"საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება... მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე
ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ექიმია, რომელიც დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1300-ს მიაღწია, აქედან 1287-მდე შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება "ძალიან ადრეა".
ქალაქ უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა "განსაკუთრებული მიზეზის" გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. არსებული ინფორმაციით, უხანში ათამდე ქართველი ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე ჩინეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები და იქ არსებული სიტუციის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მათგანია ნინო გელანტია, რომელიც პეკინში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში ამჟამად 22 ადამიანია დაინფიცირებული და არც ერთი მათგანი გარდაცვლილი არ არის.
"ვპასუხობ შეკითხვებს ჩინეთის ვირუსთან დაკავშირებით: მეზობლებს, ნათესავებს, თუ კეთილის მსურველებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ დედაჩემის დაპანიკებისგან.
მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს
1. უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი; ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი და სტრატეგია, რომ ამდენი ადამიანი საფრთხეში არ გვამყოფოს;
2. ვარ პეკინში, დედაქალაქში. ამჟამად, დაინფიცირებულია 22 ადამიანი და არც ერთი გარდაცვლილი; ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი.სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. (ვიდეო ქვემოთ); საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რაიმე დაწესებულება დახურულიყო. ხვალიდან ჩინური ახალი წელი იწყება და პეკინი თითქმის დაცარიელებულია.
3. არადაზუსტებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად გავრცელდა ვუხანიდან გველის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხორცის მყიდველ-გამყიდველებისგან. დაინფიცირდა 444, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ყველა 40-90 ასაკობრივი კატეგორია, უმეტესად 80+ ია გარდაცვლილები. რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი უკვე მოათავსეს იზოლირებულ სივრცეში, ვირუსი არ არის მომაკვდინებელი. ამ ეტაპზე, არც ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო SARS 2003 წელს. გაგრძელება