"ძმების მკვლელობის შეკვეთა უკრაინაში დაიგეგმა" - რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი?
როგორც დაზარალებულებმაც განაცხადეს, პირები, რომლებიც ჩვენ მიერ არიან დაკავებული, შემსრულებლები არიან, რაც შეეხება შემკვეთს, ამაზე ბრალდების მხარეს გარკვეული ინფორმაცია აქვს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ განუცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ძმების მკვლელობის შეკვეთა უკრაინაში დაიგეგმა. სილაგაძის თქმითვე, გამოძიებას ამ მიმართულებით გარკვეული ინფორმაციაც აქვს.
"ორ პირს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება, დანარჩენ 4 პირს ბრალად ედებათ ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღება. სულ დაკავებულია 7 პირი, აქედან ერთი დაკავებულია უკრაინაში.
ძმების განზრახ მკვლელობა იგეგმებოდა შეკვეთით ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს. მკვლელობის მოტივებზე და სხვადასხვა მიზნებზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებს სილაგაძე.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 6 პირის პროცესი მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"