სპეციალური დანიშნულების ტროლები
ცოტა ხნის წინ "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ასობით ყალბი ფეისბუკანგარიში მოქმედებდა. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს "ფეისბუკის" კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჰერი, ნათქვამია, რომ ადმინისტრაციამ გააუქმა საქართველოში მოქმედი გვერდები და ჯგუფები, რომლებიც "კოორდინირებული არაავთენტურობით (არადამაჯერებელი) გამოირჩეოდნენ. სულ წაიშალა 418 ქართული ფეისბუკპროფილი, გვერდი და ჯგუფი. მათგან 39 პროფილია, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში. "ფეისბუკის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო საგანგებოდ შექმნილი ქსელი ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად. ეს გვერდები პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაორგანიზაციები. მათი პოსტები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე და უმთავრესად შეეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს. პოსტების რეკლამაში 316 000-მდე აშშ დოლარი დახარჯეს.
ექსპერტთა ნაწილის აზრით, ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით ცრუინფორმაციის გავრცელებაზე არც ხელისუფლება ამბობს უარს და არც ოპოზიცია. მეტიც, ეს სისტემა მიმზიდველია ბიზნესისთვისაც - გაჩნდა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს აწყობილ სქემებს სთავაზობენ. საინტერესოა, როგორია ტროლებისა და ბოტების მუშაობის სისტემა, რა აუცილებლობამ განაპირობა ამ ტექნოლოგიის შექმნა და რა საფრთხეს უქმნის ის საზოგადოებას.
ამ თემაზე უფრო ვრცლად კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო გოცირიძე და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრებიან.
"ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასთან ბრძოლაში მოსახლეობის ცნობიერებაა"
ანდრო გოცირიძე: - კრემლმა ინტერნეტის და საინფორმაციო ველის ძალა ჯერ კიდევ 2011 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ "ფეისბუკში" დაინახა და გააძლიერა საინფორმაციო სივრცის საკონტროლო ღონისძიებები. რუსულმა სპეცსამსახურებმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ტროლების ტექნოლოგიის გამოყენება. მათი მიზანი იყო ინტერნეტში, ერთი მხრივ, ჩაეხშოთ, გამოედევნათ ოპოზიციის აზრი, ხოლო მეორე მხრივ, მოეხდინათ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაცია. ბოლო დროს საინფორმაციო სივრციდან ანტირუსული ინფორმაციის და განწყობების გამოსადევნად ეს ტექნოლოგია გამოიყენეს უკრაინაში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, დიდი ალბათობით, საქართველოშიც. ტექნოლოგია დაიხვეწა და სახელმწიფო დონემდე ავიდა.
ანაზღაურებადი ტროლების უმსხვილესი დაჯგუფებაა ინტერნეტის კვლევის სააგენტო (The Internet Research Agency (IRA), იგივე Trolls from Olgino) - კრემლისგან დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც პროსამთავრობო, ხშირად ცრუკონტენტს აქვეყნებს ან ონლაინდისკუსიაში კრემლის სასარგებლოდ ერთვება. ორგანიზაციის ამოცანაა "დასავლურ გავლენასა" და ანტირუსულად განწყობილ მედიასთან ბრძოლა. ტროლებს ანაზღაურებას უხდიან ანტირუსული სტატიების კომენტირებაში, რეჟიმის საწინააღმდეგო ვიდეოების dislike-აქციაში, ყალბი ონლაინპროფილების მართვასა და ანტირუსული აზრის შევიწროებაში. კონკრეტული ტროლი ხშირად უამრავ ონლაინპროფილსა და ბლოგს მართავს. მიზანი ყოველთვის რუსული თვალსაზრისის სისწორეში აუდიტორიის დარწმუნება კი არ არის, მათ მისიას წარმოადგენს სოციალური მედიის წალეკვა ყალბი კონტენტით, ეჭვის, შიშის, არასტაბილურობის განცდის შექმნა და ინტერნეტის დემოკრატიულ სივრცედ გამოყენებისთვის ხელის შეშლა. რუსეთისთვის მანიპულაციის ერთ-ერთი საშუალებაა კრემლის კონტროლირებადი უამრავი ინტერნეტბოტი, რომლებიც სოცმედიაში კონტენტის ავტომატურად გამავრცელებელი აპლიკაციაა. ბოტს შეუძლია ჩაძიროს არასასურველი ინფორმაცია და შეუძლებელი გახადოს რეალური კონტენტის ნახვა.
