"ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე"
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 ადამიანი შეიწყალა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დასრულდა 2019 წელი და დაიწყო ახალი წელიწადი ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით, მართალია, სულ რამდენიმე, მაგრამ მნიშვენლოვანი საკითხების გარშემო. იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, იმ დროს, როცა რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და ეს იქნება ჩემი წლის მიზანი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მანვე ისაუბრა შეწყალების აქტის შესახებ საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ და აღნიშნა, რომ ახალი კრიტერიუმების შემუშავების შედეგად დღეს შეწყალების აქტი იქნა მიღებული.
"შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმებნის შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით - შერბილებული. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე: შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე, იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულია შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა არ შეიწყალა მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულში მსჯარდებული პირის შეწყალებას ვერ გაიგებს.
"ეს სია, ისევე როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს, აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას გულისხმობს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნება, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსალეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულში მსჯარდებული პირის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელწიფოს მომავალს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების საკითხის განხილვისას, შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძება.
"ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას, ამდენად მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო