ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
2020 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.
"ბიზნესპრესნიუსი" იმ სიახლეებს გთავაზობთ, რომელიც ძალაში ხვალიდან, 1-ლი იანვრიდან შევა.
1-ლი იანვრიდან თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება
2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება.
შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.
ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.
სპორტული ავტომობილისთვის აქციზი 100 ლარი იქნება
2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი იცვლება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარი იქნება.
ცვლილების მიზეზი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.
საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის სპეცტარიფი ამოქმედდება
2020 წლის 1-ლი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი ამოქმედდება. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად - როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.
კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და საოჯახო სასტუმროს მფლობელი უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება. გაგრძელება