წლის საუკეთესო ავტომანქანები
ახალი წლის მოსვლასთან ერთად დადგა განვლილი თორმეტი თვის შეჯამების დრო. წლის ბოლოს უამრავ სხვადასხვა სახის რეიტინგსა თუ ნომინაციას წააწყდებით, ამჯერად კი პორტალ Digital Trends-ის შედგენილ ჩამონათვალს გაგაცნობთ. პოპულარული ვებგვერდის ექსპერტებმა შეადგინეს 2019 წლის ავტომანქანების ტოპ-8, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო მოდელებს აერთიანებს. მათ შორის ძვირად ღირებულ სედანებს, ჰიბრიდულ ავტომანქანას, ელექტრომობილებს, კაბრიოლეტს და ა.შ.
წლის საუკეთესო ავტომანქანა: Jaguar I-Pace
2019 წლის საუკეთესო ავტომობილი სულაც არ არის მილიონიანი სუპერკარი ან "მხარბეჭიანი" ყველგანმავალი. ეს არის ავტომანქანა, რომელიც არ ღირს ძალიან ძვირი, სამაგიეროდ, არის ლამაზი, ხარისხიანი და უსაფრთხო. დიახ, Digital Trends-ის ექსპერტების შეფასებით, ამ რეიტინგის საუკეთესო მანქანაა ბრიტანეთში წარმოებული ელექტრონული კროსოვერი Jaguar I-Pace. ეს მოდელი ელემენტის რესურსით Tesla Model X-ს ჩამორჩება, ტვირთამწეობით – Mazda CX-5-ს, მაგრამ გამოირჩევა საერთო დინამიკით, კომპლექტაციითა და მართვის საუკეთესო უნარებით. Jaguar I-Pace არის მუშა, საიმედო მოდელი ყოველგვარი ზედმეტი "გადაპრანჭვის" გარეშე!
საუკეთესო ელექტრომობილი: Tesla Model 3
წლებია, Tesla Model 3 ამ კატეგორიაში ლიდერობას ინარჩუნებს. სადა ექსტერიერის ქვეშ საუცხოო ინტერიერი "იმალება", მართვის უაღრესად კომფორტულ უნარს კი ემატება ამ მოდელის მთავარი ღირსება - ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლის რესურსი! გარდა ამისა, აღფრთოვანებას იწვევს კომფორტისა და უსაფრთხოების ფუნქციები. უსადენო განახლების უნარის წყალობით, Tesla Model 3 მუდმივად ახლდება და აქვს შესაძლებლობა, მფლობელის მოთხოვნილებების შესაბამისად გადაეწყოს.
პრემიუმ-კლასის საუკეთესო ავტომანქანა: Mercedes-Benz S-Class
უკვე რამდენიმე ათწლეულია, S-Class-ი "მერსედესის" ხაზის ფლაგმანი გახლავთ და ლიდერობას არც ამ მოდელის მეექვსე თაობა კარგავს. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ პრემიუმ-კლასის ავტომანქანებს შორის საუკეთესოდ სწორედ ის დასახელდა. ფართო, კარგად განათებული სალონი, სადაც ისეთივე სიწყნარეა, როგორიც ბანკის საცავში და საოცრად= კომფორტული სავარძლები – S-Class-ის ყველა არსებული მოდელი აკმაყოფილებს ფუფუნების მოყვარული ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს.
საუკეთესო ჰიბრიდი Toyota Prius
კარგა ხანია, სახელწოდება "Prius" ჰიბრიდის სინონიმად იქცა. ეს სულაც არ არის შემთხვევითი: "ტოიოტას" ბესტსელერი მთავარ ყურადღებას ისევ საწვავის ეკონომიურობას უთმობს. ამის მთავარი მიზეზია გამოცდილი სისტემა Toyota Hybrid Synergy Drive და 1,8-ლიტრიანი ძრავა, რომელიც საუკეთესო, 40%-იან მქკ-ს აღწევს. "ტოიოტას" დიზაინერებმა წინაღობის ძალიან დაბალი კოეფიციენტის (0,24) მიღწევის ფონზე, მაინც მოახერხეს შეენარჩუნებინათ ტევადი სალონი და ჰეჩბეკის სასარგებლო ფორმა.
საუკეთესო კაბრიოლეტი Audi A3 Cabriolet
აუცილებელი არ არის, კარგი კაბრიოლეტი მაინცდამაინც სპორტკარი ან ძვირად ღირებული მოდელი იყოს. Audi A3 Cabriolet ამის ნათელი მაგალითი და საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ჰყავდეთ ისეთი კაბრიოლეტი, რომელიც პრაქტიკული იქნება ყოველდღიური გამოყენებისთვის. დიახ, ჩინებულ დიზაინთან ერთად, ეს მოდელი საკმარისად ფუნქციურია. A3 Cabriolet იწარმოება 2,0-ლიტრიანი, ტურბინით გაძლიერებული ძრავით, რომელსაც 258 ცხ. ძალის განვითარება შეუძლია. კაბრიოლეტ A3-ის წარმოება 2020 წელს შეწყდება. ასე რომ, მომავალი წელი ბოლო შესაძლებლობა იქნება ამ მოდელის ახალი ეგზემპლარების ყიდვის მსურველთათვის.
საუკეთესო სედანი: Honda Accord
მთავარ კონკურენტ Toyota Camry-სთან ერთად, Honda Accord კარგა ხანს იყო ბესტსელერი აშშ-ში. ექსტერიერით, ახალი მოდელი შედარებით მცირე ზომის Civic-ს დაემსგავსა, სამაგიეროდ, გაზრდილია საბარგულის მოცულობა და სივრცე უკან მსხდომი მგზავრებისთვის. გარდა ამისა, Accord ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საშუალო ზომის სედანებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია სიჩქარის გადაცემათა მექანიკური კოლოფით 2,0-ლიტრიანი, 252-ცხ.ძალიანი ტურბინიანი ძრავისთვის.
საუკეთესო კომპაქტური ავტომანქანა - Mazda 3
ეს არის სტანდარტული კომპაქტური, ეკონომიური მოდელი, რომელსაც მართვის საუკეთესო დინამიკის შემოთავაზება შეუძლია. განსაკუთრებულ სისწრაფეს ნუ მოსთხოვთ, მართვის კომფორტის მხრივ კი ბადალი არა ჰყავს! Mazda 3 ხელმისაწვდომია ოთხკარიანი სედანის ან ხუთკარიანი ჰეჩბეკის სახით. ყველა მოდელი აღჭურვილია 2,5-ლიტრი მოცულობის, 186-ცხ.ძალიანი ძრავით და სიჩქარის გადაცემათა 6-საფეხურიანი, როგორც ავტომატური, ისე მექანიკური კოლოფით. "გურმანებისთვის" არსებობს მოდიფიკაცია სრული ამძრაობითაც.