ფესტოსის დისკოს საიდუმლო ამოცნობილია?
4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელი...
თიხის ფირფიტაზე ნახატ-ნიშნებით დატანილი ტექსტი უძველესი ქართული ენით არის დაწერილი
3 ივლისს 101 წელი გახდა კუნძულ კრეტაზე ფესტოსის დისკოს აღმოჩენიდან. იტალიელი არქეოლოგის ლუიჯი პერნიეს მონაპოვარმა მეასე წლისთავზე თავდაყირა დააყენა ევროპის უძველესი ისტორია. 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით.
ფესტოსის დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. ფირფიტაზე საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველეს დედაღვთაება ნენა-ნანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის "შუშანიკის წამება" კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია. დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, რომ პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი არა უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი, პროტოქართული კულტურა გამოდის.
ფესტოსის დისკოს იდუმალებით მოცული ტექსტის ამოხსნას საუკუნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ევროპელი მეცნიერები. მხოლოდ ავსტრიელმა დოქტორმა ჰერბერტ ძებიშმა აირჩია კვლევის განსხვავებული მიმართულება, - შექმნა კომპიუტერული პროგრამა (პც), რომელშიც ნებისმიერი ენის ჩასმა შეიძლება და შემდეგ ხდება მათი შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისთვის. პროგრამას ერთადერთმა, პროტოქართველურმა ენამ უპასუხა. ძებიშმა გადაწყვიტა, ძველი ქართული ენა შეესწავლა, მაგრამ არ დასცალდა, 1993 წელს გარდაიცვალა. როგორც ჩანს, უძველესი ქართული ენით შესრულებულ ტექსტს ისევ ქართველის ხელით ეწერა ახსნა. ძებიშის ნაშრომებმა 19 წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, ამჟამად ცნობილ მეცნიერ გია კვაშილავას დაუკარგა მოსვენება და ფესტოსის დისკოს შესწავლა დაიწყო. შედეგმა ევროპა გააოცა.
2008 წლის 1-ელ ნოემბერს, ლონდონში, ბერლინგტონის სასახლეში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ქართველმა მათემატიკოსმა სამეცნიერო საზოგადოებას ამცნო, რომ თიხის ფირფიტაზე ნახატ-ნიშნებით დატანილი ტექსტი უძველესი ქართული ენით არის დაწერილი და საგალობელი "ნენანა" პელაზგურ-კოლხური ნაყოფიერების დედაღვთაება ნანას ეძღვნება. მასში გამოყენებულ სიტყვებს კი დღემდე ხმარობენ სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში.
გია კვაშილავას არგუმენტირებულმა ლინგვისტურმა თეორიამ ჩიხში მოაქცია პროტოქართველური კულტურის აღიარებისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილი მეცნიერებიც კი და ფესტოსის დისკოს საიდუმლო ამოხსნილად აღიარეს.
რას ხსნის უძველესი პროტოქართული ენით დაწერილი ფესტოსის დისკო და საიდან მოხვდა იგი კუნძულ კრეტაზე? ამ და სხვა კითხვებით გია კვაშილავას მივმართეთ:
- ბატონო გია, თქვენი კვლევებით გამოდის, რომ 4000 წლის სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს?
- ამას ჯერ სამეცნიერო წრეების აღიარება სჭირდება. ფესტოსის დისკომ დაადასტურა აქამდე საორჭოფო თეორიები. კერძოდ, ჰუმბოლდტის თეორია იმის შესახებ, რომ ძველი წელთაღრიცხვის 4000 წლამდე ქართველური ტომები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, მანამდე, ვიდრე ამ ტერიტორიებზე ინდოევროპული ტომები გამოჩნდებოდნენ. ევროპული ტომების მიგრაციის თეორია ქართველმა მეცნიერმა თამაზ გამყრელიძემ და რუსმა ვიაჩესლავ ივანოვმა ჩამოაყალიბეს და 1984 წელს გამოსცეს წიგნად "ინდოევროპელები და ინდოევროპული ენა."
- სად წავიდნენ ევროპის ტერიტორიიდან წინარე ქართველები?
