"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს.
"ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად : იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული ადგილია და ამ სამიზნეებსა და თავად ირანს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ," - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."
მისივე თქმით, ამ 52 სამიზნისგან ზოგიერთი ძალიან მაღალი დონის და ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და ირანული კულტურისთვის.
შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირი, ქასიმ სულეიმანი დაიღუპა. ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან.
გუშინ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა, რომ ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. "ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია," - აღნიშნა მან.
"ინტერპრესნიუსი"