კორონავირუსისგან სრულად 133 ადამიანი უკვე განიკურნა - როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები? - კვირის პალიტრა

კორონავირუსისგან სრულად 133 ადამიანი უკვე განიკურნა - როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები?

ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელებული ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაზრდილია. ჩინეთის მთავრობა ვირუსის დასამარცხებლად ყველაფერს აკეთებს, ქალაქ უხანში გამოცხადებულია კარანტინი, უკვე გაუქმდა ფრენები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. საქართველომაც დროებით უარი თქვა ჩინეთ-საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლაზე, საზღვრებზე გამკაცრებულია კონტროლი და დაინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად ჩინეთის მოსახლეობა გარეთ გამოსვლისგან თავს იკავებს.

ვირუსის დასამარცხებლად მსოფლიო გაერთიანდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ყოველდღიურად მოსახლეობის დახმარებას ცდილობს. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რიცხვი 7 783 აღწევს და ვირუსით გარდაცვლილია 170 ადამიანი. მათ რიცხვში ძირითადად ხანშიშესული და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან, საბედნიეროდ, ვირუსს უკვე 133 ადამიანი გადაურჩა და განკურნებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს.

ბრიტანული ბი-ბი-სი ვირუსის გავრცელების არეალზე წერს, ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა სულ მცირე 15 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორისაა გერმანია, ვიეტნამი და იაპონია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის გლობალურად გავრცელების პრობლემაზე ალაპარაკდა.

"ამ ბოლო დღეებში ადამიანიდან-ადამიანზე ვირუსის გავრცელების საფრთხემ იმატა, ეს ჩვენ გვაშინებს, თუმცა ჩინეთის გარეთ ვირუსის გავრცელების რიცხვი მოლოდინთან შედარებით პატარაა", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოსახლეობას კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭირო რეკომენდაციებს უზიარებს:

- ხშირად დაიბანეთ ხელები წყლით და გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელსახოცი ან საპონი;

- ხველის ან ცემინების დაწყებისას, შეეცადეთ, ხელით შეაჩეროთ ბაქტერიების გავრცელება, იდაყვის არე აიფარეთ ცხვირსა და პირის ღრუზე და დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები;

- მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანთან, რომელიც რაიმე ბაქტერიის ან ინფექციის მატარებელია;

- თუ თქვენ გახველებთ ან გაცემინებთ და გირთულდებათ სუნთქვა ჩაიტარეთ საჭირო დახმარება და მიმართეთ ექიმს;

- როდესაც დიდ სუპერმარკეტს ესტუმრებით, შეეცადეთ თავი აარიდოთ ცხოველებთან კონტაქტს;

- უმჯობესია არ შეიძინოთ ვიტრინის ზემოდან დადებული ხორცი, რძე ან რაიმე ორგანული, რათა აირიდოთ ჯვარედინი კონტაქტი ვირუსთან.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქალაქი უხანი - "ცხოვრება კარანტინში"

(სპეციალურად საიტისთვის)