"სად ვენახი და სად - პუტინი?" - რას გაუგებ ხუბუტია-პუტინის სიყვარულს? - კვირის პალიტრა

"სად ვენახი და სად - პუტინი?" - რას გაუგებ ხუბუტია-პუტინის სიყვარულს?

ხათუნა ჩიგოგიძის ბლოგი

კაცი, რომელმაც  ქართველებს კორონავირუსი დაავიწყა

გასული კვირის ყველაზე უჩვეულო და სახალისო მოვლენებს თუ გადავხედავთ: ალბათ ვერავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ ამ დღეებში ლაგოდეხის მერმა - ჯონდო მდივნიშვილმა, ყველა რეკორდი მოხსნა - ის ერთბაშად იქცა "ვარკვლავად" ერთი პატარა შეცდომის გამო: მდივნიშვილმა ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის დაგებას ვერ მიუსწრო და თანამშრომლებს სთხოვა, ფოტოსურათში მისი გამოსახულება ფოტოშოპით ჩაესვათ. მათაც, დავალება "პირნათლად" შეასრულეს და მერიის ვებგვერდზე ატვირთეს ფოტო, სადაც მერი ორსართულიან სახლებზე უფრო მაღალი და ახოვანი ჩანდა. როგორც კი სიმართლე გამჟღავნდა, მერიის თანამშრომლებმა ფოტო წაშალეს, მაგრამ ეს ამბავი "ფეისბუკით" გავრცელდა და ყველა ძალიან გაახალისა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ მერს უამრავი დამცველი გამოუჩნდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჯონდო მდივნიშვილი ძალიან კარგი ადამიანია, რომ ლაგოდეხში ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ქილიკისთვის არ უნდა გაემეტებინათ, მაგრამ მისი გაშარჟებული ფოტოები საზოგადოებამ მაშინვე აიტაცა. ზოგი ჭირია მარგებელიაო და, ჯონდო მდივნიშვილი კორონავირისისგან დამფრთხალ ჩვენს მოსახლეობას გაჭირვების ტალკვესად მოევლინა: "ფეისბუკს" ცოტა ხნით მაინც დაავიწყდა ლამაზი ჩინელი გოგონები, რომლებიც სიამოვნებით ახრამუნებენ გველებს და ღამურებს და რომ მსოფლიოს საშიში ვირუსი ემუქრება... უფრო მეტიც, ჯონდო მდივნიშვილმა ქართველებს ჩინური ვირუსი კი არა, "იდუმალი" ეუთო-ოდირის დასკვნა და შოთაძის "მეორედ მოსვლაც" კი დაავიწყა

სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?!"

გასულ კვირაში კიდევ ერთი ამბავიგახდა ცნობილი: პრორუსი ბიზნესმენი, "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მიწებს ყიდულობს. ხუბუტია რუსეთის მოქალაქეა და ჩვენი კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა საქართველოში არ შეუძლია, ამიტომ, ქონება ცოლის დის სახელზე აქვს გაფორმებული. ხუბუტიას თქმით, ის არა მარტო რუსეთის, არამედ - დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა. "ჩემი ფული ჩამომაქვს და ყველაფერს ჩემი ფულით ვაკეთებ. მართალია, სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა არ შეუძლია იმას, ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის, მაგრამ მფლობელი ჩემი მეუღლის დაა და მე ვეხმარები - გაწყობთ ასე?" - ჰკითხა მან ნაფარეულში ჩასულ "დაუპატიჟებელ სტუმრებს" - ჟურნალისტებს. ბიზნესმენი ყველაზე მეტად რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და ამ შეკითხვის ავტორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. "რა ომი, რის ომი? პუტინს ახლაც ვაქებ... მე ვის ვაქებ, რა თქვენი საქმეა, სად ვენახი და სად - პუტინი? სად პუტინი და სად - სააკაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს?!" - იმეორებდა გაცხარებული ხუბუტია და თავის "სიყვარულს" (თუ კერპს?) როგორც შეეძლო, ისე იცავდა. ხუბუტიას მსგავსი ქართველების დასამშვიდებლად კი, ვიტყვით, რომ კრემლში საჯარო შეხვედრებზე მისულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურას გაუზომავენ, თუ ამ შეხვედრას პრეზიდენტიც დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა ანტონ ჟელნოვმა გაავრცელა. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით კი, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ასე რომ, "ჩინური ვირუსი", ან სხვა საფრთხე მათ კერპს არ ემუქრება!

პ.ს. როდესაც კოლექტიურ "ხუბუტიას" ვუსმენ, მაშინვე მახსენდება ბანალური გამონათქვამი - სიყვარული ყრუ და ბრმააო, თუმცა, მათ მდგომარეობას ნოდარ დუმბაძის უკვდავი სიტყვები უფრო მიესადაგება: "სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?! მით უფრო პუტინის სიყვარულს..."