"ყველაზე მეტად მაშფოთებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს რუსეთი, ჩვენ კიდევ დოყლაპიებივით პირი დაგვიფჩენია"
ქართული მხარე ყველაზე მეტად უნდა იყოს პროცესებში ჩართული და რეალურად, ყველაზე უფრო შორსაა. ხელისუფლებაში 1-2 ადამიანიც კი შეიძლება არ მოიძებნოს, ვინც ფიქრობს ან ვისაც ადარდებს, რა ხდება აფხაზეთში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. მისი განცხადებით, 2016 წლის შემდეგ "ქართულ ოცნებას" აფხაზურ და ოსურ მხარეებთან პირდაპირი კონტაქტი აღარ აქვს და ვერ ფლობენ რეალურ ვითარებას. მისივე თქმით, ერთადერთი გზა, რაც ხელისუფლებას დარჩენია, თავის მოჩვენებაა, თითქოს აფხაზეთში არაფერი ხდება, რაც ძალიან ცუდია.
"2016 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კოალიციაში აღარ არის და მარტო დარჩა, მათ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან არანაირი პირდაპირი კონტაქტი აღარ აქვთ. ამიტომ ისინი ვერ ღებულობენ ზუსტ ინფორმაციას და ვერ ფლობენ რეალურ ვითარებას. ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არ იმჩნევენ, ვითომ არაფერი არ ხდება, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, მკაფიოდ უნდა იყოს გამოთქმული მოსაზრება, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სისხლი არ დაიღვაროს, სიმშვიდე შენარჩუნდეს და ყველაფერი მოლაპარაკებების ფონზე წარიმართოს. სწორედ ეს არის გულდასაწყვეტი, რომ ყველაზე უფრო დაინტერესებული მხარე - ქართული მხარე - ყველაზე მეტად უნდა იყოს პროცესებში ჩართული და რეალურად, ყველაზე უფრო შორსაა. "ქართულ ოცნებას" ახლა არ სცალია ამისთვის. თავისი თავის გადარჩენასა და არჩევნებზე ფიქრობენ ახლა. ხელისუფლებაში 1-2 ადამიანიც კი შეიძლება არ მოიძებნოს, ვინც ფიქრობს ან ვისაც ადარდებს, რა ხდება აფხაზეთში," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რა სიგნალია ეს საერთაშორისო ასპარეზზე, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ მსოფლიოში გამოიკვეთება, რომ საქართველო დისტანცირებას ახდენს აფხაზეთისგან, რუსეთი კი იქ მიმდინარე პროცესებს არეგულირებს.
"საერთაშორისო ასპარეზზე ჩანს, რომ აფხაზეთი კია საქართველოს ტერიტორია, მაგრამ მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია და რუსეთი უფრო ჩართულია პროცესებში, ვიდრე ქართული მხარე. მსოფლიოში გამოიკვეთება, რომ საქართველოს არაფერი არ ესაქმება ამ ტერიტორიასთან, გარდა იმისა, რომ ამბობს, ჩემი ტერიტორიააო. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო დისტანცირებას ახდენს აფხაზეთისგან, ხოლო რუსეთი უშუალოდაა ჩართული. სწორედ ეს მაშფოთებს ყველაზე მეტად, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს რუსეთი, ჩვენ კიდევ დოყლაპიებივით პირი დაგვიფჩენია," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.
"ინტერპრესნიუსი"