატიმრებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის საქართველოს 1 მოქალაქე, ყირგიზეთის - 3, 1 - უკრაინის, ხოლო 1 პირი ყაზახეთის მოქალაქეა. ისინი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკავეს. ბრალდებულების საცხოვრებლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან 21 კგ-მდე ფხვნილის და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ამოიღეს. ჯგუფს ლაბორატორიები ბინებში ჰქონდა მოწყობილი. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, არც მათი ადვოკატები საუბრობენ ჟურნალისტებთან...
დაკავებულებს შორის უკრაინის მოქალაქე ერთი ქალია. მას ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები. როგორც მეზობლები ამბობენ, იქ შვილთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ მას ედავება გამოძიება დანაშაულის ორგანიზატორობას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო დაჯგუფება ინტერნეტაპლიკაცია "ტელეგრამში" შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვას და რეალიზაციას ახდენდა... უკრაინის მოქალაქე ნ.კ. კადრებს არჩევდა, საქართველოში ჩამოჰყავდა და კოორდინაციას უწევდა. რუსეთის მოქალაქე რ.ი.-ს ფიქციური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკის დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები... ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ. თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიებში ნარკოტიკულ საშუალება "ალფა-პვპს" ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. ამ ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს კი ხელმძღვანელებს უგზავნიდნენ... ყაზახეთის მოქალაქე ხ.ტ. ,,ალფა-პვპს" იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა. ყირგიზეთის მოქალაქეები უ.შ. და ა.ბ. "ალფა-პვპს", რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა იღებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილებზე დებდნენ".
ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი: - "ალფა-პვპ" სინთეტიკური ნარკოტიკია. მისი ქუჩური სახელია "ფლაკა"... დღე არ გავა, ვინმე არ მოხვდეს კლინიკაში უძლიერესი აღგზნებით, ფსიქოზით ან კომატოზური მდგომარეობით. ამ ნარკოტიკის ყველაზე საშიში გამოვლინებაა დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომელიც ძალიან მალე ვითარდება და ვლინდება პარანოიით, აგრესიით, თვითდაზიანებით, მეტყველებისა და მოძრაობის გაძნელებით, ჰალუცინაციებით, ძლიერი შიშით, უძილობით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით და ინფარქტით, სუიციდური აზრებითა და მძიმე დეპრესიით. მისი მომხმარებლები ვერ აღიქვამენ რეალობას ადეკვატურად, არიან დაკარგულები დროსა და ვითარებაში. ზედოზირება ხასიათდება მაღალი ცხელებითა და მიოკარდიუმის ინფარქტით... მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას - ეს ვნებს ჩვენს შვილებს, მათ უნდა ავუხსნათ, როგორი უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას.
დარქნეტი"(არალეგალური საქონლის ბაზრობა ინტერნეტში, ანონიმური ქსელი) დღითი დღე მძლავრი ხდება, რასაც სახელმწიფომ უნდა დაუპირისპიროს ნარკოპოლიტიკური სტრატეგია. ამჯერად 21 კილოგრამი და 10 ლიტრია ამოღებული, მაგრამ სამალავებში კიდევ რამდენი იქნება ჩამარხული?! საშუალოდ ერთი მომხმარებელი დღეში 1-დან 3 მილიგრამამდე ნარკოტიკს მოიხმარს და წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა საუბარი.