"დიახ, ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ - ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა"
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც არჩილ თალაკვაძე გაერთიანებულ ოპოზიციას პიკეტოლოგიის სპეციალისტებს უწოდებს და ქვეყნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება.
ოპოზიციონერი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას "ქართული ოცნების" დამახასიათებელ ცინიზმს უწოდებს და ქვეყნის მთავარ დესტრუქციულად მმართველ გუნდად მოიხსენიებს.
"ჩვენ ყველაფერში ძალიან მაგარი პროფესიონალები ვართ, ყველაზე მაგარი პროფესიონალები გვყავს ქვეყნის აღმშენებლობაში. ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვავითაროთ და დავამარცხოთ უმუშევრობა. რაც შეეხება იმ ცინიზმს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ახასიათებს, ვუპასუხებდი, რომ თვითონ არიან დესტრუქციულები. სწორედ ამ დესტრუქციის გამო საერთაშორისო ასპარეზზე კატასტროფული შეფასებებია პერსონალურად მათთან და "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში. დასავლეთისთვის და მთლიანად საქართველოსთვის მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნება" გახდა თავისი მთელი ლიდერებით, რომლებიც იქ არიან. ჩვენ საქმის კეთება გვინდა, მათ კი სკამების შენარჩუნება -აი, ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ფიქრობდნენ, რომ ოპოზიციას აგრესიაზე წამოგვიკიდებდა", - განაცხადა ვაშაძემ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია მართლაც "ძალიან მაგარია" მშვიდობიან, არაძალადობრივ წინააღმდეგობის პროცესში.
"ნოემბრიდან წამოვიწყეთ სრულიად ახალი შინაარსის მატარებელი განსხვავებული მიდგომა და სწორედ ამიტომ, ჩვენს პროტესტს დიდი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი თავდასხმებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით ცდილობდნენ ჩვენ ჩავეთრიეთ პერსონალურ და ფიზიკურ ძალადობაში, ამას არ ავყევით და ჩვენი ძალაც სწორედ ამაშია. დიახ, ჩვენ აქ ძლიერები ვართ, იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და ძალიან კარგად ვიცით, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი მათგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავის კორუფციულ ფულზე და სკამებზე ფიქრობენ. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა". ასე თვლის უკვე საზოგადოება და რაც მთავარია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასეთი მკაცრი სწორედ ამიტომ არიან შეფასებებში. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ყველაზე მეტად სწორედ საარჩევნო ურნის ეშინიათ, ეშინიათ იმის, რომ ხალხი მივა და მათ გადაირჩევენ. თაღლითობენ იმისათვის, რომ როგორმე საარჩევნო ურნა თავისი მაქინაციებით ჩაანაცვლონ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვათ. პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუცია უნდა იცოდეს, რომლითაც მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ინტერპრესნიუსი"