"და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედურმა კინოაკადემიამ 4 ნომინაციაში დააჯილდოვა - ლევან გელბახიანი ისევ გამარჯვებულია
საქართველოში და უკვე მსოფლიოში ცნობილმა ქართულ-შვედურმა ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ", რომლის რეჟისორიც ქართული წარმოშობის შვედი ლევან აკინია კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. 2019 წელს "ოსკარზე" შვედეთის მიერ წარდგენილმა ფილმმა შვედეთის კინოაკადემიის კინოფესტივალ "Guldbagge Award 2020"-ის დაჯილდოებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო კინოსცენარი, საუკეთესო არტდირექტორი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, რომელშიც ჯილდო ლევან გელბახიანმა დაიმსახურა. "Guldbagge Award" ყოველწლიური კინოფესტივალია, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში იმართება და შვედეთის ინდუსტრიის საუკეთესო ფილმებსა და მსახიობებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. შეგახსენებთ, საქართველოში ფილმის პრემიერას დიდი ხმაური მოჰყვა. ფილმში შეყვარებული ახალგაზრდების ისტორია გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რაც აქციებით გააპროტესტეს.
(სპეციალურად საიტისთვის)