"ის დაკარგული წლები, როცა მიწისგან შორს ვიყავი, გადავწყვიტე ნატახტარში ამენაზღაურებინა"
სანამ რობერტ იანტბელიძის საქმეების შესახებ გიამბობდეთ, კაცზე, რომელიც 20 წლის წინ მეუღლესთან ერთად თბილისიდან ნატახტარში გადავიდა, მანამდე თქვენთვის მის გაცნობას თავად ბატონი რობერტის მონათხრობის იმ ეპიზოდიდან დავიწყებ, სადაც საკუთარ წარმომავლობასა და გვარის ისტორიაზე საუბრობს...
რობერტ იანტბელიძე:
- სამაჩაბლოდან ვარ, ყორნისის (ზნაურის) რაიონის სოფელ სუნისიდან... საერთოდ იანტბელიძეები ისტორიულად ტბელები არიან, რომლებიც ბაგრატ III-ის დედის, გურანდუხტის მომხრეები იყვნენ. ცნობილია, რომ გურანდუხტი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი იყო, წინ აღუდგა შვილის წამოწყებას და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქად უფლისციხე გამოაცხადა... ტბელები პატარა და დიდი ლიახვის ხეობაში ეკლესია-მონასტრების აღმშენებლები იყვნენ და დღეს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული ძეგლები უმეტესად იმდროინდელია... მოკლედ, რადგანაც ჩემი სამაჩაბლო, მიწა-წყალი დავკარგე, მინდოდა სადმე აღმოსავლეთში მეყიდა მიწა - ასე დავსახლდი ნატახტარში...
- 20 წლის წინ გიყიდიათ ეს მიწა და დღეს უკვე საოცარი გარემო გაქვთ შექმნილი... - ეს რომ გადავწყვიტე, მანამდე თბილისში, ფონიჭალაში ოროთახიანი ბინა გავყიდე და ჯერ 2500 კვმ მიწა შევიძინე, მეორედაც ამდენივე ვიყიდე, ოღონდ ეს ძვირფასი ავეჯის გაყიდვის შემდეგ შევძელი. კი მეუბნებოდნენ, რას აკეთებო, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. იმ მიწაზე არაფერი არ იყო, მიტოვებული, მიგდებული ადგილი გახლდათ. ვაზი სულს ღაფავდა და ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო, რათა იქაურობა რამეს დამსგავსებოდა.
მამაჩემი სამაჩაბლოში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და სამეურნეო სამუშაო მისგან ვისწავლე. მისი დამსახურებით ისეთი მოვლილი ბაღი ჩვენს სოფელში მეორე არ იყო, ოღონდ, როცა მამა ბაღში საქმიანობდა, მე მაშინ არ მეცალა - ჯერ თბილისისა და მერე რესპუბლიკის ავტოინსპექციის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსი ვიყავი. მოკლედ, ის დაკარგული წლები, როცა მიწისგან შორს ვიყავი, გადავწყვიტე ნატახტარში გამომესწორებინა და აქ 1999 წელს ჩამოვედი.
- სანამ ბაღს გააშენებდით, თავშესაფარი ხომ გინდოდათ, სად ცხოვრობდით?
- ერთ-ერთ ქეიფში ვთამადობდი, სადაც სუფრასთან მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობაც იყო. იმ დროს საშინელი წვიმა დაიწყო... გამახსენდა, რომ სამშენებლო მასალა, ფიცრები გარეთ მეწყო. უნდა გავიქცე, ნატახტარში ნაკვეთი მაქვს და მასალა დამისველდება-მეთქი. სუხიშვილების ძველი მოცეკვავე ვარ, ცეკვა-სიმღერა შემიძლია და მითხრეს, შენნაირი კაცის აქედან გაშვება არ იქნებაო და შემპირდნენ, მასალების შესანახად მეტროს ვაგონს გაჩუქებთ, ფიცრებსაც მოგიტანთო. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამას მართლა ამბობდნენ, ხუმრობად ჩავთვალე. როგორი დასაჯერებელი იყო, რომ ვინმე მეტროს ლამის 19-მეტრიან ვაგონს მაჩუქებდა?! 5-6 დღის შემდეგ ჩემი ქვისლი, ვისთანაც ვქეიფობდით, მირეკავს, ჩამოდი და ვაგონი წაიღეო. მოკლედ, მაშინ გავიგე, რომ გლდანში მეტროპოლიტენის ტერიტორია ყოფილა, სადაც ვაგონებს არემონტებდნენ, თან წამყვანის ვაგონი შემირჩიეს, კაბინიანი... ასე რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ნაკვეთში მეტროს ვაგონი დავდგი, სადაც მე და ჩემი ცოლი ერთ წელიწადს ვცხოვრობდით.
