"ათონელ ბერს ნანახი არასდროს ვყავდი, დღემდე არ ვიცი, როგორ მიხვდა ვინ ვიყავი"
დავით გოროზია 27 წლის მოგზაურია, რომელმაც 2017 წელს 72 დღეში 20 ქვეყანა და 34 ქალაქი მოიარა, 2019 წლამდე კი სულ 42 ქვეყნის ნახვა მოასწრო. მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა სწორად დაგეგმილი ტურებით დავითი მთლიანი ევროპის შემოვლას გეგმავს, შემდეგ კი გეზს აზიისკენ აიღებს. ამ ყველაფერზე ის თავად გვესაუბრა:
- ყველაფერი საქართველოში მოგზაურობით დაიწყო - 2013-2015 წლებში ჩვენი ქვეყანა მთლიანად მოვიარე და დადგა დრო სხვა ქვეყნებიც მენახა. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა საბერძნეთში წასვლა, თუმცა ვიზას არ მაძლევდნენ და უკვე ვფიქრობდი, რომ ვერსად ვერასოდეს წავიდოდი. 2017 წელს სრულიად შემთხვევით, ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილის დახმარებით, ვიზა მომცეს და საბერძნეთში წავედი. გავედი თუ არა ქვეყნიდან, მივხვდი, რომ მოგზაურობა ძალიან მომწონდა და რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა მენახა. მას შემდეგ საბერძნეთში რამდენჯერმე ჩავედი და დანარჩენ ევროპაშიც შევაბიჯე ნელ-ნელა - გადავედი პრაღაში, ვენაში, მერე მიუხენშიც ჩავედი. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი - მოგზაურობის სიყვარული ჰქონდა. ჩემთვის მოგზაურობა არ არის მხოლოდ ახალი ადგილების ნახვა, ეს არის ახალი იდეების წყაროც. თან ჩემი პროფესიაც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.
- 2019 წლამდე 42 ქვეყნის ნახვა მოასწარი, საით გაქვს გეზი 2020 წელს? რამდენი ქვეყნის მონახულებას გეგმავ? - ჩემი უპირველესი მიზანია მთელი ევროპა ვნახო, ამ მიზნით წავედი ალბანეთში, მონტენეგროსა და ბოსნიაში. 2020-ში უნდა ამოვწურო "ბებერი კონტინენტის" დათვალიერება და შემდეგ ისლანდიაში, მაროკოში, ეგვიპტესა და ტუნისში ჩავიდე. მერე უკვე აზიას დავიწყებ და სავარაუდოდ, 3-4 თვიან მოგზაურობაში წავალ.
- რამდენი ქვეყნის ნახვა მოასწარი 2019 წელს? - 16 - ის, 4-ჯერ ვიყავი პარიზში, ჩავედი ლიეტუვასა და ლატვიაში, ვნახე ესტონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, იტალია და სხვა, ყველას აღარ ჩამოვთვლი.
- როგორც ვიცი, ზოგიერთ ქვეყანაში არა ერთხელ ხარ ნამყოფი, რომელი ქვეყნებია ასეთი? - საბერძნეთში 16-ჯერ ჩავედი, თურქეთში 10-ჯერ, ბულგარეთში 8-ჯერ, თუმცა ტურისტული ტურებით დამყავდა ხალხი და ამ ქვეყნებში მარტოს ხშირად არ მიწევდა ჩასვლა.
- საშუალოდ რამდენ ხანს უთმობთ ერთი ქვეყნის დათვალიერებას? - თავიდან, განკუთვნილი დრო არ მქონდა და სადაც მომწონდა იქ ვრჩებოდი, ახლა როდესაც სადმე ჩავდივარ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვასწრო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. წინასწარ გაწერილი მაქვს სად რა უნდა ვნახო და რა კერძი უნდა გავსინჯო. როდესაც ახალ ქალაქში ჩავდივარ, აუცილებლად მათ კულინარიას ვეცნობი, ალკოჰოლურ სასმელს ვაგემოვნებ და მთლიანად ვათვალიერებ ქალაქს. მიყვარს ტბები, თუ სადმე ტბა მეგულება მივდივარ და ვნახულობ.
- ყოფილხართ თუ არა გრანდიოზულ მოგზაურობაში და რომელ ქვეყანას გამოარჩევთ თქვენ მიერ დათვალიერებული ადგილებიდან? - 2017 წელს მქონდა პირველი გრანდიოზული მოგზაურობა, 72 დღე ვიყავი საზღვარგარეთ, 6 ივნისიდან 16 აგვისტომდე, ვნახე 20 ქვეყანა და 34 ქალაქი. მეორე წელს 63 დღე ვიყავი წასული და 12 ქვეყანაში ვიმოგზაურე. 2019 წელს კი 11 ქვეყანა მოვინახულე. ჩემთვის ფქსიქოლოგიური ტრავმაა 3-4 დღით მოგზაურობა, ამიტომ თუ მივდივარ დიდი ხნით ვტოვებ ხოლმე საქართველოს.
