რას წერს და როგორ პასუხობს ბათუ ქუთელია მამუკა მდინარაძეს ლობისტური კომპანიების საკითხზე "ფეისბუკში"?
მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მისი საქმიანობა არის "ღია და გამჭვირვალე".
"საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:
ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია "ორიონ სტრატეგი". ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, "ორიონ სტრატეჯი" გააკეთებს დამატებით განმარტებებს.
ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განვლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან.
მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.
რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გადაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest -ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში", - წერს ქუთელია.
ცნობისთვის, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯის" შორის გაფორმდა კონტრაქტი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.
"ინტერპრესნიუსი"