"ნანილას" წარმატება და პირველი ინტერვიუ დათო გომართელთან იტალიაში საქართველოს ელჩის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ნანილას" წარმატება და პირველი ინტერვიუ დათო გომართელთან იტალიაში საქართველოს ელჩის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ

ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძართან არსებულმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა "ნანილა", კიდევ ერთხელ შეძლო იტალიელი მაყურებლისა და თანამემამულეების აღფრთოვანება. თითქოს წარმოუდგენელია, ცხოვრების იმ რიტმისა და განრიგის ფონზე, რომელშიც ქართველებს ემიგრაციაში უწევთ ცხოვრება, ისეთი დონის კონცერტი წარადგინო, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის სცენას დაამშვენებდა, მაგრამ მათ ეს შეძლეს.

ანსამბლმა, 26 იანვარს ლომბარდიაში, ქალაქ კრემაში, კიდევ ერთი სოლო კონცერტი გამართა. არაჩვეულებრივმა ქორეოგრაფიამ და ცეკვამ, ულამაზესმა ნაციონალურმა სამოსმა, მომღერალთა საშემსრულებლო დონემ, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. კონცერტი, კრემაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ნინო ჯინჭარაძისა და იტალიური მხარის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ანსამბლის დაარსება 2011 წელს, ფლორენციაში არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის ჩასვლას უკავშირდება. "ნანილა" ექვსი წლის წინ ეკურთხა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ მეუფე აბრაამ გარმელიას მიერ და მას შემდეგ ფესტივალებშიც მონაწილეობს და არაერთი საქველმოქმედო კონცერტიც ჩაატარა, საიდან შემოსული თანხითაც, საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. ანსამბლს, დაარსების დღიდან, ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი რიტა სიმსივე, მუსიკალური ხელმძღვანელი კი ნანა ჩიხიაშვილია. "ნანილასთან" თანამშრომლობს და მხარში უდგას "ფონდი ქართული გალობა".

საქართველოს თითოეული მოქალაქე რომ საკუთარი ქვეყნის ელჩია საზღვარგარეთ, ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა სულით ქართველს, ამიტომაცაა რომ "ნანილა", თავს არ ზოგავს საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოსაჩენად.

კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დიასპორასთან ურთიერთობის კოორდინატორი და ელჩის ახალდანიშნული მრჩეველი, დავით გომართელი. მან მაყურებლისათვის ორი სიმღერა შეასრულა და ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიასპორებთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს და მათგანაც თანამშრომლობას ელის.

დავით გომართელი: - საღამო საოცრად მრავალფეროვანი, საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოხიბლული ვარ. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო: იდეის ავტორებს, ორგანიზატორებს, მონაწილეებს. ვაცნობიერებ, თუ რამხელა ძალისხმევა და შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული. მით უმეტეს როდესაც ეს ყველაფერი არა საკუთარ სახლში, არამედ საზღვრებს გარეთ ხდება. ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ეს, ძალიან ბევრს ნიშნავს. მასპინძელ ქვეყანაში ასეთი ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია, რათა გავაცნოთ ჩვენი სამშობლო იტალიის იმ მხარეებსა და კუთხეებს, რომლებიც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ საქართველოს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისი დამსახურებაც იყო დღევანდელი ლამაზი საღამო.

- ხელოვანი ადამიანისგან ასეთი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანსამბლის წევრებისთვის. როგორ აღმოჩნდით სცენიდან საქართველოს საელჩოში აღნიშნულ თანამდებობაზე, ალბათ უამრავი კანდიდატურა მოიაზრებოდა, რატომ თქვენ?

- საზოგადოება მიცნობს როგორც მომღერალს და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ იტალიელებთან მუშაობის დიდი სტაჟი და გამოცდილება მაქვს. წლების განმავლობაში ვიყავი ერთ-ერთი იტალიური კომპანიის გენერალური დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში ინვესტორები შემოჰყავდა. იმ პერიოდში, ძალიან ბევრი დიდი პროექტი განვახორციელეთ. ამას გარდა, 2004-2005 წლებში, ვმუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მულტიმედიის სამმართველოს უფროსად; დამთავრებული მაქვს GIPA-ს დიპლომატიისა და ქვეყნის უშიშროების კურსი.

- საზოგადოება საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა თქვენს დანიშვნას, რაზეც ალბათ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებული თქვენი ერთ-ერთი კლიპის "დამსახურებაც" გახლდათ.…

- მართალია, ეს იყო მაია ასათიანის რამდენიმე წლის წინანდელი საახალწლო გადაცემა. ამ კლიპის წამოწევას მოჰყვა ჩემი დანიშვნა. როგორც ხდება ხოლმე, კლიპი უცებ ყველამ აიტაცა, მაგრამ ეს იყო გასართობი, საბავშვო გადაცემა. ცუდი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ჩემს დანიშვნას, იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვიყავი რეზერვში, განიხილეს რამდენიმე კანდიდატურა და როგორც ჩანს, ჩემზე არჩევანი, აღნიშნული მონაცემებისა და გამოცდილების საფუძველზე შეაჩერეს.

ჯერ ახალი დანიშნული ვარ, ფაქტობრივად, საფუძვლიანად ორი კვირის წინ ჩამოვედი იტალიაში და კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, სამუშაოში აქტიურად ჩავერთე. ვკურირებ დიასპორის საკითხებს და რა თქმა უნდა კულტურის სფეროსაც. საელჩოს და საკონსულოს გუნდი ძალიან შეკრული და პროფესიონალურია. ისინი დღე და ღამე მუშაობენ. ძალიან რთულია იტალიაში მუშაობა, რადგან საკმაოდ ბევრი ქართველია, აქედან გამომდინარე, ბევრი პრობლემაცაა.

- რა გეგმები გაქვთ ქართულ სათვისტომოებთან დაკავშირებით?

- არსებობს დიასპორებთან მუშაობის რამდენიმე პროექტი, რომლებზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საუბარია რომში ქართული სახლის გახსნათან დაკავშირებით; სადაც იგეგმება საგამოფენო გალერეის, ასევე ქართული ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების მაღაზიის გახსნა, წარმოდგენილი იქნება იტალიური ბაზრისთვის საინტერესო პროდუქცია; ღვინო, მინერალური წყალი...

ასევე საუბარია ფესტივალებზე. როგორც ჩანს, იტალია ნელ-ნელა ეცნობა და აფასებს ქართულ კულტურას, ცეკვას, სიმღერას. იტალიური მხარისგან არის დიდი მოთხოვნა, რომ საქართველოც იყოს წარმოდგენილი რიგ ფესტივალებზე. ვფიქრობ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყოველთვის საქართველოდან ჩამოვიყვანოთ ჯგუფები, როდესაც აქ, ადგილზე ისეთი ანსამბლები არსებობს, მაგალითად როგორიც "ნანილაა". ამით, ჩვენი დიასპორის ჩართულობასაც შევუწყობთ ხელს. მქონდა საუბარი ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვართან, მამა ანდრია ლაცაბიძესთან, ვაპირებთ ფლორენციის მერთან შეხვედრას. ჩვენი დიდი სურვილია, უახლოეს მომავალში ფლორენციაში "ნანილას" კონცერტი ღია ცისქვეშაც ჩატარდეს.

არის გეგმები, რომელთა საშუალებითაც მეტად წარმოვაჩენთ საქართველოს, ჩვენს კულტურას, ჩვენს ფესვებს და იმ დიდ ისტორიას, რომელიც გაგვაჩნია.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად საიტისთვის იტალიიდან