ამდენი ქვეყანა ვნახე, მაგრამ შვეიცარიას და ნორვეგიას ვერ ველევი. შვეიცარია ზღაპარს, რაღაც არარეალურ მხარეს ჰგავს, ნორვეგია კიდევ თითქოს ხელთუქმნელი ქვეყანაა. ნორვეგიელები ამბობენ, - ღმერთმა მაშინ შექმნა ნორვეგია როდესაც შეყვარებული იყოო... მართლა ჩანს ღმერთის სიყვარული ამ ქვეყანაში.
- გყავთ მოგზაურობისთვის პარტნიორი, თუ მარტო მოგზაურობთ? - რა თქმა უნდა, მარტო. ურთულესია მოგზაურობისთვის პარტნიორის არჩევა. ახლა გადავწყვიტე, რომ, თუ ვინმე წამომყვება სამოგზაუროდ, საქართველოში გავატარებ წვრთნას და ვნახავ როგორ გაძლებს (იცინის). როდესაც პარტნიორს ირჩევ და ის გთანხმდება წამოსვლაზე, გააზრებული უნდა ჰქონდეს წინ რა ელის მას, ძირითადად იციან, მაგრამ მაინც ვერ ძლებენ რთულ პირობებში. ადამიანს ფეხით სიარული თუ არ შეუძლია, სახლში უნდა დარჩეს, კარგად ჭამა თუ უნდა, სჯობს ბებიას ესტუმროს სოფლად (იცინის). მთელი მოგზაურობისას რაღაცას იკლებ, მაგრამ სხვა რაღაცეებისგან იღებ სიამოვნებას. რაღაც მხრივ მოსაწყენიც არის მარტო სიარული, მინდა, გვერდით ქართულად მოლაპარაკე მყავდეს ხოლმე, მაგრამ ახალ-ახალ ადგილებს რომ ვნახულობ, აღარ მეფიქრება მარტოობაზე.
- მოგზაურობა დიდ ხარჯებს უკავშირდება, როგორ ახერხებ ფინანსების მოძიებას? - მთავარია სწორად გათვალო ხარჯები, თუ 6 თვით ადრე იყიდი თვითმფრინავის ბილეთს, ფრენა იაფი დაჯდება, შესაბამისად, თანხას სხვა რამისთვის გადადებ, საცხოვრებლის ასარჩევად ყველას Airbnb.com-ს ვურჩევ, შეუძლიათ იაფი და კომფორტული სახლები აარჩიონ. ფინანსების მოგროვებაში ჩემი საქმიანობა მეხმარება - ტურისტული კომპანია მაქვს, ასევე სასტუმროს ადმინისტრატორი ვარ და ხელნაკეთი ნივთები გამაქვს ექსპორტზე. ქართველებს უნიკალური ქვევრის ღვინო და ტიხრული მინანქარი გვაქვს, სადაც ვხვდები რომ ჩვენი პროდუქტი გაიყიდება, იქ ვცდილობ გავიტანო ხოლმე. მოგზაურობისას ბევრ რამეს სწავლობ, რამდენიც არ უნდა დამჭირდეს, მოგზაურობისთვის არც ერთი თეთრი არ მენანება. ერთხელ იტალიურ კუნძულ ამალფიზე ქართული ბარათით თანხა ვერ გამოვიტანე და სანაპიროზე გავათენე ღამე, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე.
- მოგზაურობისას ალბათ ბევრი საინტერესო ამბავიც გადაგხდენიათ...
- მთელი მოგზაურობა საინტერესოა, თუმცა გამორჩეულ ისტორიებს რა გამოლევს. ერთ ამბავს გავიხსენებ, საბერძნეთში პირველად რომ ჩავედი, დიდი ხნის სურვილი ავისრულე და ათონის მთაზე ავედი, იქ დიდი აღმართია და მთაზე ასვლისას უკან ტრაქტორით იქაური ბერი წამომეწია, მითხრა, - აგიყვანო, - მეც უარი არ მითქვამს და ჩავჯექი. ბერმა მითხრა, ქართველი ხარო, თან მოაყოლა, - დავითი გერქმევაო... გამიკვირდა და დავეთანხმე, ნანახი არასდროს ვყავდი, დღემდე არ ვიცი, საიდან მიხვდა, ახლაც მიკვირს. ზოგადად ათონის მთასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.
- რას ურჩევ მათ, ვინც ახლა იწყებს მოგზაურობას? - ვურჩევ, რომ არასდროს თქვან რომ ვერ შეძლებენ, რომ ძვირია, ვერ გაწვდებიან ან რაიმე მსგავსი. დასვენება არ არის ძვირი თუ ხარჯებს სწორად გადაანაწილებ. მთავარია იცოდე, რა გინდა და რისთვის მიდიხარ მოგზაურობაში. ასევე ყველას ვურჩევ არ იყიდონ იქაური სიმბარათები, ევროპაში ინტერნეტი ყველგან იჭერს და მარტივად მოაგვარებენ ამ პრობლემას, ასევე უფრთხილდნენ მეტროს, ხშირად ქურდობა სწორედ მეტროში ხდება, ადამიანს სხვა ყველაფერს მოგზაურობა თვითონ ასწავლის.
(სპეციალურად საიტისთვის)