- სამი რამ მოხდა: დამპყრობლებში აირივნენ, გადაასახლეს და გაწყვიტეს. ინდოევროპული ტომები არ იყვნენ დამხვდურების კულტურის დონის მქონენი და ამიტომაც ადგილობრივი ტომებისგან ისესხეს სიტყვებიც. ჰოლანდიელი ენათმეცნიერი ფურნეე ამბობს, რომ ბერძნულ ენაში 5000 სიტყვაა, რომლის ძირეული ახსნა შეუძლებელია ინდოევროპულ ენებზე, არადა, ამ დროს ბერძნულიც ამ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მან ქართველურ ენათა ჯგუფები მოიშველია და დიდი ალბათობით გამოთქვა, რომ ბერძნულში 5000 სიტყვა ქართველური წარმოშობისაა.
- კრეტაზე საიდან უნდა მოხვედრილიყო ქართულენოვანი ტექსტი?
- დოქტორი ძებიში აცხადებდა, რომ წინაბერძნული მოსახლეობის ენა - პელაზგური ქართველურ ენათა დედაა. სტრაბონი კი ამბობს, რომ კოლხური ტომების ქურუმები კორიბანტები კრეტაზე სახლობდნენ და კოლხეთის მეფე აიეტის ნახევარძმები იყვნენ. კორიბანტებს ჰქონდათ საკრალური დამწერლობა, ქრისოგრაფია, ანუ ოქროდამწერლობა. პავლე ინგოროყვასა და შალვა ნუცუბიძის აზრით, სწორედ ეს საიდუმლო იყო დატანილი ვერძის ტყავზე და მის მისათვისებლად ესტუმრნენ ბერძენი არგონავტები კოლხეთს.
აიეტის და ბარსიფაე კრეტის მეფე მინოსის მეუღლე იყო. მოკლედ, უამრავი ფაქტი ადასტურებს კრეტასთან წინარე ქართველების მჭიდრო კავშირს ბერძნებამდე ბევრად ადრე. აქედან გამომდინარე, უძველეს ქართველურ ენაზე შესრულებული ტექსტის კრეტაზე აღმოჩენა გასაკვირი არ არის. ბერძნები კრეტას მხოლოდ ძვ. წ.აღ. მე-15 საუკუნეში დაეუფლნენ.
- ტექსტში მოყვანილი სიტყვები რომელ ქართველურ ენას ან ქართულ კილოკავს უახლოვდება?
- თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის თეორიის მიხედვით, 5000 წლის წინ უძველესი, პრექართველური ენა დაიშალა. საერთო ძირს პირველად სვანური ჩამოშორდა. დარჩა პროტოქართველური, ანუ საკუთრივ Oქართული და მეგრულ-ლაზური ერთად. ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელს შეიმჩნევა პროტოქართველური ენების დაშლაც. ფესტოსის დისკოზე ტექსტი სწორედ საერთო ქართულ-ზანურ ენაზეა შესრულებული, რაც ადასტურებს გამყრელიძე-მაჭავარიანის თეორიას. ფესტოსის დისკოზე შეიმჩნევა სვანურის გავლენაც.
- ფესტოსის დისკოზე მოყვანილი სიტყვები თუ გამოიყენება დღევანდელ სვანურში ან მეგრულ-ლაზურში?
- დიახ, სიტყვები იგივეა ძირით, სხვანაირად 4000 წლის წინანდელი ენის შინაარსს ვერ გავიგებდი. სვანური და მეგრულ-ლაზური რომ დაგვეკარგა, ვერ გავშიფრავდი ფესტოსის დისკოს, რადგან ეს ენები ქართული ენის საფეხურებია. ამასთან, გამოყოფის შემდეგ კი არ შეცვლილან, ისეთივენი დარჩნენ, როგორც 4000 წლის წინ.
ფესტოსის დისკოს გაშიფვრის შემდეგ საშუალება მომეცა, მისი მსგავსი დამწერლობის სამი არქეოლოგიური დოკუმენტიც წამეკითხა. მალიის ქვის ბლოკი, არკალოხორის ცული და ფესტოსის ლარნაკი. შემდეგში ალგორითმი შევიმუშავე და კითხვის მასშტაბები გავზარდე. ამ ოთხ დოკუმენტზე დაყრდნობით წავიკითხე თიხის 1600 ფირფიტა, რომელსაც ა ხაზოვანი დამწერლობა ჰქვია; წავიკითხე 370 თიხის სხვა ფირფიტა, რომლებიც შესრულებულია კრეტული იეროგლიფებით. დიახ, ყველა მათგანზე ერთი და იგივე ენაა გამოყენებული, მაგრამ ა ხაზოვანში შეიმჩნევა ჯერჯერობით დაუზუსტებელი, ქართველურის მონათესავე სხვა ენაც.
