ბიბილოვი: "აფხაზ ძმებს დიალოგისკენ მოვუწოდებ - მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს"
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი "აფხაზ ძმებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგებისკენ მოუწოდებს".
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა სოხუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
"მომიტინგე მხარეებს მოვუწოდებ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ საერთო ენა, ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ყველა საკითხი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გადაიჭრას",-ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თქმით, მთავარია, რომ სისხლი არ დაიღვაროს.
"მთავარია, რომ დაპირისპირების პროცესში სისხლი არ დაიღვაროს. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია", - აცხადებს ბიბილოვი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.
"ინტერპრესნიუსი"