გვემუქრება თუ არა დემოგრაფიული კატასტროფა?!
"2000-იან წლებში გაერომ გვამცნო, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდებაო, ჩვენ კი უკვე მივაღწიეთ ამ მაჩვენებელს"
ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე გვესაუბრა:
- თითქმის 30 წელია, საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა. 1990 წლიდან შესამჩნევად უარესდება შობადობის, მოკვდაობის, ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებლები. იმიგრაციულმა პროცესებმა კი არნახულ მასშტაბს მიაღწია. ეს ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის ელვისებურმა დაშლამ გამოიწვია - ქვეყანამ დაიწყო სხვა საარსებო სივრცეების ძებნა... პოლიტიკურის გარდა, იყო ეთნო-დემოგრაფიული კონფლიქტებიც, რასაც სისხლის ღვრა და უამრავი ახალგაზრდის სიკვდილი მოჰყვა. ამასთან, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართული იყო საშინელებაში, რასაც "თეთრი სიკვდილი" უწოდეს. მახსოვს, 20-25 წლის წინათ 250 000 ნარკომანი გვყავდა. ახალგაზრდობა, რომელმაც ერი უნდა გაამრავლოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მიერ 204 ქვეყნის კვლევის შედეგად, 2016 წელს საქართველოს 136-ე ადგილი ერგო მოსახლეობის რაოდენობით. ამჟამად საქართველოს მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 0,05%-ს შეადგენს.
მთავარი შობადობის მაჩვენებელია. თუ 1960-90 წლებში საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 93 000 ბავშვი იბადებოდა, 2000-იან წლებში ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. გასულ წელს 49 000 ბავშვი მოევლინა ქვეყანას. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაიზარდა. 2002-2004 წელს ნულოვანი მატება იყო, ანუ რამდენი ადამიანიც დაიბადა, იმდენივე გარდაიცვალა. 1970-1980-იან წლებში კი ყოველწლიურად 70 000-ით მეტი იბადებოდა, ვიდრე კვდებოდა, ახლა ეს სხვაობა 3-5 ათასს შეადგენს. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ემიგრაციულ პროცესებსაც. 1991-2014 წლებში საზღვარგარეთ წავიდა მილიონ 700 ათასი ადამიანი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობის დაბერების დონე ძალიან მაღალია. ქვეყანაში 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 20%-ია.
- როგორც ვიცი, რეგიონებისა და სოფლების მიხედვით დეტალურად შეისწავლეთ სიტუაცია. რა გამოავლინა ამ კვლევამ? - გასაჭირი უდგას ქართულ სოფლებს. 2002 წელს ქვეყანაში 28 დიდი სოფელი აღირიცხებოდა, რომელთა მოსახლეობა ცალ-ცალკე 5 000 კაცს აჭარბებდა, ახლა მხოლოდ 12 ასეთი სოფელი დარჩა. თუ 2002 წელს 143 სოფელი იყო გაუკაცრიელებული, 2014 წელს უკვე 223 ასეთი სოფელი გვქონდა. გვაქვს 157 სოფელი, სადაც 1-5 კაცი ცხოვრობს და 98 სოფელი, სადაც 6-10 კაცი სახლობს. რაც შეეხება რეგიონებს, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში რთული ვითარებაა. უკვე წლებია, მეტი კვდება, ვიდრე იბადება. ყველაზე რთული ვითარება რაჭაშია. 1994-99 წლებში რაჭაში 12 000 ბავშვი დაიბადა, ხოლო ბოლო ხუთ წელიწადში - 690. ქვეყანაში ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია იმერეთი. იქ 1989 წელს 767 000 კაცი ცხოვრობდა, 2014 წელს კი - 534 000. 2002-2014 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა 135 000 კაცით შემცირდა, კახეთის - 89 ათასით, გურიისა - 30 ათასით. აჭარაში ბუნებრივი მატებაა, უფრო მეტი იბადება, ვიდრე გარდაიცვლება. აქ მთავარი რელიგიური ფაქტორია.
