მამუკა ხაზარაძე: "ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ"
"ჩვენი ერთ-ერთი ინვესტორი ოთახიდან გამოაგდეს, პირდაპირ უთხრეს, თქვენისთანა ინვესტორი არ გვჭირდებაო. ახლა კიდევ იმას ცდილობენ, მე და ბადრი გამოგვიყვანონ განტევების ვაცად და პროექტის ჩავარდნა დაგვაბრალონ"
"დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში. არ დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირისა და პოლიტიკოსის ქმედებას, ვინც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს", - განაცხადა "თიბისი ბანკისა" და პარტია "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ"ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა პირი მონაწილეობდა, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს. მისივე თქმით, მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს. მინისტრი ცქიტიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ ხაზარაძის ბრალდებას და აცხადებენ, რომ ერთადერთი პრობლემა ამ ამბავში ის არის, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვალდებულებები ვერ შეასრულა. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი მამუკა ხაზარაძესთან:
- ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო. ანაკლიის განვითარების პროექტში ჩადებულია 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, არის ინვესტორიც, რომელსაც პროექტი უნდა დაემთავრებინა. დღეს მე კონსორციუმის სახელით დეტალებსა და სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებზე ვერ ვილაპარაკებ.
კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტები, რომლებიც პროექტში მონაწილე თითოეული ინვესტორის ინტერესებს დაიცავენ. ინვესტორები არიან ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ინგლისიდან, უზბეკეთიდან. მათ სარისკო ზონაში, საოკუპაციო ზონიდან 4 კილომეტრში, პროექტში ჩადეს ფული.
- თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ კონსორციუმსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება, ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის? - პროექტის განხორციელებას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და მისი გუნდი უშლიან ხელს. ისინი დიდი ხანია ფარულად იბრძვიან პროექტის ჩაგდებისთვის. ვთქვათ, კონსორციუმმა არ ამოიღო ხმა, ხვალ რომ ახალი ინვესტორი გამოჩნდება, ის არ იკითხავს, წინა ინვესტორმა რატომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდეო? ვინმეს ჰგონია, რომ ბანკები თავიანთ მოთხოვნებს შეცვლიან? პრობლემა, რის გამოც პროექტი შეფერხდა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ოთხი ბანკი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც ანაკლიის მსგავს პროექტებს აფინანსებენ, ახლაც მოითხოვენ ფინანსურ გარანტიას. ლაპარაკია 50 მილიონის გარანტიაზე, რომელიც გამოყენების შემთხვევაში სესხად დაკონვერტირდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ისევ ვამბობთ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადახედოს საკითხს და შეთანხმდეს ამ ბანკებთან. თავად განსაჯეთ, როდესაც ხელისუფლება სწორედ ამ ბანკებთან სხვა უამრავ პროექტზე მუშაობს, მაინცდამაინც ანაკლიის პროექტზე რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ხისტი პოზიცია და რატომ ავრცელებს მცდარ მოსაზრებას, თითქოს ვინმეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა პროექტის განხორციელება?
ასევე ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში. სინამდვილეში, სახელმწიფომ მოსახლეობისგან გამოისყიდა მიწები, რომლებიც დღემდე მის ბალანსზეა. რეალურად ხელისუფლებას არც თანხა გადმოუცია და არც მიწები, უბრალოდ, მისი შესყიდული და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწები გაასუფთავა. ხელისუფლება გვაყვედრის, რომ ვალდებულების შესრულება გადაგვივადა, მაგრამ ამასობაში უარს ამბობს ყველაზე მთავარ საქმეზე - ბანკებისთვის ფინანსური გარანტიების მიცემაზე, იმისდა მიუხედავად, რომ პროექტი სარისკო ზონაშია. ამას მოგვიანებით ისიც დაემატა, რომ ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე დაიწყო აღვირახსნილი შეტევა, ბრალად დაგვდეს ფულის გათეთრება. ამ თემაზე პროკურატურამ ბრიფინგებიც გამართა. მედიაში თავს გვესხმიან, საინფორმაციო გადაცემებსა და საგაზეთო სტატიებში ხელისუფლების წარმომადგენლები ათასგვარ ცილს გვწამებენ. ეს ყველაფერი რა არის, თუ არა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად დაგეგმილი სპეცოპერაცია? რა არის მმართველი გუნდის ასეთი ქცევის მიზეზი - გეოპოლიტიკური ინტერესები, რუსული საფრთხე, პირადი შურისძიება თუ ყველაფერი ერთად, ამას დრო გვაჩვენებს.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც თქვენ ამბობთ, კონსორციუმს ინვესტორი მაინც ჰყავს. ვინ არის ის? - ორი ინვესტორია, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი ახლა მართებულად არ მიმაჩნია. ახლა მთავარია, სახელმწიფომ ბანკებთან მოილაპარაკოს, თუმცა მე იმედი არა მაქვს. ჩვენი ერთ-ერთი ინვესტორი ოთახიდან გამოაგდეს, პირდაპირ უთხრეს, თქვენისთანა ინვესტორი არ გვჭირდებაო. ახლა კიდევ იმას ცდილობენ, მე და ბადრი გამოგვიყვანონ განტევების ვაცად და პროექტის ჩავარდნა დაგვაბრალონ.
როგორ შეიძლება ვალდებულებების შეუსრულებლობა დაგვაბრალონ, როცა 400 მილიონი მოვიტანეთ, 75 მილიონის ინვესტიცია გავაკეთეთ და 50 მილიონი ვეღარ ვიშოვეთ პროექტის დასახურად?!
- როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ გუნდს პროექტის გაჩერება უნდა, თუ პროექტისგან თქვენი ჩამოშორება? - ისინი ჩვენ პიროვნულად გვებრძვიან. ეს ხომ "თიბისი ბანკის" მაგალითითაც გამოჩნდა? როგორც კი მე და ბადრი გავედით "თიბისი ბანკიდან", მაშინვე დაანებეს თავი. ხელისუფლებამ არჩევნის წინაშე დაგვაყენა - ან უნდა დაგვენგრია საქმე, რომელსაც 29 წლის განმავლობაში ვაშენებდით, ან უნდა გავცლოდით. ჩვენ გავეცალეთ. თუ გახსოვთ, პარლამენტის სხდომაზე მე ისიც ვთქვი, კაცურად მითხარით, რომ ჩემთან გაქვთ პრობლემა, ანაკლიას ნუ გადააყოლებთ პირად დაპირისპირებას, ანაკლია უნდა აშენდეს, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია-მეთქი.
- არის ვერსიაც, რომ ანაკლიის პროექტით ვანო ჩხარტიშვილია დაინტერესებული. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? - ძალიან მალე ყველაფერი გამოჩნდება. მე ის ვიცი, რომ ანაკლია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ მისი განხორციელებისთვის, თუნდაც პირადად მე ზიანი მომადგეს.
- ექსპერტთა ნაწილი, მაგალითად, სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ თქვენ შეცდომა დაუშვით, როდესაც პროექტის კომერციალიზაციაზე დაიწყეთ საუბარი. მისი თქმით, ანაკლია სტრატეგიული დანიშნულების პროექტია და ხმაურის ატეხა ქვეყნის, ასევე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესებში არ შედიოდა. რას იტყვით ამის შესახებ? - თუ ასეთი პროექტი კომერციულად არ არის გამართული, მას არც ერთი ბანკი და ინვესტორი არ დააფინანსებს. როგორც ჩანს, ბატონმა სანდრომ დეტალები არ იცის. წამგებიანი პროექტები არ ფინანსდება, თუ ის სამხედრო დანიშნულების არ არის. ანაკლიის პროექტი არის კომერციული, სატრანსპორტო და სტრატეგიული დანიშნულების პროექტი.
- ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი დასავლური ან ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდებ, თუ ჩინური ან ყაზახური, კრემლთან აფილირებული კომპანიებით? - ანაკლიის პროექტში უკვე ჩადებულია 75 მილიონი დოლარი, ევროპული და ამერიკული ფული. უკვე გაკეთებულია უზარმაზარი საქმე. 400 მილიონზე ხელი აქვს მოწერილი ოთხ ბანკს, ჩვენი ქვეყნის დონორებს. პროექტის ოპერატორია ამერიკული კომპანია SSA Marine, რომელიც 25 წლის განმავლობაში პორტის მმართველი იქნება. როცა პორტი აშენდება, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება აქციონერი, რადგან მმართველი ამერიკული კომპანია იქნება.
- რაც შეეხება თქვენს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. როგორც ცნობილია, თქვენ პროკურატურა ფულის გათეთრებას გედავებოდათ, ამჯერად ლაპარაკია ინტერესთა კონფლიქტზე. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან რა კავშირშია? - ფულის გათეთრება ხდება არალეგალური გზებით, როდესაც ბანკში იარაღისა და ნარკობიზნესის ან ტრეფიკინგით ნაშოვნი შავი ფული შემოდის. პროკურატურამ ბოლო სასამართლო პროცესზე სამი მოწმე მოიყვანა - ეროვნული ბანკისა და სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ 2008 წელს ბანკმა დაუშვა შეცდომა, ანუ იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ბანკს ჯარიმა უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს თემა დამთავრებულია, ახლა სასამართლოში მიდის სამეურნეო საქმის გარჩევა, რომელიც ერთხელ უკვე გაარჩიეს. რაც შეეხება ფულის გათეთრებას, უკვე რამდენიმე პროცესია, რაც ეს ტერმინი პროკურატურისგან აღარც გამიგონია.
- ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადეთ, არ არის გამორიცხული, დამაპატიმრონო. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? - ის, რომ აბსურდების ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- მალე მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება - გარდა იმისა, რომ ოპოზიცია 4 თებერვლიდან სხვადასხვა ღონისძიებასა და საპროტესტო აქციებს გეგმავს, ახლოვდება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიც. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ გამუდმებით სასამართლო მოსმენებზე გიწევთ სიარული, როგორ მოახერხებთ ამ პროცესებში ჩართვას? - საქართველოს ისტორიაში თუ გინახავთ სხვა მაგალითი, ეროვნულ ბანკს 11 წლის წინანდელი საქმე შეემოწმებინოს, მერე პროკურატურას გამოძიება დაეწყოს და ბოლოს სასამართლოს ამ საქმის მოსმენები ყოველ მეორე დღეს დაენიშნოს? მით უმეტეს მაშინ, როდესაც უამრავი გამოუძიებელი საქმე აქვთ?
სასამართლო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ცდილობს დაგვაკავოს პროცესებზე სიარულით, რათა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა არ მოგვეცეს.
ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ყოველი პროცესის წინ გვექნება სპეციალური პერფორმანსი, გავმართავთ ბრიფინგსა და პრესკონფერენციას, რათა მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, ინფორმაცია მივაწოდოთ. იმ მცირე შუალედებში, რაც სასამართლო პროცესებს შორის გამოგვიჩნდება, რეგიონებში შევხვდებით ამომრჩეველს. ასეთ რთულ მდგომარეობაში გვაყენებს ხელისუფლება, მაგრამ იცოდნენ, რომ მაინც მოვუგებთ, მაგათი საქმე მაინც წასულია, აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას. ხალხი არ აპატიებს, რომ ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანეს.
ხათუნა ბახტურიძე