- ვაგონი იყო თქვენი თავშესაფარიც და მასალების საწყობიც?
- ის იყო ჩვენთვის ყველაფერი. მერე მოგვიანებით დამხმარე შენობა ავაშენე, დუქანივით, რომელსაც მეორე სართულად ის ვაგონი კაპიტალურად დავადგი. ამის შემდეგ ჩემი ეზო და სახლი ნატახტარში ძალიან ცნობილი გახდა. მოდიოდნენ უცხოელები და აღფრთოვანებული იღებდნენ სურათებს... პარალელურად ბაღს ვაშენებდი, ხეხილი ჩავყარე და დღეს 21 დასახელების ხილი მაქვს. თავიდანვე ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. მერე აქაურობა რესტორნადაც ვაქციე. უცხოელების რიგი იდგა, რომ ვაგონში მოსულიყვნენ და სურათებიც გადაეღოთ.
- ვაგონის გამო პრობლემა არასოდეს შეგქმნიათ? - წინა მთავრობამ დამაჯარიმა და რესტორანი დამახურინა. ჯარიმასა და მის წართმევას გადავრჩი, რადგანაც უკვე ეს მთავრობა მოვიდა. ახლა დგას მეორე სართულზე გაპიწკინებული, შეღებილი მეტროს ვაგონი, სადაც არა მარტო მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, ჩემი უმცროსი ვაჟიც ოჯახით. ხშირად ჩამოდიან შვილიშვილებიც.
- მიწის ნაკვეთი სრულად გაქვთ დამუშავებული? - აქ კარგად ხარობს გარგარი, ჭერამი, ატამი, ვაზი, სუბტროპიკული ხილი - მუშმალა, წყავიც გავახარე. მხოლოდ კარტოფილი არ მოვიდა. ყოველდღე მორწყვა უნდა, რაც შეუძლებელია. ლობიო, სიმინდი, კიტრი, პომიდორი - ყველაფერი მოდის.
- ესე იგი, გაამართლა თქვენმა გადაწყვეტილებამ? მიიღეთ ის შედეგი, რასაც ფიქრობდით?.. - შედეგი ის არის, რომ თბილისის ეკოლოგიურ სიბინძურეს მოცილებული ვარ, წყალი, გაზი, შუქი მაქვს. ეზოში ხეხილი, ყვავილებია. თბილისში, ნაძალადევში სამსართულიანი სახლი გვაქვს, სადაც ჩემი უფროსი ვაჟი ცხოვრობს, იქ რომ დავრჩენილიყავი, გინდაც კორპუსში მეცხოვრა, ასეთ სიამოვნებას ვერ მივიღებდი, როგორც ნატახტარში. რაც მთავარია, სივრცეა და ყველაფერი ამ სივრცის შესაბამისად მაქვს გაკეთებული. ეზოში ყვავილების განლაგება ქალების გემოვნებაზეა მინდობილი. ვეძებთ ლამაზ ყვავილებს, რომ ჩვენს ეზოში გავამრავლოთ. ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებით კეთდება და მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით. ისეთი გარემოა, დილით რომ გამოხვალ, ინტერესი გიჩნდება, რაღაც გააკეთო, ეზო-კარს მიხედო. თავიდან აქედან რომ დავდიოდი სამსახურში, ხალხი დამცინოდა, მეტი საქმე არაფერი გაქვსო. მერე რომ ნახეს, რაც გამომივიდა, ჭკვიანი კაცი ხარო...
- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს? - თბილისში რომ მეცხოვრა, ალბათ, მეზობლებთან დომინო, ნარდი უნდა მეთამაშა ეზოში და ლუდი მესვა. სამწუხაროდ, იქ სხვა არაფერი ხდება. დალოცვილო, შენს მიწაზე ხელი გაანძრიე, ეს ჯანმრთელობას რგებს და გუნება-განწყობაც გეცვლება, ბავშვებს ახარებ და ახალისებ, თან ასწავლი და აჩვევ შრომას. უმცროსი შვილიშვილებისთვის პატარა ფოცხი, თოხი მაქვს. რომ ხედავენ, ბებია და ბაბუა რაღაცას ვაკეთებთ, მათაც უნდათ მონაწილეობა, შრომით მიცემული მაგალითი პატარებისთვის ბევრს ნიშნავს. ამიტომ კორპუსები შეძლებისდაგვარად უნდა დატოვონ და მამაპაპეულ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ. ვისაც არა აქვს, უნდა ეცადოს, რომ შეიძინოს მამული, დაუბრუნდეს სოფელს.