"დედამისს ძალიან არ უნდოდა ჩემი რძლობა, ფიქრობდა, ჩემს შვილს მომავალი აღარ ექნება და დაიღუპებაო"
დაჰპირდა, ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, მაგრამ მაინც გატეხა სიტყვა. თურმე, ოქროს ქორწილის აღნიშვნას აპირებდნენ - 50 წელიწადს იცხოვრეს ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ღრმა დეპრესია დაეწყო. მერე, ნელ-ნელა ცოტათი გამოვიდა მდგომარეობიდან... სევდა ოდნავ მაინც რომ შემსუბუქებოდა, ბავშვობის გახსენება ვთხოვე, მაგრამ ბავშვობაც, თურმე, "მასთან" ერთად იწყებოდა. ასე აღმოვჩნდი მხოლოდ წარსულისა და გასაოცარი, უსასრულო სიყვარულის პირისპირ, სიყვარულს კი ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაია და მისი მეუღლე - ლუიზა კობალაძე ჰქვია.
"იყო და არა იყო რა, რა იქნებოდა, ნეტავ, რაო? შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ რომ გამოედარაო"...
- ტყიბულში ვცხოვრობდით მეც და ბუთხუზიც. ის ჩემი 3 წლით უმცროსი დის თანაკლასელი იყო - მაღალი, წარმოსადეგი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი. სკოლის ანსამბლში უკრავდა და კონცერტებზე სხვებსაც უკეთებდა აკომპანემენტს. ყოველთვის დიდივით იქცეოდა, "ბიჭუშკა" არასდროს ყოფილა. სიყვარული 14 წლისამ ამიხსნა - თავისი ამხანაგი გამომიგზავნა ამის სათქმელად. პასპორტი რომ აიღო, კიდევ გამომიგზავნა ამხანაგი, პასპორტიც გამოატანა და შემომითვალა: ხელი მოვაწეროთ, მერე, მშობლებმა რომ არ ნახონ, პასპორტიდან ფურცელს ამოვხევ, მე კი მეცოდინება, რომ ლუიზა ჩემიაო.
თვითონ ზედა უბანში ცხოვრობდა, მის ზემოთ ცხოვრობდა ჩემი მეგობარი ტაია, რომელიც დილაობით ჩამომივლიდა ხოლმე და სკოლაში ერთად მივდიოდით. ბუთხუზმა ეს იცოდა და როგორც კი ჩემი მეგობარი ჩამოსცდებოდა მის სახლს, ესეც ნელ-ნელა უკან მოჰყვებოდა - ასე გვაცილებდა სკოლამდე. რამდენჯერ მეგობრებთან ერთად მჯდარა, მე ჩამივლია და ზედაც არ შემიხედავს. თურმე, ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე ამ დროს და მისი მეგობრები ბრაზობდნენ: მაგას ვუჩვენებთ სეირსო. იმხანად ბუთხუზის საქციელზე მეცინებოდა, მაგრამ იმდენი ქნა, ვერც კი მივხვდი, როგორ შემომეპარა სიყვარული. მერე და მერე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, შინ. ვისხედით და ბუთხუზი ჩუმად მწერდა სასიყვარულო წერილებს, მეც წერილობით ვპასუხობდი - მოკლედ, ვმესიჯობდით, მამაჩემი კი ვერაფერს ხვდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ყოფილ პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და თბილისში ბინაც ვიქირავე. ბუთხუზის ოჯახი მანამდე გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში, თვითონ ჯერ ტექნიკუმში მოეწყო, შემდეგ - კონსერვატორიაში.
პირველკურსელი ვიყავი, ჩუმად რომ მოვაწერეთ ხელი - მართალია, ბუთხუზი არასრულწლოვანი იყო, მაგრამ მმაჩის ბიუროში "ჩავაწყვეთ". ის მაინც თავის ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა ყოველდღიურად ერთად ვიყავით. სამი თვის ფეხმძიმე რომ გავხდი, ბუთხუზმა დედამისს წერილი დაუტოვა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. პატარა ჩემოდნით მოიტანა ორ-ორი კოვზი, დანა, ჩანგალი და კიდევ რამდენიმე საჭირო ნივთი. ერთ პატარა ოთახში საწოლიც ერთი გვედგა, მაგიდაც და სკამიც.
