"ეს ყველაფერი არის ბოდვა" - ხატია დეკანოიძე ლობისტური კომპანიების საკითხზე მამუკა მინარაძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი არის ბოდვა" - ხატია დეკანოიძე ლობისტური კომპანიების საკითხზე მამუკა მინარაძეს პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯის" შორის გაფორმებულ დოკუმენტზე არა ბათუ ქუთელიას, არამედ ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერაა.

დეკანოიძემ "ქართულ ოცნებას" გაკოტრებული ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მწვავე შეფასებების გადაფარვას ისახავს მიზნად.

"ამ გაკოტრებულ ძალას, რომელსაც ჰქვია "ქართული ოცნება" არავითარი პოზიტივი აღარ დარჩა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ახლა სრული ბოდვით ცდილობენ გადაფარონ ის ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან.

ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", წარმოდგენილია ბატონი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა, მე წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბათუ ქუთელიას არავითარი ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის, აქ არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა. ამიტომ ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა და მხოლოდ გადასაფარად იმ შემაშფოთებელი განცხადებების, რომელსაც ჩვენ ვისმენთ",- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, "ქართული ოცნება" ლობისტურ კომპანიას 2 მილიონ დოლარს უხდის.

"ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი იხდის ხალხის ფულს - 2 მილიონ დოლარს, ეს არის კონტრაქტი, რომელშიც არაფერი წერია, მათ შორის არც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, არც საქართველოს დეოკუპაციაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს 2 მილიონი დოლარი იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში და მე მაინტერესებს, "ქართული ოცნების" ამხანაგებო, რაში სჭირდება ხელისუფლებას ლობისტური კომპანია ვაშინგტონში, როდესაც ამხელა საელჩო გაქვთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე მუშაობს აშშ-ში და ელჩი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, ამიტომ, როდესაც ბატონი მდინარაძე ისაუბრებს ოროსანივით ტყუილებზე, ურჩევნია, დაფიქრდეს იმაზე, თუ რაში იხარჯება ჩვენი მოქალაქეების ფული, მაშინ, როდესაც ადამიანები ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯის" შორის გაფორმდა კონტრაქტი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.