- ამერიკელი ანალიტიკოსები განიხილავენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხებს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ კრემლი ტროლების ტექნოლოგიას მხოლოდ შიდამოხმარებისთვის კი არა, ფართო დანიშნულებისთვისაც იყენებდა? - რუსული ტექნოლოგია გულისხმობს აპრობირებულ სქემას - კიბერთავდასხმით შესაძლებელია ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვება და კონტროლირებადი ინფორმაციის გაჟონვა სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ ტროლები ერთვებიან საქმეში და იწყება მსჯელობა, რასაც საბოლოოდ რუსული ნარატივის დამკვიდრება მოჰყვება. იმავდროულად, ახშობენ საწინააღმდეგო მოსაზრებებს ან უპირისპირებენ საწინააღმდეგო კომენტარების ნიაღვარს. ტექნოლოგიის თავდაპირველი სამიზნე აუდიტორია სწორედ საკუთარი მოსახლეობა იყო. მოგვიანებით, მათი გამოყენება აქტიურად დაიწყეს საგარეო ვექტორზე, ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებზე ზემოქმედებისთვის, ასევე ამერიკის არჩევნებში ბენეფიტების მისაღებად.
- ევროპულ ქვეყნებს თუ გამოუყენებიათ მსგავსი ტექნოლოგია?
- არასდროს დაფიქსირებულა, რომელიმე ევროპული ქვეყნის ხელისუფლებას ამისთვის მნიშვნელოვანი თანხა დაეხარჯოს. დასავლური ცივილიზაციის ქვეყნების ხელისუფალნი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად უფრო გამჭვირვალე ღონისძიებებს მიმართავენ. ტროლებისა და ბოტების ტექნოლოგიები უფრო ჩრდილოელი "სუვერენული დემოკრატიის" ქვეყნის იარაღია. ჩვენს ქვეყანაში ბოტებისა და ტროლების გააქტიურება ბოლო 4-5 წელია დაიწყო.
- ჩვენ უმეტესად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ტროლებს და ბოტებს ხელისუფლება, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, ამ ტექნოლოგიას ოპოზიციაც იშველიებს.
- ყალბი პროფილის შექმნა ყველას შეუძლია. ჯერჯერობით გვაქვს "ფეისბუკის" განცხადება, რომელშიც მითითებულია ის ტროლები, რომელთა პროფილიც ამ კომპანიამ გააუქმა და ისინი მმართველი პარტიისადმი იყვნენ ლოიალურად განწყობილი და მათ მართვაში ძალზე დიდი თანხაა დახარჯული. ეს არის დასკვნა, რომელიც ჯერ არავის გაუბათილებია. გარდა ამისა, აქსიომაა, რომ ტროლების ტექნოლოგიას ყოველთვის უფრო ნაყოფიერად იყენებს მმართველი ძალა. ოპოზიციურ ძალებს არ შესწევთ იმის შესაძლებლობა, ფართომასშტაბიანი კამპანია გააჩაღონ სოციალურ ქსელში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, და მეორე - ამ კამპანიას თან რისკიც ახლავს, თუნდაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისგებაში მიცემა.
- ბოლო დროს დიდი კომპანიები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ ისეთი სერვისით, რაც კონკურენტის დისკრედიტაციასა და ცრუინფორმაციის გავრცელებაზეა ორიენტირებული. რა საფრთხის შემცველია ეს? - სოცქსელი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა, რასაც მანიპულირებისათვის ზოგიერთი ბიზნესიც იყენებს. ეს არ არის პატიოსანი მეთოდი, ყალბი ინფორმაციის გავრცელება კლიენტს არჩევნის თავისუფლებას უზღუდავს.
- ასეთი პროფილების წაშლა, ალბათ, გამოსავალი არ არის, რადგან მათი ხელახლა შექმნა შესაძლებელია. როგორია სისტემა, რომლის საშუალებითაც დასავლური სამყარო ტროლებისა და ბოტებისგან იცავს თავს? - ყალბი პროფილებისა და ვებგვერდების აღდგენა არც ისე იოლია. ეს გამართული ინფრასტრუქტურაა და თავიდან მის შექმნას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. თუმცა, ცხადია, ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზებით ხელახლა შექმნა შესაძლებელია.
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასთან ბრძოლაში მოსახლეობის ცნობიერებაა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყალბი ანგარიშის, ყალბი ინფორმაციის გარჩევა. ასეთ შემთხვევაში ტროლი ვეღარ იქნება ძლიერი იარაღი გამომყენებლის ხელში. კრემლი ბოტებსა და ტროლებს იმიტომ იყენებს, რომ იქ ინფორმაცია ცენზურას გადის, შეზღუდულია და მოქალაქეს არა აქვს გაცნობიერებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. იჯერებს იმას, რასაც ეუბნებიან, სხვა, ალტერნატიული ინფორმაცია არა აქვს.
