"შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს" - კვირის პალიტრა

"შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს"

შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არავითარ შემთხევაში არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომელშიც არ ჯდება თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს სახელმწიფოს არსებობა - ასე შეაფასა რუსეთში განვითარებული მოვლენები ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ცვლილებები უფრო შიდა თემებისკენაა მიმართული, ვიდრე საგარეო პოლიტიკაში ცვლილებისკენ.

გარდა ამისა, როგორც ფხალაძე ამბობს, ცვლილებები ლეგალურად აძლევს პუტინს უფლებას ნებისმიერ საერთაშორისო ვალდებულებაზე, უცებ აღმოაჩინოს და თქვას, რომ მათ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ამიტომ ვერ შესრულდება.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ რუსეთის კონსტიტუციას ენიჭება უპირატესი უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შედარებით. ანუ, ეს ნიშნავს, რომ თუკი საერთაშორისო ხელშეკრულება "აღმოჩნდება" ან ვინმე აღმოაჩენს, რომ თურმე ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს, ეს საერთაშორისო ვალდებულება შეიძლება არ შესრულდეს. რუსეთი ყოველთვის გაიმართლებს ამით თავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ანუ საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს ძლიერ პრემიერ-მინისტრს და პუტინისთვის კიდევ ერთ შანს ლეგალურად დარჩეს ხელისუფლებაში. მე არ მგონია, რომ ამ წუთას ჩვენთვის განსაკუთრებით იცვლებოდეს რაიმე, იმიტომ რომ ვერ გეტყვით იმას რომ რუსეთში მოსალოდნელია დემოკრატიული ცვლილებები რეალურად განხორციელდეს,“ - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"