"კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში" - რა აცხადებს არჩილ თალაკვაძე? - კვირის პალიტრა

"კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში" - რა აცხადებს არჩილ თალაკვაძე?

ამერიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა საარჩევნო მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. მისი თქმით, ამერიკაში მმართველი გუნდის წევრების ვიზიტი საქართველოს აუცილებლად გამოადგება.

თალაკვაძის განცხადებით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

"შევხვდი კონგრესის წევრებს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ბიზნეს-სექტორს. ვთვლი, რომ ეს სამუშაო ვიზიტი ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება. კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკა ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ევროატლანტიკურ დღისწესრიგს, საქართველოს განვითარებას, ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ში. რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი თითოეულ საკითხზე და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძიერებას. ამერიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა საარჩევნო მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"