აქამდე არსებობდა აზრი, რომ მთელი ევროპული უძველესი კულტურა ეფუძნებოდა უძველეს ბერძნულს, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ეფუძნება უფრო ძველს, ხმელთაშუა ზღვის მოდგმის ხალხთა კულტურას.
- მაინც რა იყო ის მთავარი მანიშნებელი, რამაც კვლევის პროცესში სწორ გზაზე დაგაყენათ?
- ჩემი კვლევებიც ასი წლის განმავლობაში დაგროვებულ მასალებს ეყრდნობა. დაახლოებით 1500 სამეცნიერო წიგნი და ნაშრომი შევისწავლე და გავაანალიზე. ასი წლის განმავლობაში ფესტოსის დისკოს გაშიფრვა ყველა ენაზე სცადეს, მაგრამ არც ერთი თეორია ლინგვისტურად არ იყო წარმოდგენილი. ჩვენი თეორია კი ლინგვისტურადაც ჩამოყალიბებულია. ალბათ, ისიც დამეხმარა, რომ კონფერენციაზე მოწვეული ყველა მეცნიერის თეორიას ვიცნობდი და ხელაღებით კი არ უარვყავი, არამედ გამოვიყენე ყველა საგულისხმო ინფორმაცია. შესაბამისად, ევროპელებმა ჩემი თეორია იოლად გაიგეს.
- თქვენ მითხარით, რომ უძველესი ღვთაება ნანას სავედრებელს ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ღვთისმშობელს.
- 1845 წელს ოდესის სასულიერო აკადემიის რექტორმა პორფირი უსპენსკიმ ათონის წმინდა მთაზე მოისმინა, \როგორ უგალობდნენ ბერძენი ბერები ღვთისმშობელს "ნენანას". უსპენსკის გადმოცემით, ბერებმა არ იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეს ფაქტი შემდეგნაირად იხსნება: ძველი, წარმართული დედაღვთაება ადამიანების ცნობიერებაში ქრისტიანულ დედაღვთაებას შეერწყა და "ნენანა" ქრისტიანულ საგალობელში დამკვიდრდა. ძველი წარმართული დედაღვთაების სიმბოლოები ასახულია ღვთისმშობლის ხატზეც. საქართველოში ფესტოსის დისკოს ნიშნები გაფანტულია სხვადასხვა ტაძრის ორნამენტებზე. იგივე ნიშნები არქეოლოგიურ ნიმუშებზეც არის დაფიქსირებული. მაშინდელ დამწერლობაში მზეს გამოხატავდნენ რვაფოთლიანი ყვავილით. სულხან-საბას ლექსიკონშიც მზის სიმბოლო რვაფოთლიანი ყვავილია. იგი ამბობს, სადაც "ეს ჯდეს, არის მზეო." გონიო, რომელიც ფესტოსის დისკოზეც არის გამოსახული, ჩვენს ანბანურ დამწერლობაშიც არის ასახული. ასო "განი" მისგან არის მიღებული. დარბაზის ტიპის დედაბოძზე ხშირად გვხვდება სამკუთხა ნიშანი, რომელიც ასევე აღბეჭდილია ფესტოსის დისკოზე.
პ. ს. მიუხედავად იმისა, რომ გია კვაშილავას აღმოჩენა სენსაციურია, რატომღაც საქართველოში გამოძახილი ვერ პოვა. არადა, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის და განათლების და მეცნიერების სამინისტროები ასეთ პროექტებს უნდა კურირებდნენ და აფინანსებდნენ. გია კვაშილავა და მისი ასისტენტები კი სრულიად უანგაროდ შრომობენ და ცდილობენ, დაანახვონ მსოფლიოს საქართველოს როლი უძველესი დროიდან დღემდე. როცა ლონდონში მიიწვიეს, გია კვაშილავა ისევ მისმა უცხოელმა კოლეგებმა დააფინანსეს. იქაური ქართველი ბიზნესმენი ლუკა ჩაჩიბაია და რუსეთის მოქალაქე ნოდარ გაგუაც ამოუდგნენ მხარში.
"ბრიტანეთში ერთკვირიანი მივლინებისთვის დაახლოებით 8 ათასი დოლარია საჭირო. აღარაფერს ვამბობ ხარჯებზე წიგნისათვის, რომელიც ფესტოსის დისკოზე უნდა გამოვცეთ. მივმართე ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია. არადა, დრო გადის", - ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც, ალბათ, დაბალი განვითარების ქვეყანაშიც კი არ დააკარგვინებდნენ დროს ფულზე ფიქრში.