ორ დღეში მთელი სამეგრელო თბილისში ჩამოვიდა და იოლად მოგვძებნეს. დედამისს ძალიან არ უნდოდა ჩემი რძლობა, ფიქრობდა, ბუთხუზს მომავალი აღარ ექნება და დაიღუპებაო. ბიძამისმა აბორტის გაკეთებაც მომთხოვა. მამაჩემიც ჩამოვიდა თბილისში და ბასილაიებმა დაიბარეს. მამაჩემი აბორტის სასტიკი წინააღმდეგი წავიდა და ბუთხუზის ოჯახს გამოუცხადა, ჩემს შვილსაც და შვილიშვილსაც თვითონ მოვუვლიო. ამის შემდეგ ბუთხუზმა მითხრა, დედაჩემი ძალიან ცუდად არის, ფოთში უნდა წავიდე, მაგრამ 10 დღეში ჩამოვალო. ჩემთან ჩემი მშობლები და და დარჩნენ.
- დარწმუნებული იყავით, რომ დაბრუნდებოდა?
- ძალიან ცუდად ვიყავი. არ ვიცი, რას ვფიქრობდი... მეათე დღეს ფანჯარასთან დავდექი, ჩაფიქრებული და... უცებ ბუთხუზმა შემოაღო ჭიშკარი. შემოსვლისთანავე მუხლებზე დაიჩოქა, - ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, - შემომფიცა და... დარჩა. ანრი 6 თვის იყო, ბებიამ პირველად რომ ნახა. მერე შემირიგდა კიდეც. ბუთხუზმა კი სწავლაც შეძლო და მუშაობაც. პირველი სიმღერა - "სიყვარულის ზღაპარი" ჩვენს ერთოთახიან ბინაში დაწერა... ხანდახან აზრი მეკარგება ხოლმე... მერე შეიქმნა "ივერია". ვაწყობდით კონცერტებს, ვმღეროდით, ბუთხუზი სიმღერებს წერდა... ჩემთვისაც ბევრი სიმღერა დაწერა, თუმცა არასდროს მეუბნებოდა, შენ გიძღვნიო, მაგრამ, რომ მომასმენინებდა და მეტყოდა, ჩვენ უნდა ვიმღეროთო, ვიცოდი, ჩემთვის იყო დაწერილი. მასმენინებდა და თან ორივენი ვტიროდით...
მახსოვს, მორის ფოცხიშვილმა თავისი საღამოს შემდეგ ბუთხუზს აჩუქა წიგნი, რომლის უკან ეწერა: "მერე ყველაფერი ნელდება. მერე ყველაფერი ძნელდება. ვნება მდუმარებით დუნდება"... როგორც კი ბუთხუზმა ტექსტი წაიკითხა, იმ წამს როიალს მიუჯდა და რაღაც მელოდია დაუკრა, მერე მეც დამიძახა და წამში შექმნა არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელსაც ტექსტი არ ჰქონდა. მეორე დღესვე მიაკითხა ფოცხიშვილს და ასე დაიწერა: "დღესვე უნდა გნახო, იცოდე, უნდა განმიახლო სიცოცხლე..." ამას მოჰყვა საოცარი სიმღერები, მიუზიკლები, გასტროლები, წარმატება და ყველგან ერთად ვიყავით - მე და ბუთხუზი.
"უცებ რომ გამოედარა, სულსაც დავთმობდი, სულს..."
- ხალხს ძალიან უყვარდა ბუთხუზი, გამორჩეულად უყვარდა და ამას დღესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ბოლოს სულ ამ სკამზე იჯდა, სამზარეულოში ან, თუ უგუნებოდ დაბრუნდებოდა შინ, აივანზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. ვერც ვუყურებ იმ ადგილს. უკვე მეშვიდედ აყვავდა ყველაფერი და ის კი აღარ არის... მის გარეშე ძალიან მიჭირს. გაგრძელება
ირმა ხარშილაძე