"დღეს არ მაქვს დალხენილი ყოფა, მაგრამ ხალხის სიყვარულია ყველაფრის კომპენსაცია" - რას საქმიანობს "ბურნუთა" ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"?
"თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი. საოცარია, როცა ქუჩაში მიდიხარ და უცნობების სიყვარულს გრძნობ. ასეთ სიამოვნებას ვერანაირი ფინანსური კმაყოფილება ვერ მოგგვრის"
ახალი წლის დღეებში ბევრი საყვარელი ფილმის "ხელმეათედ" ნახვისა და ემოციებით დამუხტვის საშუალება გვეძლევა. მათ შორის არის "სიყვარული ყველას უნდა". გადავწყვიტე ფილმის მთავარი გმირი - კახელი "ბურნუთა" მომეკითხა, რომელსაც იმერელი ვახტანგ ფანჩულიძე ასახიერებს.
- ქუთაისელი კაცი ვარ. 8 წლის ვიყავი, თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად. ახლაც ქუთაისში ვარ, აქ შევხვდი ახალ წელს ჩემს დიდ ოჯახთან ერთად.
- როგორი იყო თქვენთვის 2019 წელი? - ოპტიმისტი ვარ. მიყვარს იმედი, კარგ მომავალზე ფიქრი. ვცდილობ, თავი არ დავიტვირთო ნეგატიურით, თუმცა ჩემშიც აღიბეჭდება ყველა ის უარყოფითი მოვლენა, რაც საქართველოში ხდება. ხალხს ძალიან უჭირს. ქვეყანა, სადაც ნახევარზე მეტი გაჭირვებულია, წარმატებული არ არის. ვერც იმ ქვეყნის მეთაურთა პოლიტიკაა წარმატებული. ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი! არა გარკვეული ფენა ადამიანების, არამედ ყველა - ის, ვინც მუშაობს და ვინც არ მუშაობს. თუ არ მუშაობს, საზრდო უნდა მივაწოდოთ, თუ გვინდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებს დავემსგავსოთ. აი, მე, როცა პერიოდულად, საბერძნეთში ჩასული სამსახურს ვკარგავდი, სახელმწიფო საარსებოდ გარკვეულ თანხას მიხდიდა.
- საბერძნეთში რამდენ ხანს ცხოვრობდით? - ხუთი წელი. 1998 წელს, შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, იძულებული გავხდი, საბერძნეთში წავსულიყავი. ხან მშენებლობაზე ვმუშაობდი, ხან - მძღოლად, ხან - მღებავად. ათასნაირ საქმეს მოვერგე, ოჯახი რომ მერჩინა. მაგრამ ცუდზე ნუღარ ვილაპარაკებთ... ეს წელი კარგი ამბით დასრულდა - გავიგეთ, რომ გვყავს საამაყო მოქალაქე, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი, მან საქართველოს ჩაბნელებული ცა გააკაშკაშა და მოგვცა იმედი, გვაჩვენა, რომ ბევრი რამ შეგვიძლია. სამაგალითო კაცი და ჩვენი დროის გმირია. ის მსოფლიომ გაიცნო და ღმერთმა ქნას, ასეთებად გვიცნობდეს თანამედროვე მსოფლიო.
- დიდი ხანია, ფილმებში არ გვინახავხართ.
- ფილმებში აღარ მიღებენ... ჩემი ბოლო ფილმი იყო თემურ ფალავანდიშვილის "ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი".
- დღეს რომ ის ტელევიზორი გქონდეთ, რომელიც წინასწარ უჩვენებს, რა მოხდება ხვალ, როგორ ფიქრობთ, რას გიჩვენებდათ? - ის ტელევიზორი რად გვინდა, ისედაც ვიცით, რომ ღმერთი არ გვწირავს. ამიტომაც მოვედით დღემდე. სამყაროში ჩვენს ადგილს ვერავინ დაიკავებს. ყველაფერი გვაქვს, ერთადერთი რამ გვაკლია ბედნიერებისთვის - ერთმანეთის სიყვარული. ტელევიზორის გარეშეც ვიცით, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, მაგრამ ამ გვირაბიდან ერთად უნდა გამოვიდეთ. მხოლოდ ერთი ნახევარი ვერ გავა. მეორე ნახევარი რომ სიბნელეში ან ნაგვის ურნას ჩაყურებული დარჩეს, არ გამოვა.