მახსენდება ერთი კვლევის შედეგი - კრემლის საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას დაქვემდებარებულ რუსეთის მოსახლეობას საქართველო 40-მილიონიან ქვეყნად წარმოედგინა. საზოგადოებაში, სადაც ცნობიერების მაღალი დონეა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ინსტრუმენტები ეფექტიანად ვერ მოქმედებენ.
"ახალგაზრდებისთვის პოლიტიკაში მოსვლის სურვილის დაკარგვა ტროლების ქარხნის გენერალური ხაზი იყო"
ხათუნა ლაგაზიძე: - ქართულ რეალობაში ტროლებისა და ბოტების ტექნოლოგია, როგორც "ფეისბუკის" ადმინისტრაცია აღნიშნავს, გამოიყენებოდა მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის, ლეგენდებისა და მითების გავრცელებისთვის. ამ კამპანიას რამდენიმე მიმართულება და მიზანი ჰქონდა: პირველი იყო მმართველი გუნდისთვის სასურველი იმიჯის შექმნა, შემდეგ იყო განსხვავებული აზრის დატროლვა, რათა რაც შეიძლება მეტი ჩირქი მოეცხოთ მათთვის არასასურველი მოსაზრებებისთვის. ამასაც ორმაგი დანიშნულება ჰქონდა -–ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული მოსაზრების ავტორებზე და მეორე მხრივ, უშუალოდ ამ მოსაზრების გაშავების მცდელობა საზოგადოებაში. თავად განსაჯეთ, როდესაც სოცქსელში რაიმეს კითხულობ და ხედავ, რომ კომენტარებში გაუთავებლად ლანძღავენ ავტორს და მის მოსაზრებას აცამტვერებენ, ეს შენზე, ნეიტრალური განწყობის მკითხველზეც ნეგატიურად მოქმედებს. სულ მცირე, იმას მაინც გაიძულებს, ვეღარ გაბედო განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება, არ გინდა შენც მსხვერპლი გახდე. ანუ სამიზნე იყო არა მარტო განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი, არამედ მთელი საზოგადოება. სამწუხაროდ, "ოცნებისთვის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა ავტორიტეტების ნგრევა ნებისმიერ სფეროში.
- "ქართულ ოცნებას" ავტორიტეტების ნგრევა ხელს რატომ უნდა აძლევდეს?
- მიზნად დაისახეს, საზოგადოებაში არ ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ ხალხის გაერთიანებას ერთი იდეის გარშემო. ამიტომ ავტორიტეტული პირების შესახებ ფეიკნიუსებს ავრცელებდნენ და მათ იმიჯს ანგრევდნენ. ეს სქემა ორ მიმართულებად იყოფოდა - გარდა იმისა, რომ პოპულარული პირების იმიჯს ამსხვრევდნენ, პოლიტიკაში მოსვლის სურვილს სხვებსაც უკარგავდნენ. ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, რატომ არ მოდიან ახალი სახეები პოლიტიკაში? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ამ სოცქსელის ეპოქაში ის არის, რომ ახალგაზრდებს ეკარგებათ სურვილი, როდესაც ხედავენ, ასეთებს რა კუპრშიც აყოფინებენ ფეხს. განათლებული ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყანაში კერძო ბიზნესში თუ უცხოეთში ათასი სხვა ალტერნატივა აქვს, რატომ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს თავისი ტროლი ცერბერების საშუალებით?! ახალგაზრდებისთვის პოლიტიკაში მოსვლის სურვილის დაკარგვა ტროლების ქარხნის გენერალური ხაზი იყო. და კიდევ, საზოგადოების დაქსაქსვა და წაკიდება, რათა მან ვერ მოახერხოს საერთო მიზნის გარშემო მობილიზება. მოკლედ, ეს არის "დაყავი და იბატონეს" პრინციპით საზოგადოების მართვის ძველი მეთოდის განახლება ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირების გზით.
- ე.ი. თქვენი შეფასებით, ქართველი საზოგადოება უკვე დემორალიზებულია და მომავალზე, განვითარებაზე აღარ ფიქრობს? - "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ ტროლებისა და ბოტების დიდი ნაწილის გაუვნებლებით დიდი საქმე გაუკეთა ქართველ საზოგადოებას. ისე გამოვიდა, რომ "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან დაიცვა.
ხათუნა ბახტურიძე