იმ რეგიონებში, სადაც მაღალია შობადობა, ძირითადად, მუსლიმანური აღმსარებლობის მიმდევრები ცხოვრობენ. ეს ყველგან ასეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხრა ქრისტიანული აღმსარებლობის ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, მოლდოვასა და სომხეთში 1989-2016 წლებში მოსახლეობის რაოდენობა 14 მილიონ 361 ათასით შემცირდა, ხოლო ექვს მაჰმადიანური აღმსარებლობის ქვეყანაში - აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და თურქმენეთში - 23 მილიონ 16 ათასით გაიზარდა.
დავუბრუნდეთ საქართველოს. ბოლო, 2014 წლის აღწერამ დამაფიქრებელი ციფრები გვიჩვენა. არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში რაჭა, სადაც 2002 წელს 50 000 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი - 32 000, გაუკაცრიელდება 22 წელიწადში, აჭარა - 32 წელიწადში, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 29 წელიწადში, იმერეთი - 39 წელიწადში, მცხეთა-მთიანეთი - 40 წელიწადში, სამცხე-ჯავახეთი - 44 წელიწადში, კახეთი და ქვემო ქართლი - 47 წელიწადში, გურია - 49 წელიწადში, შიდა ქართლი კი, სადაც ბოლო 12 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობამ 30 000-ით იკლო - 67 წელიწადში.
- საგანგაშო მონაცემებია... - 2000-იანი წლების დასაწყისში გაერომ გამოთვალა და გვამცნო, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდებაო, ჩვენ კი უკვე მივაღწიეთ ამ მაჩვენებელს, 50 წელი არ დაგვჭირდა.
თუ ასე გაგრძელდა, რეგიონები (მხედველობაში არ მაქვს დიდი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) დაახლოებით 41 წელიწადში გაუკაცრიელდება.
- დემოგრაფიული თვალსაზრისით უფრო მძიმე სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ? - ახლა რომ ყოველ ოჯახში სამი ბავშვი დაიბადოს, სიტუაცია იმედისმომცემი გახდება. მე-19 საუკუნეში და უფრო ადრეც, გაცილებით მეტი ბავშვი იბადებოდა, მაგრამ მაშინ ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან ხშირი იყო. მე-19 საუკუნის შუა ხანებში რუსეთში ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე 300 წლამდე ასაკში კვდებოდა, 403 - ხუთ წლამდე ასაკში, დაბადებულ ბავშვთა ნახევარი კი 15 წლამდე ვერ აღწევდა.
საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იყო. თბილისის გუბერნიაში 1875-79 წლებში ყოველი 1000 დაბადებულიდან 5 წლამდე ასაკის 205 ბავშვი კვდებოდა. საშუალო წლიური ტემპერატურა ჩვენთან უფრო მაღალი იყო, ვიდრე რუსეთში, აქ უფრო ვიტამინურ საკვებს მიირთმევდნენ, ხილ-ბოსტნეული მეტი იყო, რაც ხელს უწყობდა ნაყოფის განვითარებას.
დღეს 1000 დაბადებული ბავშვიდან 10-მდე გარდაიცვლება. ბევრია წამალიც და სპეციალისტიც, ხდება ვაქცინაცია, აღარ არის სასიკვდილო წითელა, ქუნთრუშა და ა.შ.
- დემოგრაფიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რამდენი გოგონა და რამდენი ბიჭი იბადება? - მე-14 საუკუნეში ფლორენციაში იყო მღვდელი ჯიოვანი ვილანი. ის ყოველი გოგონას მონათვლის შემდეგ ყუთში აგდებდა თეთრ მუხუდოს მარცვალს, ბიჭის მონათვლის შემდეგ კი - შავ მარცვალს. 30 წელი რომ გავიდა, შეფარდებით დაინტერესდა და ყუთი გახსნა. აღმოჩნდა, რომ ყოველ 100 გოგონაზე 105-106 ვაჟი იბადებოდა. ეს კანონზომიერება ახლაც დაცულია მსოფლიოში. ბუნებამ ჰარმონიულად დააპროგრამა ეს საკითხი.
