ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "ქართულ ოცნებას" მიმართავს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებას" მიმართავს.
რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.
"საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს რიგ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც "წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან". ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც:
"2020 წლისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების დანერგვის შეუსრულებლობა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტების გამოძიებისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების ხარვეზები, საკუთარი დისკრეციის გადაჭარბებულად ვერგამოყენება, რომ მოეხდინა სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც, მათ შორის, დაგმობილია საქართველოს რეგიონების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის რუსეთის მიერ მცოცავი ანექსია და სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.
"ინტერპრესნიუსი"