- დღეს სად მუშაობთ? - ყველაზე კარგ ადგილას - მუშტაიდის ბაღში, სადაც კარგი გარემოა, სუფთა ჰაერი, სიმწვანე. სხვაგან სამუშაო ვერ ვიშოვე. მანამდე ვარკეთილის ბაზრობაზე სანტექნიკის მაღაზიაში ვმუშაობდი.
ატრაქციონების ოპერატორი ვარ. ურთიერთობა მაქვს უამრავ ბავშვთან, ამიტომ ყოველ სამუშაო დღეს ზეიმის განწყობაზე ვარ. უკვე ოთხი წელია, აქ ვმუშაობ.
- გცნობენ? - კი, და უკვირთ, რომ მხედავენ. ფოტოებს იღებენ ჩემთან. უხარიათ ჩემი დანახვა, მე კი ის მიხარია, ჩემი ფილმები რომ უყვართ. "სიყვარული ყველას უნდა" 40 წლის ხდება და დღესაც ისე ახსოვთ, როგორც წლების წინ. ამ ფილმის შემდეგ ბურნუთას მეძახის ყველა და ძალიან მომწონს.
- კინოში როდის მოხვედით? - პირველი როლი ვითამაშე რეზო ესაძის ფილმში "ერთი ნახვით შეყვარება". მაშინ მე-10 კლასში ვიყავი. ამ ფილმს სხვა ფილმები მოჰყვა და მეც გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში მომესინჯა ძალები, მაგრამ ვერ მოვხვდი. მერე რეზო ჩხეიძეს შევხვდი შემთხვევით. მომიკითხა. ჩემი ამბავი რომ გაიგო, შეწუხდა. მისი დახმარებით გავხდი იმ წელს თეატრალურის სტუდენტი. ინსტიტუტის შემდეგ კინომსახიობთა თეატრში დავიწყე მუშაობა, მაგრამ იმდენი გადაღება მქონდა, ხშირად რეპეტიციებზე დასწრებას ვერ ვახერხებდი, ამიტომ კინოსა და თეატრს შორის კინო ავირჩიე... მერე აღარც კინოში დამიძახეს და დავრჩი ასე.
თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი. საოცარია, როცა ქუჩაში მიდიხარ და უცნობების სიყვარულს გრძნობ. ასეთ სიამოვნებას ვერანაირი ფინანსური კმაყოფილება ვერ მოგგვრის. დღეს არ მაქვს დალხენილი ყოფა, მაგრამ ხალხის სიყვარულია ყველაფრის კომპენსაცია, ავსებს ყველა სიცარიელეს და აფერმკრთალებს უარყოფითს.
- ოჯახზე მიამბეთ... სად ცხოვრობთ? - ადრე დადიანის ქუჩაზე ვცხოვრობდი. 2008 წელს ინვესტორი მოვიდა, სახლებს დავანგრევ და ახალ კორპუსს ავაშენებო. ქირით გაგვიშვა მთელი ეზო, მერე ომი დაიწყო და გაჯანჯლდა მშენებლობა, თუმცა იმედი არ დაგვიკარგავს, რომ დასრულდება. მიჩვეული ვიყავი ჩემს უბანს, მეგონა, სხვაგან ვერ გავძლებდი. ახლა ავჭალაში, კონიაკის დასახლებაში ვცხოვრობ. შესანიშნავი უბანია, საოცარი ხალხით დასახლებული. დიდ პატივს მცემენ, ყველას ვუყვარვარ. მყავს მეუღლე და ერთი ბიჭი, პროფესიით ექიმი. დაოჯახებას გეგმავს, მაგრამ ერთოთახიან "ხრუშოვკაში" ვცხოვრობთ და ბინის პრობლემის მოგვარებას ვუცდით, მერე შვილიშვილებსაც ვეღირსები.
ეკა სალაღაია