დღეს მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქალები ჭარბობენ. ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მაგალითად, საქართველოში საშუალოდ ყველა ქალი 8-9 წლით დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მამაკაცი, არადა, გასულ საუკუნეებში პირიქით იყო. სურათი მე-20 საუკუნიდან შეიცვალა.
- რა არის ამისი მიზეზი?
- მეცნიერები ერთ პასუხზე ვერ შეთანხმდნენ. როდესაც ერთ მეცნიერს არ მოეშვნენ და რამდენჯერმე ჰკითხეს, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთო, ხუმრობით უპასუხა, ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, რადგან მათ ცოლები არ ჰყავთო.
- ყველაზე მრავალრიცხოვანი როდის ვიყავით ქართველები? - მე-12 საუკუნესა და მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში. 1254 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის მიხედვით 8 მილიონი კაცი ცხოვრობდა, მერე კი ეს მაჩვენებელი მცირდებოდა და მცირდებოდა. 1800 წელს საქართველოში 675 000 კაცი აღირიცხებოდა. 1814 წელს ეს ციფრიც განახევრდა და მთელი მოსახლეობა 400 000 კაცს შეადგენდა.
- რა იყო მკვეთრი კლების მიზეზი? - 1811-1813 წლებში შავი ჭირის ეპიდემიამ მუსრი გაავლო საქართველოს. ბაგრატ და ვახტანგ ბატონიშვილები წერენ, "დიდროვანი სოფლები განახევრდაო". უნდა ვიანგარიშოთ, რომ ამ 400 ათასიდან დაახლოებით 250 000 იყო ქართველი. გამოდის, კომუნისტური ბატონობის ბოლოს, 1989 წელს, ქუთაისში იმდენი კაცი ცხოვრობდა, რამდენიც შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ მთელ საქართველოში.
- როგორ დავძლიეთ ეს პრობლემა? - ილია წერს, მოისვენა ქართველმა ხალხმა, აღარ იყო ხმლის ჟღარუნი, თოფის სროლა, შიში, რომ ვინმე ქართველს მოიტაცებდაო. რაც მთავარია, ლეკიანობა და ტყვეთა გაყიდვა აღარ იყო. სტამბოლისა და ახალციხის ბაზრებში იყიდებოდნენ ქართველი ტყვეები. ამიტომ ამბობს ჩარლზ დარვინი, სპარსელების სისხლი გაკეთილშობილებულია ქართველებისა და ჩერქეზების სისხლითო. მერე ეს საშიშროება მოისპო, მოსახლეობას პირობები გაუუმჯობესდა.
1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რომლის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა უკვე 2 მილიონ 109 ათასს შეადგენდა, აქედან ქართველი მილიონ 351 ათასი იყო.
- მე-20 საუკუნეში როდის დაიბადა ყველაზე მეტი ბავშვი? - ყველაზე მაღალი შობადობა იყო 1961 წელს - 104 ათასი ბავშვი დაიბადა.
- როგორ შეიძლება დავძლიოთ დემოგრაფიული საფრთხე? - საჭიროა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა, რაც ძალიან ძვირი ჯდება. უნდა შედგეს დემოგრაფიული კომისია, შემუშავდეს დემოგრაფიული განვითარების სახელმწიფო პროგრამა და დაინერგოს. ამისთვის საჭიროა მთავრობის ნება. ერმაც უნდა გაითავისოს, რომ თავი უნდა გადაირჩინოს. თუ დროზე არ გავატარეთ ეს პოლიტიკა, მერე მილიონები ან თუნდაც მილიარდები რომ დავხარჯოთ, შედეგი აღარ გვექნება. სხვა გამოსავალი არ არის. ხომ ხედავთ - 1989 წელს 5 მილიონ 400 ათასი ვიყავით, დღეს კი საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 700 ათასია.